ლეგენდა კაქტუსზე - Marao

ლეგენდა კაქტუსზე

2011-04-01 15:41:32+04:00

პირველმა ზღვაოსნებმა, რომლებმაც ამერიკის კონტინენტზე დადგეს ფეხი, ყურადღება მიაქციეს უჩვეულო ეკლიან მცენარეს და განსაკუთრებული ეგზემპლარები სამშობლოში წამოიღეს. ასე დაიწყო კაქტუსმა მოგზაურობა მთელ მსოფლიოში.

თანამედროვეთა ვარაუდით, კუნძულ მადაგასკარზე, შრი-ლანკასა და აფრიკაში კაქტუსები შეიტანეს, ხოლო მათი სამშობლო ამერიკაა.

არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად, აცტეკებმა დააარსეს ქალაქი ტენოჩტიტლანი (”წმინდა ოპუნციის ქალაქი"), თანამედროვე მეხიკო. ლეგენდა გადმოგვცემს, რომ ძველმა აცტეკებმა ტესკოკო ოპუნციის ტბის ნაპირზე დაინახეს არწივი, რომელიც გველს გლეჯდა.

აცტეკებმა იფიქრეს, ეს კარგის ნიშანიაო და ამ ადგილას ქალაქი შექმნეს. ეს მოხდა 1325 წლის 18 ივლისს. კაქტუსი ”ოპუნცია" გამორჩეულია, იგი მექსიკის ეროვნულ გერბს ამშვენებს. მექსიკაში საახალწლოდ ღია ცის ქვეშ კაქტუსს ბავშვები სათამაშოებით რთავენ და ეს მათი ნაძვის ხეა.

უკვე შუა საუკუნეებში ევროპელები გატაცებით აგროვებდნენ ეგზოტიკურ მცენარეებს - ზოგისთვის ეს ჰობიზე მეტი იყო. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება, ვინც მცენარეთა კოლექცია შექმნა, იყო XVI საუკუნეში მცხოვრები ლონდონელი მეაფთიაქე არტურ მორგანი.

მორგანს კოლექციაში უამრავი კაქტუსი ჰქონდა, მათ შორის იმ დროის ევროპაში გავრცელებული მიელუო-კაქტუსი, ცერეუსი და ოპუნცია.

ცალკეული სუკუდენტი გარეგნულად ისეთი ეგზოტიკურია, ხალხმა მათ უცნაური სახელები შეარქვა. ყველამ იცის, რომ ალოეს ასწლოვანას უწოდებენ, ამავე დასახელებისაა აგავაც. ამ ორივე მცენარეს სამკურნალო თვისებების გამო ”ექიმი" უწოდეს.

”ექიმი" კაქტუსი

მას იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს. კაქტუს ”სელენიცერუსს" (”ღამის დედოფალი") ძალზე მსხვილი და ლამაზი ყვავილი აქვს და მხოლოდ ერთი ღამე ყვავის. მცენარეს იყენებენ გულის წვეთების დასამზადებლად. რაც მთავარია, იგი ეკოლოგიურად სუფთაა და მას ”მეფის ოქროს წვეთები" ჰქვია.

კაქტუსი - ჩვეულებრივი საკვები

კაქტუსს ძალიან გემრიელი ნაყოფი აქვს: მისგან ამზადებენ მურაბას, ჯემს... კაქტუსს ერბოკვერცხთან ერთად წვავენ და გემრიელად მიირთმევენ.

ამერიკაში კაქტუსი სრულფასოვანი საკვები პროდუქტია. ”ნოპალესის" ნიჩბისებრი ღეროები მექსიკის ბაზრებში ტომრებით იყიდება და ძალიან იაფია. მიირთმევენ უმად, მოხარშულს, შემწვარს და მარინადსაც ამზადებენ. მიაჩნიათ, რომ ამ სახეობის კაქტუსი სისხლში შაქრის რაოდენობას არეგულირებს და ორგანიზმიდან ტოქსინები გამოჰყავს.

ამავე კაქტუსის მოტკბო ნაყოფი ”ტუნა" წითელი, ფორთოხლისფერი ან ყვითელია და ძალიან გემრიელია.

კაქტუსური ჰოროსკოპი

კაქტუსი - მორიელია. იგი ერთგული მეგობარია, მაგრამ წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვს. თუ თქვენ კაქტუსთან მეგობრობთ, თქვენ უბედურებისგან დაგიცავთ.

კაქტუსი არ მოგცემთ ცუდი საქციელის ჩადენის საშუალებას. თუ თქვენ ერთმანეთს ხასიათით ვერ ”შეეწყვეთ", იგი გამოიყენებს თავის უძლიერეს ენერგეტიკას და შესაძლოა საკუთარი სახლიდან გამოგაძევოთ - ერთ ”მშვენიერ" დღეს იგრძნობთ, რომ სახლში თავს ცუდად, არაკომფორტულად გრძნობთ და მუდამ დაძაბული ხართ.

კაქტუსი მუდმივად იცავს პატრონს ნეგატიური ენერგეტიკული და უარყოფითი ენერგიისგან. ეს მცენარე ფანჯრის რაფაზე დადგით და იგი უწმინდური სულებისგან დაგიცავთ.

თუ თქვენი კაქტუსი რაიმეთი უკმაყოფილოა, აიფხორება და თქვენთვის უხილავ ეკლებსაც კი გამოიყენებს, ასე რომ, სიფრთხილე გამოიჩინეთ კაქტუსის არჩევისას.

სხვათა შორის, თუ სახლში გასათხოვარი ქალიშვილი გყავთ, გირჩევთ კაქტუსი არ იქონიოთ, თორემ შესაძლოა, ხელთ შინაბერა შეგრჩეთ.

მებრძოლი და დამცველი

ვერც ერთი ჯიშის ძაღლი ვერ იტანს კაქტუსს. ეს კარგად იცოდნენ ველური დასავლეთის პირველმოსახლეებმა და შესაბამისად, თავის სასარგებლოდ იყენებდნენ. ისინი თავიანთ სამოსახლოს გარს კაქტუსის ღობეს ავლებდნენ და ამით იცავდნენ თავს კოიოტების თავდასხმისგან.

კაქტუსი ყვავილი-მებრძოლი და ყვავილი-დამცველია.

ჟურნალი " ბომონდი"