გათხოვებამდე არცერთი ზაფხული არ გამიტარებია თავგადასავლებისა და კურიოზების გარეშე. ჩემს თავს ყოველთვის რაღაც სასაცილო და უცნაური ხდებოდა. ამიტომ ვგიჟდებოდი ზაფხულზე და ერთი სული მქონდა, თბილისიდან გამეღწია.
აგვისტოს ბოლოს ლამის დეპრესია მემართებოდა, საშინლად განვიცდიდი ზაფხულის გასვლას.
ალბათ, ყველამ კარგად იცით, როგორი სხვანაირია ყველაფერი, როცა დასასვენებლად ხარ. ფლირტიც სხვანაირია. შეიძლება ისეთი ვიღაც მოგეწონოს, რომელსაც თბილისში ზედაც არ შეხედავდი.
ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც ზაფხული გვიყვარს (დასვენების გარდა), ახალი ნაცნობობაა. ვისაც პარტნიორი არ ჰყავს, ყოველთვის იმ იმედით მიდის ზღვაზე ან მთაში, რომ ვიღაცას გაიცნობს. არ არის აუცილებელი, შეგიყვარდეს. - ახალი მეგობრების შეძენაც ხომ მშვენიერი მოტივია?
გადავწყვიტე, ცოტათი გაგახალისოთ და ერთი სასაცილო ამბავი მოგიყვეთ ჩემი ბიოგრაფიიდან. ქალები, კაცებისაგან განსხვავებით, მნიშვნელოვან მომენტებს ძალიან კარგად იმახსოვრებენ და უფრთხილდებიან.
მაგალითად, პირველი სიყვარული, პირველი კოცნა, პირველი ღამე და ა.შ. ჩემი პირველი სიყვარული ცალმხრივი იყო. 14 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შემიყვარდა ჩემი მეზობელი, რომელსაც არ ვიცნობდი. ის ცოტათი ჩემზე უფროსი იყო, შეყვარებული ჰყავდა და დობერმანი, რომელსაც ჩემს ეზოში ასეირნებდა ხოლმე.
ერთხელ გამოექცა. ჩემს ირგვლივ ყველამ თავს უშველა. მე კი გავშეშდი, თვალები დავხუჭე და ვინატრე, ნეტა მიკბინოს-მეთქი... მაშინ მაინც ხომ დამელაპარაკებოდა და მეტყოდა: ”ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემმა ძაღლმა დაგკბინა”... მაგრამ, ალბათ, ამ ძაღლმა
უფრო იგრძნო, რომ მისი პატრონი მიყვარდა, ორ ფეხზე დადგა და წინა თათები მხრებზე დამაწყო.
თვალდახუჭული ვგრძნობდი მის სუნთქვას. ერთ კვირაში მისმა პატრონმა ცოლი მოიყვანა. მე კი გულგატეხილი ლიკანში გამამგზავრეს.
იქაურმა მეგობრებმა (რომლებიც ყოველ წელს მოუთმენლად მელოდნენ) და სიტუაციის შეცვლამ დეპრესიიდან გამომიყვანა. ერთ საღამოს დისკოთეკა გაიმართა, სადაც სიმპათიური ბიჭი გავიცანი. ქერა იყო და ცისფერთვალება.
საერთოდ, შავგვრემანი მამაკაცები მომწონს, მაგრამ სიტუაცია იყო ისეთი, რომ ვიღაც უნდა მომწონებოდა, ხომ გესმით? ჰოდა, ცეკვა დავიწყეთ და აღარც გავჩერებულვართ. ბოლოს დიჯეიმ ყველაზე ენერგიულ წყვილად გამოგვაცხადა და საჩუქრად რეზინის ხვლიკი გადმოგვცა. მან ხვლიკი მე დამითმო, - ჩემს მოსაგონებლად გქონდესო.
დისკოთეკაზე საშინელი ხმაური იყო და მისი ხმა ძლივს მესმოდა. წამოსვლისას ჩემი სასტუმროს ნომერი ვუთხარი და დავემშვიდობე. მეორე დილით აივანზე ვარდები დამხვდა (თავის ეზოში დაეკრიფა). საღამოს კი სასადილოში შემომეგება.
