სასიყვარულო სამკუთხედები, რომლებშიც მონაწილეობენ ცნობილი ადამიანები, ყოველთვის იწვევს ჭეშმარიტ ინტერესს. და თუ მთავარი გმირები არიან ახლახან დაქვრივებული ამერიკის პირველი ლედი, ოდიოზური ბერძენი მილიარდერი და ტემპერამენტიანი საოპერო დივა, მაშინ, დიდი ალბათობით, ასეთი ამბები ყოველთვის საინტერესო და აქტუალური იქნება.
ბერძენ მეწარმე არისტოტელე ონასისთან შეხვედრამდე მარია კალასი უკვე იყო ცნობილი და წარმატებული მომღერალი, რომელიც ლა სკალას სცენაზე გამოდიოდა. ის უკვე ითვლებოდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს საოპერო დივად. კალასი უბრალოდ არ მღეროდა - მან ყველა სპექტაკლი გადააქცია შოუდ. როცა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი არისტოტელე ონასისი კალასის სპექტაკლს დაესწრო, თქვა, რომ ის ყველაზე ძლიერი ქალია, ვინც ოდესმე უნახავს. ონასისი თვლიდა, რომ მარიას მალევე მოხიბლავდა თავისი სიმდიდრით, მაგრამ მომღერალი უკვე იყო დაქორწინებული ჯოვანი ბატისტა მენეჯინიზე, რომელიც ასევე იყო მისი მენეჯერი და პროდიუსერი. თავად ონასისსაც ჰყავდა ცოლი და ორი შვილი - ალექსანდრე და ქრისტინა, თუმცა ის დაიღალა ოჯახური ცხოვრებით და გვერდით სჭირდებოდა ქალი, რომელიც მის ცხოვრებაში შემოიტანდა გლამურულ სტილს, ცეცხლს, ვნებას. კალასი შესანიშნავი იყო ამ როლისთვის.
არისტოტელე ყოველი კონცერტის წინ კალასს კულისებში ყვავილების თაიგულს უგზავნიდა წერილით „უცნობი ბერძენი“. საბოლოოდ, ისინი ერთმანეთის პირისპირ 1957 წელს, ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდნენ. 34 წლის მარია კალასით მოხიბლულმა 51 წლის არისტოტელე ონასისიმ მომღერალი მეუღლესთან ერთად კრუიზში მიიწვია. მარია ხვდებოდა მის განზრახვას და იმ საფრთხესაც, რაც ელოდა ქმართან ერთად კრუიზში წასვლის შემთხვევაში. ამიტომ მიწვევაზე უარი თქვა. მიუხედავად ამისა, ყინული ნელ-ნელა დნებოდა. არისტოტელე ხშირად უგზავნიდა მას ძვირად ღირებულ საჩუქრებს, აწყობდა მისთვის წვეულებებს და ახსენებდა, რომ კრუიზი კვლავ ძალაში იყო და, როგორც იქნა, მარია შეთავაზებას დათანხმდა.
კრუიზში არისტოტელე და მარია ერთად დიდ დროს ატარებდნენ, ჯოვანი კი, ძირითადად, სალონში იყო, რადგან მას ზღვის დაავადება ჰქონდა. როდესაც არისტოტელეს ცოლმა თინამ შეამჩნია ფლირტი მის ქმარსა და მომღერალს შორის, მიხვდა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. მისი ეჭვები გამართლდა - სწორედ ამ კრუიზზე დაიწყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და ტრაგიკული რომანი. მარიამ მეუღლეს გამოუცხადა, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულდა და მხოლოდ არისტოტელესთან შეიძლება იყოს ბედნიერი. თავად არისტოტელეს კი ეჭვი ეპარებოდა მარიას გადაწყვეტილებაში და იმაში, უნდა დაეტოვებინა თუ არა ოჯახი. ის, შესაძლოა, მთელი კვირის განმავლობაში გამქრალიყო და როცა მარია იფიქრებდა, რომ ყველაფერი მორჩა, სწორედ მაშინ გამოჩნდებოდა. ეს ამბავი მალევე მივიდა მედიის ყურამდე და გაზეთები აჭრელდა ვარსკვლავისა და მილიარდერის ფოტოებით. ონასისს მოსწონდა ეს ყველაფერი, რადგან წინა მოსაწყენ ქორწინებაში სწორედ ეს აკლდა. ის ცოლს გაშორდა.
მარია საფრანგეთში ცხოვრობდა, არისტოტელე კი - საბერძნეთში. მარიამ გადაწყვიტა, დროებით უარი ეთქვა კარიერაზე და რაც შეიძლება დიდი დრო გაეტარებინა საყვარელ მამაკაცთან. ის ონასისს ყველგან თან დაჰყვებოდა. განქორწინებამ, სკანდალების სერიამ, რომელიც დაკავშირებულია რთულ ურთიერთობასთან, გამოიწვია ძლიერი სტრესი, რის გამოც მომღერალმა დაკარგა ხმა. პრობლემები თავად მარიასა და არისტოტელეს შორისაც გაჩნდა, მათთან ჩხუბი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ონასისს ოფიციალურად უნდოდა დაქორწინება, მარიას კი ეს არ სურდა.
საბოლოოდ, არისტოტელემ მარიასაც უღალატა. ის არ უარყოფდა, რომ მომღერალთან ურთიერთობის დროს რომანი ჰქონდა ჯეკი კენედის უმცროს დასთან, ლისთან. ონასისი ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას გეგმავდა - დატკბებოდა მშვენიერ ლისთან ურთიერთობით და საჭირო კავშირებს დაამყარებდა ამერიკაში პრეზიდენტის დახმარებით. 1963 წელს, მას შემდეგ, რაც ჯეკი და ჯონ კენედების შვილი, პატრიკი გარდაიცვალა, განტვირთვისთვის ონასისმა ისინი საკუთარ კრუიზზე მიიწვია. როგორც გამოცემები წერდნენ, ჯეკი დასთან, ლისთან ერთად მშვენიერ დროს ატარებდა გემზე. კალასმა ყველაფერი შესანიშნავად იცოდა, მაგრამ თავს იმშვიდებდა, რომ ეს ყველაფერი არისტოტელეს ბიზნესისთვის სჭირდებოდა. კრუიზიდან დაბრუნების შემდეგ ონასისმა მარიას უთხრა: „მიყვარხარ, მაგრამ მე ჯეკი მჭირდება“.
არისტოტელე ონასისისა და აშშ-ის პირველი ლედის შეხვედრიდან ერთ თვეში ჯონ კენედი მოკლეს. მაშინ ონასისისთვის შესანიშნავი დრო დადგა, რომ ამერიკელების გული მოეგო. ამერიკაში მას „კანონიერ ქურდს“ უწოდებდნენ და იმედოვნებდნენ, რომ ჯეკი მასთან ურთიერთობას არ გააგრძელებდა. ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა ჯონ კენედის ძმა, ბობ კენედიც. კენედებს სძულდათ ონასისი. ვრცელდებოდა ხმები, რომ ბობს საკუთარი ძმის ქვრივთან ჰქონდა ურთიერთობა, ეს კი დაძაბულობას მასსა და არისტოტელეს შორის უფრო ამძაფრებდა.
საბოლოოდ, 1968 წლის ნოემბერში ჯეკმა და არისტოტელემ იქორწინეს, მარია კალასმა კი ამის შესახებ რადიოთი გაიგო. ქორწინება თავიდანვე ცუდად დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ჯეკი უხასიათო და მეწვრილმანე ადამიანი იყო. არისტოტელე ცდილობდა მარიასთან დაბრუნებას და ყოველ კვირას დაფრინავდა პარიზში. ჯეკი კი ფულს უკონტროლოდ ხარჯავდა, ყიდულობდა ძვირად ღირებულ ქურქებს, აქსესუარებს, კაბებს... ქორწინების პირველ წელს ონასისმა 20 მილიონი დოლარი დაკარგა. მალე ონასისი მიხვდა, რომ ეს ქორწინება იყო მისი მთელი ცხოვრების მთავარი შეცდომა, თუმცა ცოლთან დაშორებას ვერ ბედავდა. ამ დროს კი ჯეკი თავად დაბრუნდა საბერძნეთიდან ამერიკაში. ჯეკი ხვდებოდა, რომ მის ქმარს ურთიერთობა მარიასთან კვლავ ჰქონდა და როგორც კი შეიტყო, რომ ის პარიზში მომღერალთან ერთად სადილობდა, მაშინვე გაფრინდა საფრანგეთის დედაქალაქში და ქმართან ერთად ზუსტად იმავე რესტორანში ისადილა. ამ ფაქტის შემდეგ მარია კალასმა თვითმკვლელობა სცადა.
1973 წელს არისტოტელეს ვაჟი ალექსანდრე დაიღუპა ავიაკატასტროფაში და მილიარდერმა ეს ამბავი, ცხადია, ძალიან განიცადა. მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. იმ დროს ის სამოცდაშვიდი წლის იყო. ცხოვრებამ დაკარგა აზრი და ბიზნესმენი ნელ-ნელა დაუძლურდა. ამის შემდეგ ონასისმა აქტიურად დაიწყო ფიქრი ჯეკთან განქორწინებაზე და აგენტს საბუთების მომზადებაც დაავალა. ჯეკი მარიას არისტოტელესთან შესვლას უკრძალავდა, თუმცა მისი ამერიკაში ყოფნის დროს მარიამ მაინც მოახერხა საყვარელი კაცის ნახვა და მის გვერდით იყო სწორედ მაშინ, როცა ონასისი კომაში ჩავარდა. 1975 წლის 15 მარტს არისტოტელე ონასისი გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მისი ქონების უმეტესობა მის ქალიშვილს, ქრისტინას გადაეცა, ხოლო დანარჩენი - მისი გარდაცვლილი შვილის ფონდს. მარიამ ვერაფერი მიიღო, ისევე, როგორც ჯეკმა. სამართალწარმოების თავიდან აცილების მიზნით კრისტინა დათანხმდა დედინაცვალს, გადაეხადა ოცდაექვსი მილიონი დოლარი იმ პირობით, რომ ის შეწყვეტდა კონტაქტს მათ ოჯახთან.
არისტოტელე ონასისის დაკრძალვაზე მარია კალასი არ იმყოფებოდა, თუმცა გარდაცვლილის მძღოლმა მედიას განუცხადა, რომ მომღერალი ონასისის ერთადერთი სიყვარული იყო: "ის იყო მისი ნამდვილი ცოლი, თუმცა ისინი არასოდეს დაქორწინებულან". ოპერის დივა მას ორი წლის განმავლობაში გლოვობდა: მარიამ შეწყვიტა საზოგადოებაში გამოჩენა და ჟურნალისტებთან ურთიერთობა. 1977 წელს, ორმოცდაოთხი წლის ასაკში მარია კალასი გარდაიცვალა გულის შეტევით. როგორც მოგვიანებით ბევრმა თქვა, ეს „გატეხილი გულის“ ბრალი იყო. სიცოცხლის ბოლო დღემდე კალასი იმ ბედნიერი წუთების დაბრუნებაზე ოცნებობდა, რომლებიც ონასისთან ერთად კრუიზში გაატარა. თავდაპირველად, მარია დაკრძალეს პერ ლაშეზის პარიზის სასაფლაოზე, მაგრამ მოგვიანებით მისი ფერფლი საბერძნეთში, ეგეოსის ზღვაზე გაიფანტა.