ქალბატონებს ყოველთვის აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება გარკვეული კონკრეტული თუ აბსტრაქტული საგნების მიმართ. ამ შემთხვევაში არც ფერებია გამონაკლისი, განსაკუთრებით, სამოსის ფერი.
მიუხედავად იმისა, თუ რა ფერი გაქვთ ამოჩემებული, თავიდან ფეხებამდე იმ ფერით ნუ შეიმოსებით. სამოსის სრულყოფილ სახეს მკვეთრი ან მსუბუქი კონტრასტები განაპირობებს.
მაგალითად, ავიღოთ ჩვენში გავრცელებული და საყვარელი შავი ფერი. ხომ წარმოგიდგენიათ, შავ ზედა-ქვედასთან შეხამებული იმავე ფერის აქსესუარები და თხელი ყელსახვევიც კი რა საშინელ სურათს დახატავდა?
სამაგიეროდ, შავი სწორედ ის ფერია, რომლის შეზავებაც ფერების უმრავლესობასთან შეიძლება. ფერადი სამკაული, ფეხსაცმელი, ჩანთა, ქუდი, ყელსახვევი, სათვალე და სხვა მრავალი აქსესუარი.
ამბობენ, რომ ჩვენი რჩეული ფერი ჩვენს შინაგან ბუნებას ასახავსო - მოკლედ ფერებზე:
• წითელი – გლობალური ცვლილებების ფერია, ჰმატებს სიმამაცესა და სექსუალურობას.
• ლურჯი – მზრუნველობისა და სიყვარულის ფერია, რომელიც მოდუნების საშუალებას იძლევა.
• ნარინჯისფერი – მდგრადობისა და ლიდერობის ფერია, ქალბატონს შემოქმედებითი პროცესის განვითარებაში ეხმარება.
• ყვითელი – ინტელექტის ფერია, რომელიც ეხმარება კონცენტრირებაში და თავდაჯერებულობას სძენს ნებისმიერ ქალბატონს.
• მწვანე – ჯანმრთელობისა და ფინანსური კეთილდღეობის ფერია, ქმნის ჰარმონიას.
• ცისფერი –რწმენისა და წარმატების ფერია, ეხმარება სულიერ აღმავლობას.
• მელნისფერი –გენიალურობისა და სულიერების ფერია, ამცირებს სტრესის დონეს
• შავი – ბოჰემური ფერია, იგი მგრძნობიარობის დაცვას უწყობს ხელს
• თეთრი – სისპეტაკისა და უმანკოების ფერია, ჯანსაღ აზრზე მოსვლას უწყობს ხელს.
• ყავისფერი – საიმედო ფერია, აქრობს პანიკას და შფოთს.
ნუ შეუშინდებით ფერებთან ექსპერიმენტებს, მით უმეტეს, რომ ყოველწლიურად საზაფხულო მოდა სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. გამოავლინეთ, სრულქმენით და გაახალისეთ თქვენი განწყობა.
,,სილამაზის კანონები ჰარმონიულობის კანონებს უკავშირდება"
- ძირითადი წესია სამი ფერის კომბინაცია: 70% - საბაზო ფერი, 20%- მეორე ფერი, 10% - აქცენტი
• სილუეტი ერთ რომელიმე ფერში უნდა იყოს დაბალანსებული. ის აღიქმება, როგორც დომინანტური ფერი, რომელსაც აირეკლავენ და ავსებენ დანარჩენები.
• თეთრი პერანგი ის სამოსია, რომელიც შეგიძლიათ შეუხამოთ როგორც ღია, ასევე მუქ, სადა და პრინტებიან ქვედატანს თუ შარვალს. ასევე, თეთრ პერანგსა და შარვალს ღია ფერის თხელი ჯემპრები, კარდიგანი, რთული თარგის ჟილეტები და აქსესუარები შეეფერება.
• საპირისპირო კონტრასტული ფერები ავსებენ ერთმანეთს, ხაზს უსვამენ ფერის სიღრმეს. ისეთი შეხამება, როგორიცაა ლურჯი და ნარინჯისფერი, ცისფერი და ვარდისფერი, წითელი და მწვანე, ყვითელი და იასამნისფერი, იდეალურად გამოიყურება და ნებისმიერ დროს გაგხდით გამორჩეულსა და ექსტრავაგანტურს.
• ჯამბაზის ეფექტის თავიდან ასაცილებლად ნუ გასცდებით სამ ფერს, თუმცა ზოგიერთი დიზაინერი არღვევს ამ კლასიკურ კანონს და საკმაოდ წარმატებულ ექსპერიმენტებსაც გვთავაზობს.
• ზაფხულში უპირატესობა ცივ ფერებს მიანიჭეთ. ისინი თვალსა და გულს ახარებს, სიგრილის და სიმსუბუქის განცდას გვძენს ზაფხულის ცხელ დღეებში და მზის სხივებს აირეკლავს.
• საზაფხულო სამოსი თბილ ტონებში უფრო მცხუნვარედ მოგვეჩვენება. ამიტომ მოერიდეთ მათ. ისევ და ისევ ცისფერი, თეთრი, მწვანე პასტელური ფერები დაიმეგობრეთ.
• საინტერესოდ გამოიყურება ერთი და იგივე ფერის სხვადასხვა შეფერილობის, მუქიდან ღიამდე გარდამავალი სხვადასხვა ტონი. ნეიტრალურ ფერებს ძალიან უხდება ყვავილოვანი პრინტები.
• თეთრი და შავი ბუნებაში გამორჩეულად თითქმის არ გვხვდება. ორივეს ძალიან უხდება შეწყვილებულად წითელი, ყვითელი, ლურჯი და იისფერი.
• ნაცრისფერიც ნეიტრალურია, ბევრ ფერს ეხამება და ულამაზეს კომბინაციებს ქმნის.
• მიუხედავად იმისა, როგორი პროპორციულიც არ უნდა იყოთ, ღია ფერი ყოველთვის ასუქებს. ამიტომ, თუ წონის პრობლემა გაქვთ, უმჯობესია, ღია ქვედაბოლოებსა და შარვლებს მოერიდოთ.
• ღია, ნათელი და ზოგჯერ მყვირალა ფერები იდეალურია ზედა სამოსისთვის. ისინი ანათებს თქვენს სახეს და მთლიანობაში, სამოსს.
• აქსესუარებს ყველაზე მეტად უხდება სიჭრელე და სიკაშკაშე, მაგრამ თუ ღია ფერის სამოსს აირჩევთ, ფერადი აქსესუარებით ნუ გადაიტვირთებით, საერთოდ ამოიღეთ ისინი ან მოკრძალებულ ფორმებში წარმოაჩინეთ. კარგად შერჩეული ფერადი ფეხსაცმელიც სეზონის ერთ-ერთი ტრენდია.
• გააფერადეთ თქვენი განწყობა ზაფხულთან ერთად.
ინა ნერგაძე
ჟურნალი "და ქალი"
(ივლისის ნომერი)