ვინ იყო ავსტრალიელი ქალი, რომელიც ინდოელ პრინცზე დაქორწინდა, შემდეგ უღალატა და მომაკვდინებელი სენით დაავადდა - Marao

ვინ იყო ავსტრალიელი ქალი, რომელიც ინდოელ პრინცზე დაქორწინდა, შემდეგ უღალატა და მომაკვდინებელი სენით დაავადდა

2021-08-02 19:34:14+04:00


ავსტრალიელი ფერმერის ქალიშვილი, რომელსაც ინდოელი პრინცი შეუყვარდა, ზღაპრის გმირს მოგვაგონებს. ალბათ, ასეთ მომავალზე ყველა გოგო ოცნებობს, თუმცა ჰელენ სიმონსის ისტორია არც ისეთი მარტივი ყოფილა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

27 წლის ჰელენ სიმოსის ცხოვრებაში 1976 წელს დაუჯერებელი ამბავი მოხდა. გოგო, რომელიც სახელმწიფო შეღავათებითა და დახმარებით ცხოვრობდა, უეცრად აღმოჩნდა მდიდრულ სასახლეში. მანამდე ის მუშაობდა ბორტგამცილებლად, მოგზაურობდა ევროპაში საკუთარი გზის საპოვნელად, თუმცა, უშედეგოდ. ერთ დღეს ის მიიწვიეს მისი ოჯახის მეგობრის კომპანიაში, სადაც მდივნის ვაკანსია იყო. მისი პირველი დავალება უფროსთან ინდოეთში მოგზაურობა იყო, სადაც კომპანიის ერთ-ერთ არქიტექტორს ინდოელი პრინცის, მუკამარ ჯაჰის სასახლის გეგმა უნდა შეედგინა. სწორედ ჰელენი და მისი უფროსი გოლდბერგი უნდა შეხვედროდნენ რესტორანში პრინცს. ჰელენს თავდაპირველად წარმოდგენა არ ჰქონდა, ვისთან ერთად იჯდა მაგიდასთან, უფროსმა ის ინდოეთში ერთ-ერთ გავლენიან პირად გააცნო: „ეს ნამდვილად ერთი ნახვით შეყვარება იყო. ის ძალიან გალანტური და მომხიბვლელი ადამიანია, მე სხვა შანსი უბრალოდ არ მქონდა“ - ამბობდა მოგვიანებით ჰელენი ჟურნალისტებთან. გაცნობიდან მეორე დღეს ჰელენს კართან ყვავილების უზარმაზარი თაიგული დახვდა.

42 წლის ჰაჯის ვინაობა ჰელენმა მხოლოდ მეორე დღეს, საქმიანი შეხვედრის დროს გაიგო. როგორც აღმოჩნდა, ის დაქორწინებული იყო თურქ პრინცესა ეზრაზე და ორი ვაჟი ჰყავდა, თუმცა მათ შორის ლტოლვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერაფერი გააწყო. მან პრინცს ულტიმატუმი წაუყენა - ან ცოლს დაშორდებოდა, ან მათ შორის არაფერი გამოვიდოდა. ცხადია, ჰაჯი მას განქორწინებას დაჰპირდა, თუმცა განმარტა, რომ ეს არც ისე ადვილი იქნებოდა. მეუღლესთან დაშორების პროცესი მართლაც ხანგრძლივი აღმოჩნდა, უკან დაბრუნებული ჰელენი კი ელოდა საყვარელ მამაკაცს და დღეებს ტირილში ატარებდა.

ერთ დღესაც ჰაჯისგან მიუვიდა წერილი, სადაც ეწერა, რომ ის ცოლს აუცილებლად გაშორდებოდა, მანამდე კი შეხვედრა სურდა. ჰელენს იმდენად უნდოდა მშობლების ფერმიდან გაქცევა, რომ აღარც პრინცის ცოლზე უფიქრია და არც მათ შვილებზე, იმ საღამოსვე გაემგზავრა ინდოეთში. ასე დაიწყო ჰელენისა და ჰაჯის შვიდწლიანი რომანი.

ხანგრძლივი ფრენა ინდოეთში ჰელენისთვის ჩვეულ წესად იქცა. ის საყვარელ მამაკაცთან ერთად ნაკლებპოპულარულ სატუმროში რჩებოდა ისე, რომ არავის არაფერი გაეგო. ჰელენი სახლში ყოველ ჯერზე საჩუქრებით დატვირთული ბრუნდებოდა.

ისევე, როგორც ყველა ქალს, ჰელენსაც სურდა ნორმალური ოჯახი. ამიტომ ის ჰაჯის აბორტის გაკეთებით დაემუქრა. იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება მისი მუცლად მყოფი შვილი მომკვდარიყო, ჰაჯიმ ავსტრალიაში გადასვლა გადაწყვიტა, ოღონდ ერთი პირობით - თან წაიყვანდა ცოლსა და შვილებს. ჰელენი დათანხმდა, თუმცა თავად ჰაჯის ცოლმა კატეგორიული უარი განაცხადა უცხო ქვეყანაში გადასვლაზე და პრინცი იძულებული გახდა, განქორწინებულიყო. ჰაჯიმ და ჰელენმა შვილთან, ალექსანდრესთან ერთად ცხოვრება ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე დაიწყეს.

იახტები, ბრილიანტები, სახლები და ძვირად ღირებული მანქანები - ჰელენს ყველაფერი ჰქონდა, რასაც ყველაზე ლამაზ ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდა. წყვილი ბევრს მოგზაურობდა, ევროპაში არაერთ ღონისძიებასაც ესწრებოდა და ბედნიერად ცხოვრობდა, თუმცა ეს თანაცხოვრება მხოლოდ 7 წელს გაგრძელდა. 7 წლის შემდეგ, როცა ჰაჯიმ ახალი ხელშეკრულების გამო ხშირი მოგზაურობა დაიწყო და ხშირად თვეებს ატარებდა ოჯახისგან შორს, ჰელენი მოწყენილობამ შეიპყრო. მათ ორ შვილს ძიძა ზრდიდა, თავად კი გადაწყვიტა, რომ მამაკაცის ყურადღება სჭირდებოდა და 38 წლის ჰელენმა 25 წლის ბიჭთან დაიწყო შეხვედრა.

1987 წელს ჰელენი უცნაურმა სიმპტომებმა შეაწუხა - აღმოჩნდა, რომ მას შიდსი ჰქონდა. ანალიზი მისმა მეუღლემაც ჩაიტარა და, საბედნიეროდ, პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. მაშინ ჰაჯი მიხვდა, რომ ჰელენი მას ღალატობდა და სახლიდან გააგდო, ბავშვების ნახვა კი აუკრძალა. იმ დროს ამ დაავადების შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი და, მიუხედავად თავდაუზოგავი მცდელობისა, ორი წლის შემდეგ ის გარდაიცვალა. ჰაჯიმ კიდევ სამჯერ იქორწინა, საბოლოოდ კი ბინა ნიცაში დაიდო.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>