ირაკლი ნოზაძისა და ია დუდაშვილის 5 წლის ქალიშვილს, ნიაკო ნოზაძეს, ალბათ, ძალიან ბევრი იცნობს, სოციალურ ქსელში მას გულშემატკივრების ურიცხვი არმია ჰყავს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნიაკოს გამართულად საუბარიც კი არ შეეძლო, მისი ვიდეოები ვირუსულად ვრცელდებოდა როგორც „ფეისბუკზე“, ისე „ინსტაგრამსა“ და „იუთუბზე“. როგორც ნიაკოს დედა ია დუდაშვილი აღნიშნავს, მას შვილის პოპულარობაზე არასდროს უფიქრია, პატარა ვარსკვლავმა კი ხალხს თავი საკუთარი პოზიტიურობითა და უშუალობით შეაყვარა.
პოპულარულ ნიაკოს არანაკლებ ცნობილი და პოპულარული მამა ჰყავს. ირაკლი ნოზაძე ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალია. მისი მეუღლე ია დუდაშვილი კი პროფესიით ფსიქოლოგია. წყვილმა ერთმანეთი 6 წლის წინ, საერთო ნაცნობების გარემოცვაში გაიცნო. როგორც ირაკლი ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ამბობდა, მომავალმა მეუღლემ მისი ყურადღება პირველივე დანახვისას მიიქცია, იას კი ირაკლი ბავშვობიდან მოსწონდა. გაცნობის შემდეგ მათ მალევე დაიწყეს ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში ერთად ხშირად ჩნდება, მათ ცხოვრებაშიც იყო რთული მომენტები: „იყო პერიოდი, როცა 2 წლის განმავლობაში ჩვენ დაშორებულები გვერქვა, მაგრამ მაინც თითქოს ერთად ვიყავით. შემდეგ კი მოხდა გარდატეხა - ორივემ გადავაფასეთ ღირებულებები. ამბიციები, სიამაყე და ეგოიზმი უკანა პლანზე გადავიდა“ - ამბობს ია.
ირაკლი ნოზაძესა და ია დუდაშვილს ერთი წლის წინ მეორე შვილი, დანიელი შეეძინათ. ნიაკოს ძმა ჯერ ძალიან პატარაა, თუმცა გამომწერების მხრიდან თბილ კომენტარებსა და კომპლიმენტებს უკვე იღებს.
5 წლის ნიაკომ უკვე არაერთ გადაღებასა და ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა და მისმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურებაც დაიმსახურა. აპირებს თუ არა ნიაკო მოდელობას, ჯერ გადაწყვეტილი არ არის: „რაც თვითონ ენდომება და რისი კეთებაც სიამოვნებას მიანიჭებს, ჩვენ ამ ყველაფერში ხელს შევუწყობთ“ - ამბობენ მშობლები. გარდა ფოტოსესიებისა, ნიაკო აქტიურადაა დაკავებული ინგლისური ენის შესწავლით და შემეცნებით ვიდეოებს საკუთარ „ინსტაგრამგამომწერებსაც" ხშირად უზიარებს.
ირაკლი ნოზაძისა და ია დუდაშვილის ოჯახი ბევრისთვის სამაგალითოა. ისინი სიციალურ ქსელში ყოველდღიურად უამრავ კომპლიმენტს იღებენ. გამომწერები ხშირად წერენ იმასაც, რომ ნიაკო ნოზაძემ ხალხის სიყვარული სწორედ მშობლების სწორი აღზრდის წყალობით მოიპოვა. ირაკლი და ია კი აღნიშნავენ, რომ წლებთან ერთად მათი სიყვარულიც იზრდება და შვილები ამ გრძნობას კიდევ უფრო აძლიერებენ.