"ჩემს კომპანიაში ერთი ქალბატონი მუშაობდა, რომელმაც ერთ დღეს ჯიბიდან ამოიღო კალენდარი, სადაც ანას ფოტო ეხატა" - დავით და ანა იმედაშვილების სიყვარულის ისტორია - Marao

"ჩემს კომპანიაში ერთი ქალბატონი მუშაობდა, რომელმაც ერთ დღეს ჯიბიდან ამოიღო კალენდარი, სადაც ანას ფოტო ეხატა" - დავით და ანა იმედაშვილების სიყვარულის ისტორია

2021-07-01 14:52:14+04:00


პროდიუსერ დავით იმედაშვილსა და მის მეუღლეს, ტელეწამყვანსა და ინფლუენსერ ანა იმედაშვილს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. წყვილი „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუკზე“ ხშირად აზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. 2020 წლის ზაფხულში, 13-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ანამ და დათომ საკუთარი კავშირი დააკანონეს და ხელი ოფიციალურად მოაწერეს: „კაცმა 40 წელი ისე გავძელი, არცერთხელ ოფიციალურ ქორწინებაში არ შევედი და აი, 40 და კიდევ 1 წლის ასაკში დავეცი. P.S. უფროსი შვილები მოწმეებად წამომყვნენ“ - წერდა დავით იმედაშვილი. წყვილს ორი შვილი, პეტრე და დანილი შეეძინა, დავით იმედაშვილს კი წინა ქორწინებიდან უფროსი შვილები, ელენე და ლუკა ჰყავს. როგორც ჩანს, და-ძმები ერთად ხშირად იკრიბებიან და ოჯახურ ფოტოებსაც

ხშირად იღებენ.

ცნობილი წყვილის ცხოვრებისა და კარიერის გარშემო კითხვები საზოგადოებაში მუდმივად ისმის. ამის შესახებ მათ „მთავარი არხის“ გადაცემაში ისაუბრეს და პირველი შეხვედრაც გაიხსენეს: „ძალიან ცხელოდა, მანქანით მივდიოდი და უცებ დავინახე გოგო ძალიან მოკლე კაბითა და ლამაზი ფეხებით, მაგრამ მისვლა ვერ მოვასწარი. შემდეგ ისევ განმეორდა იგივე. ჩემს კომპანიაში მუშაობდა ერთი ქალბატონი, რომელმაც ერთ დღეს ჯიბიდან ამოიღო კალენდარი, სადაც ანას სურათი ეხატა და თქვა, ეს ჩემი მეგობრის შვილიაო“ - იხსენებს დავით იმედაშვილი. ანა კი ჰყვება, რომ მომავალი მეუღლე პირველად გასაუბრებაზე ნახა: „ცივად ჩამათვალიერა. მაშინ ვიფიქრე, რომ ძალიან თავდაჯერებული ადამიანი-მეთქი, მაგრამ შემდეგ, როცა გავიცანი, მივხვდი, რომ სინამდვილეში ძალიან სათუთია“.

როგორც აღმოჩნდა, წყვილს, მიუხედავად მრავალწლიანი ურთიერთობისა, მნიშვნელოვანი თარიღები არ დავიწყებია: „ცოტა ხნის წინ დათომ მკითხა, დღეს რა რიცხვიაო, მე კი ჩვეულებრივად ვუპასუხე, 5 ივნისი-მეთქი. დათომ გაიხსენა, რომ ზუსტად ამ დღეს, 15 წლის წინ შევხვდით ერთმანეთს“ - ამბობს ანა.