3 ყველაზე ცნობილი მეკობრე ქალი და მათი საოცარი ისტორიები - Marao

3 ყველაზე ცნობილი მეკობრე ქალი და მათი საოცარი ისტორიები

2021-07-22 11:03:43+04:00

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა სავსეა მეკობრეების წარმატებული თუ წარუმატებელი ისტორიებით. განსაკუთრებით საინტერესოა იმ ქალების ცხოვრება, რომლებმაც გამოიჩინეს არნახული გამბედაობა და სიმამაცე, თავად ყოფილიყვნენ მეკობრეთა ლიდერები მამაკაცთა უპირობო ბატონობის ეპოქაში. ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი მეკობრე ქალთა ისტორიაში გრეის მეილიმ გადაშალა.

როდესაც კელტების ტომის წარმომადგენელი, მოხუცი ოუენ მეილი გარდაიცვალა, მისი ადგილი ვაჟს, ადულფს უნდა დაეკავებინა, თუმცა ოუენის უფროს ქალიშვილს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. მან ძმა დუელში მოკლა და მამის ადგილი მიითვისა. ამის შემდეგ კი გვარის ტრადიცია გააგრძელა და სანაპიროების ძარცვას მიჰყო ხელი. ის წარმატებული მეთაური აღმოჩნდა და ახალგაზრდობის წლებიც ნაყოფიერად გაატარა, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ გრეისი უნდა დაქორწინებულიყო დონ იკოტლინზე, ფლეერტის ტომის ლიდერზე.

ოკოტლინი მალევე ერთ-ერთი დარბევის დროს გარდაიცვალა. ქვრივმა ორი ტომის მმართველობის სადავეები ხელში აიღო და დაქირავებული ავანტიურისტები აიყვანა არა მხოლოდ ირლანდიაში, არამედ ინგლისში, შოტლანდიაში, უელსში. გრეისი იმდენად ძლიერი მმართველი აღმოჩნდა, მას „დედოფლად“ მოიხსენიებდნენ და მეფის ადგილის დაკავებასაც უწინასწარმეტყველებდნენ. ამ დროს მან მეორედ იქორწინა რიჩარდ ბურკიზე, მეტსახელად რკინის რიჩარდზე, რომელიც სამხრეთ ირლანდიის მეკობრეების მეთაური იყო. გრეისმა და რიჩარდმა ერთიანი ძალებით მოახერხეს, რომ ვაჭრების პროტესტი გამოეწვიათ. შეშფოთებულმა ვაჭრებმა დედოფალთან იჩივლეს, ინგლისის დედოფალი კი გრეისს პირისპირ შეხვდა. გრეისს ტილოს კაბა და საზღვაო ჩექმები ეცვა, სასახლეში კი ძლიერი ხმაურიანი ნაბიჯებით თამამად დააბიჯებდა.

დედოფალი გრეისის უხეში მანერებით გამხიარულდა. გრეისი ნებართვის გარეშე ჩამოჯდა დედოფლის ელიზაბეტ I-ის გვერდით და ერთი ღერი სიგარაც სიამოვნებით გააბოლა. ის ხმამაღლა საუბრობდა, თითქმის ყვიროდა და დედოფლის შეთავაზებული სამეფო ხელსახოცის ძირს დადგებაც კი გაბედა - „ჩვენთან მისი ოჯერ გამოყენება დაუშვებელია“ -თქვა გრეისმა. სტუმრის სპონტანურობით მოხიბლულმა დედოფალმა, გრეისი მშვიდობიანად გაათავისუფლა და ირლანდიაში ახალი მიწებიც კი მისცა. სამშობლოში დაბრუნებულმა გრეისმა კი ძველი საქმიანობა უფრო აქტიურად გააგრძელა. ამის გამო ის კანონის ძალით დასაჯეს და ციხეში ჩასვეს. გრეისმა „სამეფო დიპლომატიას“ მიმართა და ელიზაბეტ I-ს მოპარული განძის უკან დაბრუნება შესთავაზა გათავისუფლების სანაცვლოდ. დედოფალი დათანხმდა, მაგრამ მისი ორი შვილი კვლავ მძევლად დაიტოვა. გათავისუფლებულმა გრეისმა აჯანყებული ვაჭრები დაამშვიდა, გასცა დაპირებები და მოსახლეობა დააიმედა, რომ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა. მადლობის ნიშნად ელიზაბეტ I-მა მას საგანძურის ნახევარი დაუბრუნა და მისი შვილებიც გამოუშვა.

გრეისმა თითქოს ცხოვრების წესი შეიცვალა, თუმცა გულის სიღრმეში მაინც მამაც მეკობრე ირლანდიელად დარჩა. ამის დასტურია ისიც, რომ ინგლისიდან მომავალი გრეისი ქარიშხალში მოყვა და თავშესაფარი სთხოვა ირლანდიელ არისტოკრატ ლორდ ლორენსს. მცველებმა უთხრეს, რომ ლოურენსი სადილობდა და მისი შეწუხება არ შეიძლებოდა. განრისხებულმა გრეისმა იპოვა სახლი, სადაც ლოურენსის მემკვიდრე ცხოვრობდა და მას შვილი მოსტაცა. გრეისმა ბავშვი მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დააბრუნა, მას შემდეგ, რაც ლოურენსმა პირობა დადო, რომ რა დროც არ უნდა ყოფილიყო, კარზე მოსულ სტუმარს აუცილებლად მიიღებდა.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ანა ბონისა და მერი რიდის ისტორიები, რომლებმაც ნამდვილი თავგადასავლები შექმნეს და ხიფათს ატლანტის ოკეანეში არაერთხელ გადაეყარნენ.

