სიყვარული ერთი ნახვით და გოგო, რომელიც ავტობუსში დანახულ ბიჭს ორი წლის განმავლობაში ეძებდა - Marao

სიყვარული ერთი ნახვით და გოგო, რომელიც ავტობუსში დანახულ ბიჭს ორი წლის განმავლობაში ეძებდა

2021-08-04 13:56:36+04:00

გოგონა, სახელად სიეტლ სიმსი, ინგლისში ავტობუსით მგზავრობდა, როცა მოულოდნელად მას ერთ-ერთმა მგზავრმა, ახალგაზრდა ბიჭმა გაუღიმა. ეს შემთხვევა ერთი ნახვით სიყვარულის ნათელი მაგალითია, რადგან ეს ღიმილი სიეტლისთვის რამდენიმე წამში გადაიქცა დაუვიწყარ სიყვარულად, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ყველგან ეძებდა. დღეს წყვილი ერთად ცხოვრობს და მათ ბედნიერი ურთიერთობა აქვთ.

გოგონა მამაკაცს, რომელიც ერთი დანახვით შეუყვარდა, ეძებდა სოციალური ქსელითაც. მან შექმნა Tinder-ის პროფილი და ცდილობდა, როგორმე ეპოვა ის. მოგვიანებით მან ვიდეოები TikTok-ზეც გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად იხსენებს საყვარელ მამაკაცთან შეხვედრისა და გაცნობის მომენტებს.

„2019 წლის ნოემბერში, როცა 70 ნომერ ავტობუსში ვიჯექი, მე ჩავხედე თვალებში და გავუღიმე ბიჭს, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად იქცა. თუ თქვენ იყავით ის შავგვრემანი ყმაწვილი, დააჭირეთ მოწონების ღილაკს“ - წერდა სიეტლი. მისი მეგობრები ფიქრობდნენ, რომ სიეტლმა უბრალოდ ხუმრობა გადაწყვიტა, რადგან ადამიანის ერთ წამში შეყვარება მათთვის წარმოუდგენელი იყო. მიუხედავად ამისა, გოგონა არ ჩერდებოდა და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიეწვდინა ხმა. მისმა მცდელობამ შედეგიც გამოიღო და ორი წლის შემდეგ ახალგაზრდა კაცი შემთხვევით წააწყდა სიეტლის გვერდს სოციალურ ქსელში. ცხადია, მაშინვე მისწერა და უთხრა, რომ შეხვედრისას თავადაც მოეწონა სიეტლი, თუმცა გრძნობების გამჟღავნების მოერიდა: „ცოტა უხერხულია, მაგრამ მგონი, ჩემზე საუბრობ ვიდეოებში. მეც მახსოვს წითური გოგო, პირსინგით, რომელიც ავტობუსში ვნახე. სიამოვნებით შეგხვდებოდი“ - წერდა გრეგი.

შეხვედრა შედგა და, როგორც სიეტლი ერთ-ერთ ვიდეოში ამბობდა, პირველი პაემანი 11 საათს გაგრძელდა. მესამე შეხვედრიდან ისინი ოფიციალურად გახდნენ წყვილი. ისინი თავს დღემდე ბედნიერად გრძნობენ და ამბობენ, რომ ხასიათითა და ტემპერამენტით იდეალურად ერგებიან ერთმანეთს.