„ლაშამ ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ადგილზე მოკვდა“ - სალომე ბაკურაძე კლინიკაში გატარებულ დღეებზე საუბრობს - Marao

„ლაშამ ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ადგილზე მოკვდა“ - სალომე ბაკურაძე კლინიკაში გატარებულ დღეებზე საუბრობს

2021-07-09 15:55:41+04:00


მომღერალი სალომე ბაკურაძე რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ წერდა. როგორც აღმოჩნდა, მისი მდგომარეობა არც ისე მარტივი იყო: „რამდენიმე დღის წინ გავიღვიძე და საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი. ფეხი ძირს ვერ დავადგი. თვალებს ვერ ვახელდი. თავიდან ცუდი დიაგნოზის მოლოდინი ჰქონდათ, გადამიღეს კატე, ასეთ დროს სიმსივნეს ეჭვობენ ხოლმე, თუმცა არ დადასტურდა” - წერდა მომღერალი. ექიმებმა სალომე ბაკურაძეს ვესტიბულარული აპარატის ნერვის ანთების დიაგნოზი დაუსვეს. ის თავს ამჟამად კარგად გრძნობს, თუმცა მკურნალობას აგრძელებს.

როგორც თავად იხსენებს, საავადმყოფოში გატარებული დრო მისთვის რთული იყო და სახლში წასვლა საკუთარი ფეხით ვერ შეძლო: „კლინიკიდან ეტლით გამომიყვანეს და ლაშამ ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ადგილზე მოკვდა. ვაწყნარებდი, მაცალე ცოტა ხანი და გავივლი-მეთქი. დღემდე მჭირდება სარეაბილიტაციო ვარჯიშები“ - ამბობს სალომე.

მომღერალი ასევე განმარტავს, რომ ის ბოლომდე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა, თუმცა სახლში უსაქმოდ ყოფნას არ აპირებს: „არ შემიძლია წამოვწვე და ველოდო, როდის გამოსწორდება ჩემი წონასწორობის ცენტრი. სცენაზეც დავდექი და საჭესთანაც დავჯექი. სამღერი იყოს სადმე და ვიმღერებ, აბა, რას ვიზამ! ფეხზე რომ ვერ დავმდგარიყავი, ეტლითაც მივვარდებოდი და ისე ვიმღერებდი“ -აღნიშნავს სალომე ბაკურაძე.

მომღერალმა ავადმყოფობის დროს მეგობრების, ახლობლებისა და უცნობი ადამიანებისგან დიდი მხარდაჭერა იგრძნო და მადლობის ნიშნად სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა: „მუდმივად მაქვს მადლიერების გრძნობა იმ ადამიანებისადმი, ვისთვისაც "არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში" და ყოველთვის უანგაროდ და მთელი გულით გამოხატავენ ჩემდამი უდიდეს სიყვარულს. არ ვიცი, ეს ამ დოზით რით დავიმსახურე, მაგრამ ასეა და გულის ხეთქვამდე მადლიერი ვარ ამისთვის” - წერდა სალომე. ყურადღება და სიყვარული მეგობრებმა მომღერლისადმი არც დღეს, მის დაბადების დღეზე დაიშურეს: „დღეს ამ ფერადი გოგოს დღეა ჩემო სიყვარულო გოგო უჯანმრთელესი მინდა იყო პირველ რიგში ბევრ ფერად და ლამაზ დღეს გისურვებ შენ სანტისთან და ლაშიკოსთან ერთად”, „დღეს ჩემი სიყვარულის გოგონა დაიბადა. ციციმციმა ვარსკვლავი , რომელიც მიყვარს უკიდეგანოდ. სულ კონცერტები, კარგი ამბები, ბევრი სიხარული, წარმატება და სიყვარული შენ“, „სიხარული შემოგაქვს ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ, რომ თავად სიხარული ხარ. გილოცავ დაბადების დღეს მზეო“ - სწერენ სალომეს.