რატომ გახდა ტრენდული ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული? - რჩევები ვარსკვლავების მაგალითზე - Marao

რატომ გახდა ტრენდული ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული? - რჩევები ვარსკვლავების მაგალითზე

2021-07-13 10:45:33+04:00

რამდენიმე წლის წინ ბიუსტჰალტერის გარეშე საზოგადოებაში გამოჩენა სირცხვილად მიიჩნეოდა. იმისთვის, რომ საღამოს კაბაზე ის ნაკლებშესამჩნევი ყოფილიყო, ქალები არაერთ ხერხს მიმართავდნენ, ხოლო ყოველდღიური გამოყენებისთვის დიდი სიფრთხილით არჩევდნენ მის ყველაზე კომფორტულ და დახვეწილ ფორმას. დღეს ეს ტენდენცია შეიცვალა და ბიუსტჰალტერზე სულ უფრო მეტი ქალი ამბობს უარს. მათ შორის, ყველაზე შესამჩნევი ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან.

კენდალ ჯენერმა მკერდზე პირსინგი 2015 წელს გაიკეთა და მას შემდეგ ხშირად ჩნდებოდა კამერების წინ გამჭვირვალე მაისურით, ბიუსტჰალტერის გარეშე. მან ამის შესახებ განცხადებაც გააკეთა და თქვა, რომ ასე თავს უფრო სექსუალურად გრძნობს.

საცვლების მოყვარული არ არის კენდალის დაც, კაილი ჯენერი, თუმცა, დისგან განსხვავებით, კაილი სპეციალურ სტიკერებს იყენებს იმისთვის, რომ მისი მკერდი სამოსში გამოკვეთილი და შესამჩნევი არ იყოს.

ჯენერების მსგავსად, ბიუსტჰალტერზე უარს ამბობენ დები კარდაშიანებიც. მას შემდეგ, რაც ქლოიმ წონაში დაიკლო, ის ხშირად ატარებს მჭიდრო კაბებს ბიუსტჰალტერის გარეშე. როგორც თავად განმარტავს, მას ეს სტილი ბუნებრივად და თანამედროვედ მიაჩნია.

კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც ხშირად ამბობს უარს ბიუსტჰალტერზე, ჯენიფერ ენისტონია. მსახიობი 2013 წლიდან არაერთხელ გამოჩნდა კამერების წინ თეთრეულის გარეშე. სოციალურ ქსელებში მას ამის გამო ბევრი აკრიტიკებს, თუმცა თავად ჯენიფერი თავს კომფორტულად და მოხდენილად გრძნობს.

დები ჰადიდები და სელენა გომესი იმ ცნობილ ადამიანებს მიეკუთვნებიან, რომლებიც საზოგადოებაში ხშირად ჩნდებიან ბიუსტჰალტერის გარეშე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სელენა გომესი, უმეტესად, თან ატარებს პიჯაკს, რომლითაც ნებისმიერ დროს შეძლებს სხეულის დაფარვას.

მიუხედავად იმისა, რომ ბიუსტჰალტერზე უარის თქმა ერთგვარ ტრენდად იქცა, არ არის აუცილებელი, ამ ტრენდს ყველა ქალი მისდევდეს. მთავარია, თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობდეთ. გამოიყენებთ თუ არა საცვლებს, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია!