კეროლ მიდლტონი დიდხანს ოცნებობდა სამეფო ოჯახთან დაახლოებაზე. ახლა კი 57 წლის ქალბატონი ერთმანეთის მიყოლებით ახორციელებს თავის გეგმებს.
პრინც უილიამის სიდედრმა საგვარეულო მამული იყიდა ბერკშირის საგრაფოში 4,7 მლნ გირვანქა სტერლინგად. რასაკვირველია, ამ მამულს არავითარი კავშირი აქვს მის წინაპარ მაღაროელებთან დარემის საგრაფოდან. თუმცა ეს ვის გაახსენდება 100 წლის შემდეგ.
სასახლეს ცუდი რეპუტაცია აქვს. ადგილობრივი მცხოვრებნი საშინელ ლეგენდას ჰყვებიან, რომელიც ამ ადგილებს უკავშირდება. თითქოსდა შუაღამისას იქ XVIII საუკუნის მშვენიერი არისტოკრატის, ფრენსის ვინჩკომბის მოჩვენება დაიარება.
მთლად თეთრებში შემოსილი ეტლს უზის, რომელსაც უთავო მსახურები დაჰყვებიან. მთელი ეს კომპანია სოფელ ბაკლებერისკენ მიემართება, რათა დიასახლისის მოღალატე ქმარ ვიკონტ ბოლინბროკზე იძიოს შური.
რასაკვირველია, ავიაკომპანია "ბრიტიშ აირვეიზის" ყოფილ სტიუარდესას ასეთი "წვრილმანით" ვერ შეაშინებენ. მას უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, ვიდრე მსგავსი ამბების მოსმენაა, მაგალითად, საგვარეულო გერბის შექმნა.
კეროლმა გერბი ლონდონში, ჰერალდიკის კოლეჯში შეუკვეთა. უკვე ამაყად წარმოადგინა კიდეც სიახლე - ოქროს ბეჭედზე დასმული. მისის კეროლი სწორედ ასე დაესწრო ასკოტის სამეფო დოღს, რომელსაც თვალი ადევნა სადედოფლო ლოჟიდან - ელისაბედ II-ის მეუღლეს ემასლაათებოდა.
ასეთ რამეზე, ალბათ, მხოლოდ ოცნებობდა ერთ დროს. ახლა კი მისმა იღბლიანმა ქალიშვილმა ეს ოცნება აუსრულა და დედოფლის ოჯახში "გარია".
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)