„შენ ჩემს კარზე დააკაკუნე“ ბევრისთვის, ალბათ, უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი სერიალია. თუკი მის შესახებ არაფერი გსმენიათ, სოციალურ ქსელში ერთხელ მაინც გადააწყდებოდით მისი მთავარი გმირების, ქერემისა და ჰანდეს ურთიერთობის შესახებ დისკუსიასა და მსჯელობას. ქერემ ბურსენისა და ჰანდე ერჩელის ცხოვრება მაყურებლისთვის ეკრანს მიღმაც საინტერესო აღმოჩნდა და საუბრები იმის შესახებ, რომ ეკრანული წყვილს რეალურადაც უყვარს ერთმანეთი, არ წყდება.

მანამ, სანამ მსახიობების შესახებ სიმართლეს გავიგებდეთ, ქართული „ტიკ-ტოკის“ მომხმარებლები ქართველი ქერემისა და ჰანდეს შესახებ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სოსო მალანია და სალომე ფაცია ძალიან ჰგვანან თურქ ვარსკვლავებს. ვიზუალურად მსგავსება ნამდვილად შეინიშნება, თუმცა ეს არ არის ერთადერთი, რაც სალომესა და სოსოს ქერემსა და ჰანდესთან აკავშირებთ.


მსგავსად ჰანდესა და ქერემისა, გამომწერები სოსო მალანიასა და სალომე ფაციასაც ხშირად ეკითხებიან პირადი ცხოვრების შესახებ: „ერთად ხართ?“, „ძალიან ლამაზი წყვილი ხართ“, „უხდებით ერთმანეთს“ - წერენ კომენტარებში. როგორც თავად სალომე და სოსო ამბობენ, ისინი მხოლოდ მეგობრები არიან და ვიდეოებსაც გასართობად იღებენ.


სოსო მალანია „ტიკ-ტოკისა“ და „ინსტაგრამის“ მომხმარებლებისთვის გასულ წელს გახდა ცნობილი, როცა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს, სახლში ყოფნისას, დასთან, ლიზა მალანიასთან ერთად სახალიხო ვიდეოების გადაღება და გამოქვეყნება დაიწყო. მას „ტიკ-ტოკზე“ 79 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
