„თქვენ ამ პლანეტიდან არ ხართ? ულამაზესი ოჯახი გაქვთ“ - ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძის ოჯახური იდილია - Marao

„თქვენ ამ პლანეტიდან არ ხართ? ულამაზესი ოჯახი გაქვთ“ - ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძის ოჯახური იდილია

2021-07-15 15:44:12+04:00


ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ზაზა წარმატებული ქართველი კალათბურთელია, თიკა კი წლების განმავლობაში ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე იყო. ზაზა და თიკა შვილებთან ერთად ამერიკაში ცხოვრობენ და გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს ხშირად უზიარებენ.

რამდენიმე დღის წინ მათი შვილი, მარიამი, იუბილარი იყო: „მარო 9“ - ამ წარწერით გამოაქვეყნა თიკამ შვილთან ერთად წვეულებაზე გადაღებული ფოტო. თიკას და ზაზას 4 შვილი, დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავთ. წყვილმა ერთმანეთი 2007 წელს გაიცნო და ერთი წლის შემდეგ იქორწინა: „10 წლის წინათ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ერთ წელიწადში ჩემი მეუღლე გახდა - თიკა ალავიძე. იგი გმირია იმიტომ, რომ სამი შვილი მაჩუქა; გმირია იმიტომ, რომ მე მიძლებს; გმირია იმიტომ, რომ მეოთხე შვილი უნდა გამიჩინოს. იგი ბოლომდე მიგებს, ასეთ სიტუაციაშიც ესმის, რომ საქართველოს ვჭირდები, ნაკრებს უნდა დავეხმარო ევროპის ჩემპიონატზე“ - ასე ახასიათებდა 2017 წელს ზაზა ფაჩულია მეუღლეს.

თიკა ზაზასთან შეხვედრისა და გაცნობის ისტორიას არაერთ ინტერვიუში იხსენებს. როგორც აღმოჩნდა, მათ ერთმანეთი საერთო მეგობრის დახმარებით „სუხიშვილების“ კონცერტზე გაიცნეს: „მაშინ ანსამბლ „სუხიშვილებში“ ვცეკვავდი. მახსოვს, მცხეთაში გვქონდა კონცერტი და იქ მოვიდა. აღმოჩნდა, რომ გვყავდა საერთო მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ ზაზას ჩემი გაცნობა უნდოდა და კულისებში შემოიყვანა. სწორედ მაშინ მოხდა ჩემი და ზაზას პირველი შეხვედრა” - ამბობს თიკა ალავიძე.

თიკა საკუთარ „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს მეუღლესა და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს: „თქვენ ამ პლანეტიდან არ ხართ? ულამაზესი ოჯახი გაქვთ“, „საუკეთესო წყვილი“, „რა კარგები ხართ“ - წერენ კომენტარებში. თიკას და ზაზას შვილებთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ და დროს ერთად მხიარულად ატარებენ.

როგორც ჩანს, თიკა ალავიძესა და ზაზა ფაჩულიას განსაკუთრებით უყვართ ახალი წელი და ამ დღესასწაულისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. ახალ წელს ოჯახი ყოველთვის აწყობს ულამაზეს ფოტოსესიას და კადრებს გულშემატკივრებსაც უზიარებს. მათ გასულ წელს სახალისო კოსტიუმები მოირგეს, 2021 წელს კი ულამაზესი ნაძვის ხის ფონზე სადღესასწაულო გარემოში შეხვდნენ.