- რა ლამაზი ჟესტი იყო შენი მხრიდან!” - ვუთხარი და გავუღიმე. უცებ სახე შეეჭმუხნა, დაფიქრდა და მკითხა: - ”სად იყო ჟეშტი?”.. - არ ვიცი, სიცილი როგორ შევიკავე. კაი, დაივიწყე-მეთქი, ვუთხარი და სავახშმოდ გავემართე.
- მე 3 დღით ბორჯომში მივდივარ და ხუთშაბათს, საღამოს 6 საათზე შადრევნებთან შემხვდი!
ამას კითხვის ფორმა კი არ მისცა, უბრალოდ, შემითანხმდა. მეც მხრები ავიჩეჩე და დავთანხმდი.
რაღაცით ხომ უნდა გამერთო ჩემი თავი? თან, ცოტათი მომწონდა კიდეც, ”ჟეშტის” მიუხედავად. პაემანი ახლოვდებოდა, მე კი საშინელი სურდო დამემართა. ვინაიდან არც მისი ტელეფონი ვიცოდი და არც იმ სახლის მისამართი, სადაც გაჩერებული იყო, მომიწია პაემანზე სურდოიანი წასვლა.
ჩანთაში ცხვირსახოცი მედო და თავს საიმედოდ ვგრძნობდი. თითქმის ერთდროულად მივედით. ისეთი სიარულის მანერით მოდიოდა, ქვეტექსტით რომ გაგრძნობინებს, შემომხედეთ, ყველაზე მაგარი ბიჭი ვარო! მოკლედ, გავისეირნეთ. ერთ დიდ ნაძვთან მიმიყვანა, რომლის ტოტები ოთახის კედლებივით იყო გადმოკიდებული და შიგ შემძვრალს ვერავინ დაგინახავდა (ალბათ, ეს ადგილი კარგა ხნის შერჩეული ჰქონდა).
თვითონ დაიხარა და შეძვრა, მერე მეც დამიძახა. მანდ რა მინდა-მეთქი, ვუპასუხე და გამოვტრიალდი. გაოცდა (ალბათ, აქამდე არავისგან მიუღია უარი). სიტყვით რომ ვერ დამიყოლია, ჩანთა გამომტაცა და ხეზე შემიგდო. წარმოგიდგენიათ, რა გააკეთა? მე ხომ იქ ცხვირსახოცი მედო? რომ გავბრაზდი, სურდომ მიმატა.
ის დაუზოგავად ცდილობდა, კოცნაზე დავეყოლიებინე. მე მკითხეთ, მეკოცნებოდა? მსახიობობას მივმართე. ხელი ვკარი, ზურგი ვაქციე და ღრმად შევისუნთქე. სურდო ცოტა მომეშვა, ის არა! ალბათ, მიზნად დაისახა ჩემი კოცნა.
საშველი რომ აღარ იყო, გავიფიქრე, ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება-მეთქი. სუნთქვა შევიკავე და ვაკოცნინე. ეს ყველაზე საშინელი წამები იყო ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, ყველაზე საშინელი პირველი კოცნაც. ჯირკივით ვიდექი და თვალებიდან სიმწრის ცრემლები მომდიოდა. მაკოცა. შემომხედა.
მე სირცხვილისაგან ავწითლდი. ერთხანს მიყურა, მერე შეხტა, ტოტს ცალი ხელით დაეკიდა და ჩანთა ჩამოხსნა. თანაგრძნობით შემომხედა და მითხრა: ” წადი ახლა და დაივიწყე, რაც მოხდა! ჩემზე არ იფიქრო, თორემ შეგიყვარდები”... ამ სიტყვებზე შებრუნდა და წავიდა, რომ ”პირველი კოცნის გამო დაღვრილი ცრემლები არ დაენახა” - წარმოგიდგენიათ?
სათანადო პასუხს გავცემდი, მაგრამ ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდა, რომ ცხვირსახოცი ამომეღო. როგორც კი მოსახვევში გაუჩინარდა, ცხვირსახოცი გავშალე და გემრიელად მოვიხოცე. - ლოთბაზარა კაცებმა რომ იციან, აი, ისე.
იმ რეზინის ხვლიკით კი ახლა ჩემი შვილები თამაშობენ.
თეა ინასარიძე
ჟურნალი ”და ქალი”
(ივლისის ნომერი)