ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ „იმედის დღის“ ეთერში ვახო სანაიასთან განქორწინების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მოახერხეს: „ეს ჩემი დედამთილისა და მამამთილის დამსახურებაა, ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. 17 წელია, ამ ოჯახთან მაქვს ურთიერთობა და მათგან დიდ ზრუნვას და ყურადღებას ვგრძნობ. ამ სიყვარულსა და ურთიერთობას ვერაფერი გაწყვეტდა, რაც უნდა მომხდარიყო ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის“ - ამბობს მარიკა ბაკურაძე.
როგორც მარიკა ბაკურაძემ თქვა, მას და ვახო სანაიას ერთმანეთი სტუდენტობის დროს შეუყვარდათ: „სტუდენტობის პერიოდიდან ვიყავით შეყვარებულები. ასეთ ასაკში ვერ ხვდები, რომ ოჯახი პასუხისმგებლობას უკავშირდება. 21 წლის ვიყავი, როდესაც ჩვენი პირველი შვილი დაიბადა. როდესაც მე და ვახო განვქორწინდით, ჩვენი შვილები 2 და 3 წლის იყვნენ. ვფიქრობ, ამ ასაკში უფრო ადვილი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, ვიდრე ახლა იქნებოდა, მათი თინეიჯერობის ასაკისას” - განმარტავს ის.
მარიკა ბაკურაძემ ის პერიოდიც გაიხსენა, როცა ვახო სანაიამ მეორედ იქორწინა: „უფროსი შვილი პირველად ცოტა დაიბნა, როდესაც ვახომ მეორე ცოლი მოიყვანა. გაუჩნდა შეკითხვა, შენ ხომ დედაჩვენი იქნები მაინცო… მაშინ პატარა იყო. მერე ყველაფერი დალაგდა. ჩემები 13 და 14 წლისანი არიან, ვახოს დანარჩენი შვილები - 1 და 2 წლის. ამიტომ იმხელა სხვაობაა, ეჭვიანობა აღარ გამოდის. ახლა სადაც უნდა მივიდნენ, ყველგან კარგი სიტუაციაა, არსად კონფლიქტი აღარ არის, ჩემთან არიან, ბებიასთან თუ მამასთან, ახალ ოჯახში, ყველგან კარგია. მგონია, მათთვის ეს უფრო მისაღებია, ვიდრე ყველაფერი ერთ სივრცეში იყოს ჩაკეტილი და იყოს მუდმივი დაძაბულობა. თუ გარდაუვალია გაშორება, ყველას ვურჩევდი, რომ ბავშვებს რბილად მიაწოდონ ყველაფერი” - ამბობს მარიკა ბაკურაძე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>