„სიყვარული ბოროტებაა“ - როგორ დაქორწინდა არგენტინელი ქალი ტყუპისცალი დის მკვლელზე - Marao

„სიყვარული ბოროტებაა“ - როგორ დაქორწინდა არგენტინელი ქალი ტყუპისცალი დის მკვლელზე

2021-08-24 12:57:25+04:00

სხვადასხვა ეპოქაში ქალებს ყოველთვის განსაკუთრებით მოსწონდათ კრიმინალები და საშიში დამნაშავეები. სიუჟეტი, რომლის შესახებაც ამ მასალაში მოგიყვებით, დანარჩენისგან განსხვავდება იმით, რომ სწორედ ასეთმა ბოროტმოქმედმა გაწყვიტა ტყუპ დებს შორის კავშირი - ერთი მათგანი მოკლა, მეორე კი ცოლად შეირთო.

2010 წლის აგვისტოში არგენტინის პატარა ქალაქ პიკო ტრუნკადოს გარეუბანში იოჰანა კასასის ცხედარი იპოვეს მინდორში. ოცი წლის მოდელს თავზე ორი ნატყვიარი ჰქონდა. ძვირფასი ნივთები და ფული მოპარული არ იყო. პოლიცია ვერ ხვდებოდა, ვის სჭირდებოდა ადამიანის მოკვლა „ასე, უბრალოდ“?! იქნებ მკვლელობა ჩაიდინა კონკურენტმა სამოდელო ბიზნესში? ან გარდაცვლილის უამრავი თაყვანისმცემლიდან ერთ-ერთმა, ეჭვიანობის ნიადაგზე? სამართალდამცველებს იმ დროს უფრო მეტი კითხვა ჰქონდათ, ვიდრე პასუხი. ერთი რამ ცხადი იყო: დანაშაული აუცილებლად ჩაიდინა იოჰანას ნაცნობმა. ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ის უცნობთან ერთად ქალაქიდან ასე შორს, მინდორში წასულიყო.

მკვლელობის ადგილას რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს სიგარეტი, თუმცა წვიმის გამო დნმ-ის ანალიზის ჩატარება და მკვლელის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. უპირველეს ყოვლისა, პოლიციელებმა დაიწყეს გოგონას ოჯახისა და მეგობრების გამოკითხვა: მშობლები, ტყუპისცალი და ედიტი, ბიძაშვილები, დეიდა და მეგობარი ბიჭი. გამოკითხვის დროს გაირკვა, რომ ედიტს სამი წლის განმავლობაში ჰყავდა შეყვარებული, ვიქტორ ჩინგოლანი, რომელიც მანამდე მისი ტყუპისცალის, იოჰანის შეყვარებული იყო. ედიტი ამტკიცებდა, რომ მის მეგობარ ბიჭსა და ამ მკვლელობას შორის კავშირი არ იყო, რომ მას საკუთარი და სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. საქმე სულ უფრო ბუნდოვანი ხდებოდა.

2012 წლის ივნისში ედიტ კასასი წავიდა პოლიციაში თავისი დის მკვლელობის ხელახლა გახსნის მოთხოვნით. იგი პოლიციას მოუყვა, რომ ერთ დღეს, როცა ვიქტორი მისი დის შეყვარებული იყო, მას კი სხვა მეგობარი ბიჭი ჰყავდა, ვიქტორმა მანქანით ჩაუარა, გააჩერა და ჰკითხა, თუ სად მიდიოდა. ედიტმა უპასუხა, რომ შეყვარებული უნდა ენახა. ვიქტორმა შესთავაზა ადგილამდე მიყვანა. ცხადია, ედიტიც დათანხმდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მან დანიშნულების ადგილს გადაუხვია. ვიქტორმა ედიტი მინდორში მიიყვანა და აიძულა, გაშიშვლებულიყო. ის ედიტს რამდენიმე თვის განმავლობაში აუპატიურებდა, თუმცა ედიტი ვერაფერს ამბობდა, რადგან ვიქტორი მას მოკვლით ემუქრებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვიქტორმა გაწყვიტა ედიტთან ურთიერთობა და იოჰანასთან შეხვედრა დაიწყო. პოლიციის კითხვაზე, რატომ დუმდა ის ამ ხუთი წლის განმავლობაში, ედიტმა უპასუხა, რომ ძალიან ეშინოდა, ჩინგოლანი მუშაობდა ნავთობკომპანიაში და ამბობდნენ, რომ მაფიასთან იყო დაკავშირებული. მოსამართლეს სიმართლის გასარკვევად დიდი დრო არ დასჭირვებია, მან 2012 წელს ვიქტორ ჩონგოლანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვიქტორი თავად უარყოფდა ბრალდებას. ედიტი კი ამბობდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მას უყვარდა ვიქტორი და ფიქრობდა, რომ იოჰანა მას არ მოუკლავს. პოლიციას გაუჩნდა ლოგიკური კითხვა, იოჰანას მკვლელობამდე სამი წლის განმავლობაში ვიქტორი და ედიტი ერთმანეთს ხვდებოდნენ - რამ აიძულა ის ყოფილიყო იმ კაცის გვერდით, რომელმაც ჯერ სექსუალური კავშირი აიძულა, შემდეგ კი ემუქრებოდა? „მე ცოლად გავყვები იმ ადამიანს, რომელიც მიყვარს და არა იმას, რომელმაც ჩემი და მოკლა. ვიქტორი არ არის მკვლელი, ის ბუზსაც კი არ მოკლავდა, ის დაზარალებულია ამ საქმეში“ - ამბობდა ედიტი ჟურნალისტებთან საუბრისას.

ედიტისა და იოჰანას მშობლები ფიქრობდნენ, რომ ედიტი ჭკუიდან შეიშალა, მას ჯანსაღად აზროვნება აღარ შეეძლო და მკვლელის გავლენის ქვეშ იყო. გოგონების დედამ განცხადება დაწერა ქორწილის გადადებაზე და მოითხოვდა ფსიქოლოგიური ტესტის ჩატარებას ქალიშვილისთვის. 2012 წლის 31 დეკემბერს, სასამართლოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ედიტი სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა, სასამართლომ მას უფლება მისცა დაქორწინებულიყო ვიქტორზე. ვიქტორმა და ედიტმა იქორწინეს. ედიტის ოჯახი თვლიდა, რომ ეს მისი მხრიდან ღალატი იყო და ცერემონიას არც ერთი მათგანი არ დასწრებია.

მას შემდეგ ედიტი მარტო იბრძოდა საყვარელი მამაკაცის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. 2013 წელს ვიქტორის ადვოკატმა განაცხადა, რომ მკვლელი იოჰანას მაშინდელი შეყვარებული, მარკო დიასი იყო. ამ მოსაზრების ცოტა ადამიანს სჯეროდა. ის კი, თუ რატომ გაჰყვა ცოლად ედიტ კასასი საკუთარი ტყუპისცალი დის მკვლელს, დღემდე უცნობია.