პროფესია „ალფონსი“ ერთდროულად ძალიან რთული და ძალიან მარტივია. ამ დროს კაცს უწევს განსაკუთრებული კომპლიმენტების თქმა, არნახული ჯენტლმენობის გამოჩენა, თავაზიანი და მომხიბვლელი ადამიანის იმიჯის მორგება. ამ ტიპის კაცები სამიზნეს ასაკის, გარეგნობის, სილამაზის ან ინტელექტის მიხედვით არ ირჩევენ, მათთვის მთავარი შესაძლებლობებია.
უმეტესი მათგანი, ურთიერთობის დაწყებისას, თავად იყენებს ფინანსურ უპირატესობას, სთავაზობს ქალს ძვირად ღირებულ რესტორანში ვახშმობას, უგზავნის თვალისმომჭრელ საჩუქრებსა და თაიგულებს და აჩვენებს, რომ მისთვის არაფერი ენანება.

რაც უფრო გამოცდილია ალფონსი, მით უფრო რთულდება მისი განზრახვის წინასწარ გამოცნობა, რადგან ისინი ზოგჯერ ფსიქოლოგიურ „თამაშსაც“ მიმართავენ და სამიზნეს არწმუნებენ, რომ მის გარეშე არაფერს წარმოადგენს, რომ მის მსგავსად სხვას ვერ ეყვარება. ამას, ცხადია, თავისი შედეგი მოაქვს და ქალი ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება ალფონსზე, ამ დამოკიდებულების დარღვევა კი სულ უფრო რთული ხდება.
მიუხედავად ამისა, ალფონსი ძალიან რთულ და სარისკო საქმეს ასრულებს, რადგან არ არსებობს უფრო საშიში რამ, ვიდრე გაბრაზებული ქალი, რომელმაც იცის, რომ მოატყუეს. იმისთვის, რომ სატყუარას მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ, არ გაასესხოთ ხშირად ფული იმ ადამიანზეც კი, ვინც თავდავიწყებით შეიძლება გიყვარდეთ. რამდენიმე თავაზიანი „არას“ შემდეგ ალფონსი თქვენი ცხოვრებიდან თავისით გაქრება.
ფსიქოთერაპევტები განმარტავენ, რომ ასეთ ურთიერთობებს კონკრეტული ნიადაგი ქმნის. როცა ქალი დედობრივ ზრუნვასა და დამოკიდებულებას ამჟღავნებს კაცის მიმართ, ეს ალფონსისთვის უკვე გარკვეული სიგნალია. თუ ქალს შვილები არ ჰყავს, ეს მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს, რადგან ის ასეთ კაცში, ასე ვთქვათ, ორ მოთხოვნილებას ერთდროულად იკმაყოფილებს - გვერდით ჰყავს კაცი და, ასევე, ის, ვისზეც შეუძლია, იზრუნოს. ამ შემთხვევას სპეციალისტები „მამაკაცი-ბავშვის“ ფსიქოტიპს უწოდებენ.

ალფონსები როლებს იმის მიხედვით ირგებენ, თუ რა ტიპის ქალთან აქვთ ურთიერთობა. ზოგიერთი, შესაძლოა, რომანტიკული პოეტის ამპლუაში მოგვევლინოს, ზოგიერთი კი - მეომრისა და ჯარისკაცის.
ნუ იჩქარებთ, ახალ ურთიერთობებს დაარქვათ სახელი მანამ, სანამ თქვენთვის უმნიშვნელო დეტალებსაც კი არ გაიგებთ. საგულისხმოა ისიც, რომ ახლობლებს გააცნოთ ის ადამიანი, რომელთანაც გარკვეული გეგმები გაქვთ და გაითვალისწინოთ, რომ ალფონსები უფრთხიან ქალის მშობლებსა და მეგობრებთან ურთიერთობას. მათ ერთი-ერთზე ყოფნა ურჩევნიათ, რათა საკუთარი მისია უფრო მარტივად შეასრულონ.