2017 წელს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენისა და ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია ბენდუქიძე გათხოვდა. მისი რჩეული ასევე ბიზნესმენი ივანე მხეიძე გახდა. ანასტასიას მეუღლემ, ივანე მხეიძემ რუსეთში საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ანასტასია კი ფიქრობს, რომ მამა მის არჩევანს აუცილებლად მოიწონებდა, რადგან თვლიდა, რომ ფიზიკოსები ჭკვიანი ხალხია. წყვილმა ქორწილი საბერძნეთში, მეგობრებისა და ახლობლების თანხლებით გადაიხადა.


2020 წელს ანასტასიასა და ივანეს შვილი შეეძინათ და მათი ცხოვრებაც შეიცვალა. „6 წლის განმავლობაში, 13 ნოემბერი კალენდარში ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემთვის. ეს იყო დღე, როდესაც კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა და მე სამუდამოდ დავკარგე ჩემი გულის ნაწილი. ბედის ირონია, ეს მაშინ გავიფიქრე, როდესაც ექიმმა შვილის დაბადების თარიღად 13 ნოემბერი დამისახელა. ჩემმა ბიჭმა გადაწყვიტა, 3,5 საათით ადრე მოვლინებოდა სამყაროს. ასე რომ, 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ალექსანდრე მხეიძე დაიბადა. 2014 წლის 13 ნოემბერს ჩემი გულის ნაწილი დავკარგე, მაგრამ 6 წლის შემდეგ, ჩემი გული აივსო სიყვარულითა და სიხარულით. დარწმუნებული ვარ, კახა თვალყურს გვადევნებს და შვილიშვილს უღიმის” - წერდა კახა ბენდუქიძის ქალიშვილი.

ანასტასია სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს მაინც უზიარებს. „ჩემი სააღდგომო ბაჭია“ - სწორედ ამ წარწერით გამოაქვეყნა მან შვილის ფოტო რამდენიმე დღის წინ. პატარა ალექსანდრემ უამრავი თბილი კომენტარი და კეთილი სურვილი დაიმსახურა.

როგორც ჩანს, ანასტასია საყვარელ მამაკაცზე თავდავიწყებითაა შეყვარებული და საკუთარ „ინსტაგრამგვერდზეც“ ხშირად უძღვნის რომანტიკულ წერილებს. „მე შენ უბრალოდ ძალიან მიყვარხარ. შენთან შეხვედრა ლატარიაში მოგებას ჰგავს. შენ ხარ საუკეთესო რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში ოდესმე მომხდარა. მადლობა, რომ ასე გიყვარვარ და მხარს მიჭერ ყველა გიჟურ წამოწყებაში“ - წერს ის. თანაცხოვრებიდან ერთი წლის თავზე ანასტასიამ ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა და მეუღლეს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა: „შენზე იმიტომ დავქორწინდი, რომ ჭკვიანი, მხიარული და მშვიდი ხარ (2 წლის განმავლობაში ჩემთვის ერთხელაც არ დაგიყვირია?!). შენ ისეთი ძლიერი სიყვარული მასწავლე, როგორსაც ვერც კი წარმოვიდგენდი. ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარდები და ერთი სული მაქვს, გავატარო მომდევნო წელი, დეკადა და საუკუნე შენთან ერთად!“


ანასტასია ბენდუქიძე მოსკოვში 1990 წელს დაიბადა, განათლება კი ინგლისში მიიღო. საქართველოში პირველად მამის დაკრძალვაზე ჩამოვიდა და საზოგადოებამაც სწორედ მაშინ გაიცნო. ანასტასიამ სასამართლოს გზით მოახერხა, რომ მამის მემკვიდრედ ეღიარებინათ და დღეს ის კახა ბედუქიძის დაწყებულ საქმეს აგრძელებს.
