რატომ თქვა უარი კამერონ დიასმა წარმატებულ კარიერაზე და როგორ იქცა ნამდვილი დივა დიასახლისად - Marao

რატომ თქვა უარი კამერონ დიასმა წარმატებულ კარიერაზე და როგორ იქცა ნამდვილი დივა დიასახლისად

2021-08-30 16:24:56+04:00

კამერონ დიასი არაერთხელ აღიარეს ბოლო დროის საუკეთესო მსახიობად. მას არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული და ბევრი რეჟისორის საყვარელი მსახიობია. მიუხედავად ამისა, მან მოულოდნელად გადაწყვიტა კინოინდუსტრიიდან წასვლა. ტაბლოიდები კი დღემდე აქტიურად განიხილავენ მსახიობის ამ გადაწყვეტილების მიზეზებს.

30 აგვისტოს კამერონ დიასი იუბილარია და მისი პირადი ცხოვრება თუ კარიერა კვლავ წინა პლანზე იწევს. მისი გულშემატკივრები კვლავ ელოდებიან მსახიობის ჰოლივუდში დაბრუნებას, ის კი იუბილეს ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე აღნიშნავს. ცნობილია, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში ოფიციალური ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, იქორწინა და დიასახლისის როლი უკვე რეალურ ცხოვრებაში მოირგო. როგორც ჩანს, კამერონს საოჯახო საქმეეები დიდ სიამოვნებას ანიჭებს და მის გარდერობში უკვე ფართო ჯინსები და კომფორტული, დიდი ზომის მაისურები ჭარბობს. ბოლო დროს მსახიობი არც მასშტაბურ ღონისძიებებსა და ფესტივალებზე ჩნდება.

კამერონ დიასი არასდროს ოცნებობდა მსახიობობაზე, მას ცხოველები უყვარდა და ზოოლოგია აინტერესებდა. 16 წლის ასაკში მისი განსაკუთრებული გარეგნობის გამო მას Elite Model Management–თან თანამშრომლობა შესთავაზეს. 1990-იანი წლების დასაწყისში კი დიასი აქტიურად მონაწილეობდა Calvin Klein და Levi's–ის სარეკლამო კამპანიებში. მას არ ჰქონდა სამსახიობო განათლება და ფიქრობდა, რომ დებიუტი ფილმში არც ისეთი წარმატებული იქნებოდა, თუმცა თინა კარლაილის როლმა მას უდიდესი წარმატება მოუტანა და მისი სახელი მსოფლიოს გააცნო. განსაკუთრებული აღიარება კი ფილმებმა Vanilla Sky და Gangs of New York მოუტანა.

კამერონ დიასი იდეალური კანდიდატი იყო „ოცნების გოგოს“ როლის შესასრულებლად. ეს კარიერის დასაწყისში მასაც ხიბლავდა და რეჟისორებიც ცდილობდნენ, არ გაეშვათ მასთან თანამშრომლობის შანსი. მოგვიანებით ის მიხვდა, რომ სხვა ტიპის როლებს უკეთესად ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ რომანტიკულ კომედიებს არც ისე დიდი რეიტინგი ჰქონდა, სალაროში ბილეთები მუდმივად გაყიდული იყო. ამის წყალობით, „ჩარლის ანგელოზებში“ შესრულებულმა როლმა კამერონი მსოფლიო ვარსკვლავად აქცია.

ფილმები, რომლებიც გამოვიდა 2011 წლის შემდეგ, იყო სრული იმედგაცრუება კამერონ დიასის თაყვანისმცემლებისთვის და კინოკრიტიკოსებისთვის. ნელ-ნელა კამერონის რეიტინგი და შემოსავალი იკლებდა. ბოლო წვეთი მსახიობისთვის კი ფილმი „ენი“ გახდა, რომელმაც კინოკრიტიკოსების მხრიდან უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა. ფილმში კამერონმა განსხვავებული, მისთვის აქამდე უცნობი როლი მოირგო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი ძალისხმევა ფუჭი იყო.

ამის შემდეგ კამერონმა გადაწყვიტა, დრო საკუთარი თავისთვის, ჯანსაღი ცხოვრებისთვის დაეთმო და რამდენიმე წიგნიც კი გამოუშვა სასარგებლო რჩევებით. გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ ეს შესვენება დროებითი იქნებოდა და კამერონი კინოს მალე დაუბრუნდებოდა, თუმცა ამაოდ... მან 2018 წელს ოფიციალურად დატოვა ჰოლივუდი.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ კამერონ დიასმა პირადი ცხოვრებისთვისაც მოიცალა. მანამდე მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მათ შორის, ჯარედ ლეტო, ჯასტინ ტიმბერლეიკი... კამერონი საჯაროდ ამბობდა, რომ მას არ სურდა ოფიციალურ ქორწინებაში ყოფნა, არც შვილების ყოლა და არც დედის როლის მორგება:

„ეს რომ მდომებოდა, აქამდე ვიზრუნებდი“ - ამბობდა ის. აზრის შესაცვლელად მას ძალიან ცოტა ხანი დასჭირდა, რაზეც გავლენა იქონია ბენჯი მედენმა, რომელიც როკ-ჯგუფ Good Charlotte-ში გიტარაზე უკრავს. რომანის დაწყებიდან სულ რაღაც შვიდი თვის შემდეგ შეყვარებულები დაქორწინდნენ. როგორ მოახერხა მედენმა დიასის დარწმუნება, დღემდე უცნობია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მსახიობმა სიხარულით მიიღო ბრილიანტის ბეჭედი და მოაწყო საიდუმლო ქორწილი ყველა წესის დაცვით. ქორწინებიდან მალევე, ოდესღაც სექსუალური მსახიობის გარეგნობა სწრაფად შეიცვალა. კამერონმა თითქმის მთლიანად თქვა უარი კოსმეტიკაზე. შეიცვალა მისი სტილი და მეტამორფოზა განიცადა მისმა სხეულმა. როგორც ცნობილია, კამერონი და ბენჯი დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდნენ საერთო შვილზე და ეს ოცნებაც ახდა. წყვილს გოგონა, სახელად რედიქსი შეეძინა.

„მხოლოდ ბენჯისთან ვგრძნობ თავს სრულყოფილად. ბედნიერებაა, რომ ჩვენ ოჯახი ვართ და ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვენდოთ ერთმანეთს. ვუყურებ მას და მშურს საკუთარი თავის“ - ამბობდა მსახიობი. გასაოცარია, თუმცა, განსხვავებით სხვა ცნობილი წყვილებისგან, კამერონი და ბენჯი სკანდალების გარეშე ცხოვრობენ. მათ ცხოვრებაში ღალატი, ეჭვი ან ჩხუბი არ არსებობს. როგორც მსახიობის ახლო მეგობარმა სელმა ბლერმა თქვა, კამერონ დიასი ჰოლივუდში დაბრუნებას აღარ აპირებს, რადგან მისი ცხოვრება ახლა გაცილებით საინტერესო და ლამაზია.