თუ კოღოებთან ქიმიური საშუალებებით ბრძოლის წინააღმდეგი ხართ ან ამგვარი პრეპარატი უცაბედად ხელთ არ აღმოგაჩნდათ, კარგად ნაცადი ხალხური საშუალებები გიშველით. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.
თუ კოღომ მაინც გიკბინათ
უპირველეს ყოვლისა, ნაკბენზე რაიმე ცივი მიიდეთ - ეს სწრაფად მოგიხსნით ქავილს და ნაკბენიც ნაკლებად შეგისივდებათ.
ნაკბენზე სპირტის შემცველი ხსნარი, მაგალითად, ოდეკოლონი ან წყალში გახსნილი საკვები სოდა წაისვით. იგივე ეფექტი ექნება კბილის პასტასაც.
თუ მიღებული ზომების შემდეგ შესივებული ადგილი არ დაცხრა, ანტიჰისტამინური პრეპარატი ან ალერგიის საწინააღმდეგო მალამო წაისვით.
შეეცადეთ, ნაკბენი ადგილი არ მოიქავოთ. ამან შეიძლება, მეტი გაღიზიანება გამოიწვიოს.
კოღოები ვერ იტანენ და უფრთხიან მიხაკის, კედრის, ანის და ევკალიპტის არომატებს. თუ ხელთ გაქვთ რომელიმე მათგანი, წაისვით სხეულის ღია ნაწილებზე და სისხლისმწოველი მწერებიც გარკვეული დროით თავს დაგანებებენ.
შეგიძლიათ, აგრეთვე, ზემოაღნიშნული მცენარეების ზეთი ბამბის ნაგლეჯებზე ან ქსოვილის ნაჭრებზე წაუსვათ და ოთახში დაალაგოთ.
გამხმარი გვირილა - ეს კიდევ ერთი საშუალებაა კოღოების წინააღმდეგ. ტილოს ტომსიკაში მოათავსეთ დაქუცმაცებული გამხმარი გვირილის ყვავილი და თან ატარეთ. ადამიანისთვის გვირილა უვნებელია, კოღოებს კი ნერვულ უჯრედებს უზიანებს.
კოღოებს ასევე აფრთხობს თამბაქოს, ღვიის ტოტების, ნაძვისა და ფიჭვის გირჩების კვამლი. ასე რომ, ლაშქრობაში ყოფნისას ჩააგდეთ კოცონში ორი-სამი გირჩა და ხუთი მეტრის დიამეტრში კოღო არ მოგეკარებათ.
კარბოლმჟავაც საუკეთესო საშუალებაა აბეზარი მწერების წინააღმდეგ. მიაპკურეთ ხსნარი საძინებელ ოთახში კედელს, რომელთანაც საწოლი დგას. სუსტი ხსნარი ხელებსა და სახეზეც წაისვით და მშვიდად დაიძინეთ, კოღოები არ შეგაწუხებენ. იგივე მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ ქალაქგარეთ, მაგალითად, სათევზაოდ წასვლისას.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)