პატივსაცემი ქვრივი ადვოკატი უილიამ კორმი ირლანდიიდან ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, სამხრეთ კაროლინაში პლანტაცია შეიძინა და საკუთარი მოახლე ცოლად შეირთო, მალევე მათ ქალშვილი, ანა შეეძინათ, რომელსაც მისი ჯიუტი ხასიათისა და ფიზიკური სიძლიერის გამო „ვეფხვს“ ეძახდნენ. ანა 14 წლის იყო, როცა მოახლეზე გაბრაზდა და ის დანით დაჭრა. 16 წლის ასაკიდან კი მისი ხასიათი უფრო რბილი გახდა, რას თავბრუდამხვევი სიყვარულით იყო გამოწვეული. სწორედ ამ დროს გაიცნო მან ცნობილი მეზღვაური ჯეიმს ბონი, რომელზეც ფარულად იქორწინა. მამას ანას ეს არ აპატია და ორივე სახლიდან გააძევა.

ბედნიერებისა და თავისუფლების ძიებაში წყვილი ბაჰამის კუნძულებზე აღმოჩნდა, სადაც ისინი ჯონ რაკჰემის მეკობრეების დაჯგუფებას შეუერთდნენ. ცოტა ხანში რაკჰემი ანას გრძნობებში გამოუტყდა, ანამ კი მის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხა. არსებობს ვერსიაც, რომ ჯეიმს ბონმა რაკჰემს ცოლი უბრალოდ მიჰყიდა. როგორც ცნობილია, გემზე მეკობრე ქალის ყოფნა დაუშვებელი იყო, ამიტომ ანა გამოეწყო მამაკაცის სამოსში და მალევე გახდა მომხიბვლელი მეკობრე ანდრეასი.

საზღვაო სავაჭრო გზების გასაყარზე მეკობრეთა გემი „დრაკონი“ ტერორისა და სიკვდილის სიმბოლოდ იქცა. ანა, იგივე ანდრეასი, სხვა მეკობრეებთან ერთად ავიწროვებდა და აყაჩაღებდა ბაჰამისა და ანტილიის კუნძულზე მცხოვრებ მოსახლეობას. ანა ყველას აოცებდა თავისი დაუნდობლობითა და სისასტიკით. მისი ასეთი ხასიათის გამო, გემზე, მეგობრებს შორის ნებისმიერ პატარა კამათიც კი სისხლიანი დაპირისპირებით მთავრდებოდა, რომელშიც გამარჯვებული ყოველთვის „შეშლილი ანდრეასი“, ანუ ანა იყო. საოცარია, მაგრამ ამ დროს ანა ორსულად იყო და ამის შესახებ კი არავინ იცოდა. როგორც კი ბავშვი გაჩნდა, ანამ ის რაკჰემის თანამზრახველის სახლში დატოვა და თავად საკუთარი საქმე უფრო დიდი შემართებით გააგრძელა. მან თავი დაიმკვირდა, როგორც ჭკვიანმა ტაქტიკოსმა და სწორედ მისი დამსახურებით გახდა გამარჯვებული არაერთ შეტაკებაში „დრაკონი“.

ერთხელ, როცა გემს ახალი მეკობრეები შეურთდნენ, ანამ უალამაზესი ახალგზარდა, სახელად მარკი შენიშნა, რომელიც ერთი დანახვით შეუყვარდა. ამის შესახებ ამლევე გაიგო რაკჰემმა და როცა ღალატის გამო ანას მოკვლას აპირებდა, ახალგზარდა ყმაწვილმა გაიხადა მამაკაცის პერანგი და მათ ხელში ქალი სახელად მერი რიდი შერჩათ.

მერი დედამ უკანონოდ გააჩინა და პატარაობიდან გარდაცვლილი შვილის, ბიჭის სამოსს აცმევდა, რათა ზედმეტი ჭორები თავიდან აერიდებინა. 16 წლის ასაკში მერი მარკად გადაიქცა და მხედართა სასწავლებელში ჩაირიცხა. ის რამდენიმე წელი ვაჟკაცურად იბრძოდა ფლანდრიაში. სამხედრო კარიერის შემდეგ მერიმ ერთ-ერთ ჯარისკაცზე იქორწინა, თუმცა მისი ქმარი მალევე გარდაიცვალა. მერიმ კი მარიკაში წასვლა გადაწყვიტა იმედით, რომ იქ გამდიდრდებოდა. მოირგო კვლავ მამაკაცის როლი, შეიარჩია მეგობარი გოგონა და მეკობრეობას მიჰყო ხელი. სწორედ ამ დროს მოხვდა ის რაკჰემის კამპანიაში.

ახალ მეგობრებთან ერთად მერიმ, იგივე მარკმა წარმატებით აითვისა მეკობრის საქმე, თუმცა 1720 წელს მათ პრობლემები შეექმნათ იამაიკის გუბერნატორ ესკადრამ ჯეკთან. სისისხლიანი დაპირისპირების მიუხედავად, მეკობრეებმა ვერაფერი გააწყეს და სასამართლოზე ყველა მათგანს სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა, როცა გაირკვა, რომ ბორდზე ორი ქალი, ანა ბონი და მერი რიდი, თანაც ორივე ორსული იყო, მათ ჩამოხრჩობა მშობიარობის შემდეგ გადადეს. ანას ბოლო სიტყვები რაკჰემის ზიზღით იყო განმსჭვალული, მან სწორედ ქმარს მიმართა და უთხრა: „კაცივით რომ გებრძოლა, ძაღლივით არ ჩამოგკიდებდნენ!“

მერი რიდი მშობიარობის შემდეგ ციხეში გარდაიცვალა, ანა ბონის ბედი კი უცნობია.