რეჰანი ნაზი, სითბოს მოყვარული მწვანილია. შუა საუკუნეების "სააქიმო წიგნებში" მას სასწაულმოქმედ მცენარედ მოიხსენიებენ. ძველი წყაროების თანახმად, თურმე რეჰანი ძლიერ აღვივებდა ვნებას, მის ფხვნილს კი შაკიკიანი ავადმყოფები ყნოსავდნენ. რეჰანის საუცხოო სურნელი და გემო მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა, მის სასარგებლო თვისებებს კი P ვიტამინისა და A პროვიტამინის მარაგი განაპირობებს. რეჰანს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ხსნის თავის ტკივილს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, შველის უძილობას.
ექსპერტების აზრით, რეჰანი უნიკალური მცენარეა. პოტენციურად მას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. მცენარეს ასევე აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის ინფექციებს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანისა და თმისთვის.
იმისათვის, რომ ზამთრის პერიოდში ორგანიზმი დავიცვათ გაციებითი დაავადებებისგან და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტისგან, ექსპერტები გვთავაზობენ, რეჰანი (გამხმარი და დაფქული) შევურიოთ კრისტალურ შაქარს და ყოველდღე მივიღოთ.
მცენარე ამცირებს ტკივილის (მათ შორის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებით პროვოცირებული), ღებინების შეგრძნებას.
ლალი ჩხიკვაძე
წყარო: mkurnali.ge