The Voice - ამერიკული რეალითი-შოუ რამდენიმე წელია, წარმატებით მიმდინარეობს აშშ-ში. შოუ პირველად ნიდერლანდებში ერთ-ერთი ტელევიზიის პროდიუსერებმა კარსონ დეილიმ და ელისონ ჰაისლიპმა დადგეს.
აშშ-ის შოუში გამარჯვებული 100 000 დოლარს იღებს ჯილდოდ და კომპანია Universal Republic-თან კონტრაქტს აფორმებს. კრისტინა აგილერა, ბლეიკ შელტონი, სი ლო გრინი და Maroon 5-ის ვოკალისტი ადამ ლევაინი - ჟიურის ენაწყლიანი და ყველაზე ემოციური წევრები არიან.
ეს არის ერთადერთი შოუ, სადაც ჟიური სოლიდური ფულადი პრემიით ჯილდოვდება, თავისი კონკურსანტის გამარჯვების შემთხვევაში.
შოუ სამი ფაზისგან შედგება: ბრმა მოსმენა, რინგი და ცოცხალი შესრულების შოუ. ჟიურის ოთხივე წევრი (მწვრთნელი) ცნობილი მუსიკოსები არიან. ისინი კონკურსანტებისგან საკუთარი ჯგუფის წევრს აუდიენციის, ე. წ. ბრმა მოსმენის შედეგად ირჩევენ.
ჟიურის თითოეულ წევრს დაახლოებით ერთი წუთი აქვს მოსასმენად და იმისათვის, რომ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ესა თუ ის მონაწილე თავის ჯგუფში, რომელშიც 12 მონაწილე ეყოლება. ამის მერე კონკურსანტის მიმართ ზურგშექცევით მჯდომი ჟიური აჭერს ხელს საკუთარ სავარძელთან მოთავსებულ ღილაკს: "მე გირჩევ შენ!" და მომღერლისკენ შეტრიალდება.
თუ დაემთხვა და ჟიურის რამდენიმე წევრმა აირჩია მონაწილე, მაშინ კონკურსანტი თავად ირჩევს ჟიურის ოთხი წევრიდან ერთ-ერთს, რომელიც მთელი შოუს განმავლობაში მისი გულშემატკივარი და ხელმძღვანელი იქნება. შემსრულებლების თითოეულ ჯგუფს ცნობილი მომღერლები, იგივე ჟიურის წევრები ხელმძღვანელობენ და სწორედ ისინი ზრუნავენ საკუთარი ჯგუფის წევრების განვითარებაზე.
რეალითი შოუ The Voice უკვე 25 ქვეყანაში წარმატებულად მიმდინარეობს. წელს საქართველოც შეუერთდება მათ და ტელეკომპანია "იმედი" შემოგვთავაზებს შოუს სახელწოდებით "საქართველოს ხმა".
ცნობილია, რომ ქართული რეალითი-შოუს ჟიურის წევრები და მწვრთნელები იქნებიან ქართული ესტრადის ვარსკვლავები: მერაბ სეფაშვილი, დათო ფორჩხიძე, სტეფანე მღებრიშვილი, მაია დარსმელიძე და ნინო ჩხეიძე.
ამ ეტაპზე უცნობია, რა იქნება გამარჯვებულის პრიზი. კონკურსის პროდიუსერები ჯერჯერობით მხოლოდ იმას გვპირდებიან, რომ "ახალი ხმა" შტურმით აიღებს ქვეყნის მუსიკალურ ინდუსტრიას!
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ შოუს და ვნახოთ, რამდენად წარმატებული და სანახაობრივი იქნება ის საქართველოში. მანამდე კი ნახეთ ამერიკული The Voice პრომო.