ამერიკელი კომიკოსი და ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი ჟურნალისტურ კარიერას ასრულებს, "ელენის შოუ" იხურება. 18 სეზონი, ათასობით ეპიზოდი და მილიონობით მაყურებელი, ელენ დეჯენერესი წლების განმავლობაში შექმნილ ლეგენდარულ შოუს ტოვებს. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, მას ცხოვრებაში რაღაც ახალი სჭირდება.
"რამდენიმე კვირის წინ ტელეეკრანებზე რიგით მესამიათასე ეპიზოდის გაშვება აღვნიშნეთ. დიახ, ეს ბევრია. დღეს მინდა პატარა განცხადება გავაკეთო: შემდეგი სეზონი, მე-19 სეზონი ბოლო იქნება. მინდა იცოდეთ, რომ გასულმა 18-მა წელმა ჩემი ცხოვრება შეცვალა, თქვენ ყველამ შეცვალეთ ჩემი ცხოვრება. ყველა იმ ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც გვიყურებდით, ცეკვავდით და ჩვენთან ერთად იცინოდით. ეს შოუ ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო..." - თქვა ელენმა მე-18 სეზონის გახსნისას.
"როდესაც კრეატიული ადამიანი ხარ, მუდმივად ისეთ გამოწვევებს ეძებ, როგორიც იყო ეს შოუ. ჩემთვის ის გამოწვევა აღარ არის. ამიტომ რაღაც ახალი მჭირდება" - აღნიშნა ელენმა ჰოლივუდ რეპორთან საუბარში.
2018 წელს დეჯენერესმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ შოუს დახურვა ოდესმე აუცილებლად მოუწევდა და როდესაც მისი ინტერვიუები და სიუჟეტები ათასობით დაგროვდებოდა, ამ ნაბიჯს გადადგამდა. როგორც ჩანს, ტელეწამყვანმა საბოლოოდ გადაწყვიტა, გრანდიოზული, ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი "ელენის შოუ" დახუროს.
წინა წლები ელენისთვის რთული აღმოჩნდა. ტელეწამყვანმა პირველად ისაუბრა იმ რთულ გარემოზე, რომელიც ტელევიზიაშია და რომლის გაძლება მას წლები უწევდა. როგორც თვითონ ამბობს, კარიერამ და სირთულეებმა ის დაანგრია. ტელევიზიის ტოქსიკური გარემო ამერიკელი ტელეწამყვანისთვის აუტანელი გახდა.
"როგორც ადრე ვთქვი, ტელევიზიაში ყველაფერი დანგრეულია, სისტემა სხვანაირად მუშაობს, თუმცა ეს არაფერ შუაშია იმ მიზეზთან, რის გამოც გადაცემას ვტოვებ. მე მაინც სიამოვნებით გავაკეთებდი გადაცემას, არცერთი მაყურებელი რომ არ მყავდეს, თუმცა ახლა ეს გადაწყვეტილება მივიღე" - ამბობს ელენი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ელენ დეჯენერესმა ამერიკის მედიის ისტორიაში დიდი ცვლილება მოახდინა. ის არის პირველი ქალი ლესბოსელი, რომელმაც თავისი ორიენტაცია პირდაპირ ეთერში აღიარა და ამის მიუხედავად, მაყურებელთა დიდი მხარდაჭერა და გვერდში დგომა დაიმსახურა.
1997 წელს, როდესაც ელენი გადაცემას წერდა, მამაკაცის სამოსში ჩაცმული ეკრანზე გამოჩნდა და თქვა: "დიახ, მე ლესბოსელი ვარ". მაშინ იფიქრა, რომ მისი კარიერა დასრულდა, თუმცა ამერიკელმა მაყურებელმა ელენი ისეთი მიიღო, როგორიც არის, მისი ორიენტაციის მიუხედავად. დეჯენერესმა მილიონობით გულშემატკივარი შემოიკრიბა და ამერიკულ მედიაში დიდი სიტყვაც თქვა.
ეკრანზე გამოჩენის შემდეგ მის ცხოვრებაში ავსტრალიელი მსახიობი და ფილანტროპი პორტია დე როსი გამოჩნდა. პორტია და ელენი უკვე 13 წელია ქორწინებაში არიან. მათ რამდენიმე შინაური ცხოველი ჰყავთ.