„ევროვიზია 2021“ მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შოუა, რომელიც კოვიდპანდემიის პირობებში ცოცხლად ჩატარდება. მას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 200 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს: „ჩვენ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ნორმალურ მდგომარეობას. „ევროვიზიის“ კვლავ გაუქმება ჩვენს გეგმებში არ შედის“ - ამბობს კონკურსის აღმოსარულებელი ხელმძღვანელი მარტინ ოსტერდალი.
როგორც ცნობილია, 2020 წელს „ევროვიზიის“ კონკურსი მსოფლიოში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო გაუქმდა. კონკურსის პირობების მიხედვით კი, მონაწილეებს უკვე გაჟღერებული სიმღერების მომავალ წელს შესრულება აეკრძალათ. 2021 წლისთვის მონაწილე 39 ქვეყნიდან 26-მა ახალი კანდიდატი წარადგინა. როგორც ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ნუმენი ამბობს, კონკურსის გაუქმებისთანავე გადაწყვიტა, რომ მონაწილეობის მიღება მომდევნო წელსაც სურდა: „ევროვიზიისთვის“ მზადების პერიოდში ძალიან კარგ დროს ვატარებდი, ჩემი საბოლოო მიზანი კი სცენაზე გასვლა და გამარჯვებაა“ - თქვა ჯეიმსმა. მონაწილეთა უმეტესობა როტერდამში, რეპეტიციებზე, ერთ კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა და ისინი მკაცრ მითითებებს ემორჩილებოდნენ: „ვცდილობთ, ძალიან ფრთხილად ვიყოთ. ყველა იცავს დისტანციას და დადგენილ წესებს“ - ამბობს საბერძნეთის წარმომადგენელი სტეფანია.
ადგილზე მყოფებისთვის ტესტირების გავლა ყოველ 48 საათში სავალდებულოა. კონტროლი განსაკუთრებით გამკაცრდა მას შემდეგ, რაც პოლონეთისა და ისლანდიის დელეგაციის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ერთმანეთთან ფიზიკური კონტაქტი არ აქვთ, სიფრთხილის მიზნით, იმავე სასტუმროში მყოფი მალტისა და რუმინეთის ჯგუფი იზოლაციაში გადავიდა.
დღეს, 17 მაისს, „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა ამ ფაქტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ პოლონეთისა და ისლანდიის დელეგაციების დანარჩენ წევრებს ვირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა ისინი კვლავ გააგრძელებენ იზოლაციაში ყოფნას მანამ, სანამ კიდევ ერთხელ არ ჩაიტარებენ ტესტს კონკურსის ნახევარფინალის წინ: „ყველა აკრედიტებულ პიროვნებას სავალდებულო წესით უტარდება კოვიდ-19-ის ტესტი და ისინი საქმიანობას მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში აგრძელებენ. კონკურსის განმავლობაში ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება ღონისძიების სამედიცინო გუნდისა და ერასმუს სამედიცინო ცენტრის ექსპერტების რეკომენდაციებს“ - წერია განცხადებაში.