მსოფლიოში ორი ტიპის ადამიანები არსებობენ: ისინი, რომლებსაც მოსწონთ სამსახურამდე 2 საათით ადრე ადგომა ფინჯანი ყავის დასალევად, თავის მოსაწესრიგებლად და ახალი ამბების საყურებლად, და ისინი, რომლებიც მაღვიძარას ხუთჯერ მაინც გადაწევენ და საწოლიდან ბოლო წუთს დგებიან, ხუთ წუთში იცვამენ ტანსაცმელს და წუწუნებენ, რომ ისევ ჩაეძინათ და სამსახურში სწრაფად გარბიან. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ტიპს მიეკუთვნებით, რეალურად, ყველა ადამიანს შეუძლია გამოყოს 10 წუთი დილის რუტინისთვის, რადგან სწორედ ეს პერიოდი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გამოიყურებით და გრძნობთ თავს მთელი დღის მანძილზე.
როგორია საქმიანი ქალის დღის რუტინა? როგორი ვარცხნილობა ჯობს, რომ ატაროთ? - საინტერესო რჩევებს წარმატებული ბიზნესლედი და ცნობილი სტილისტი - ელგა კოტაშვილი გვიზიარებს, რომელიც 13 წელია, ქუვეითში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ელგას ქუვეითში საკუთარი სილამაზის სალონი აქვს, რომლის მრავალრიცხოვან მომხმარებლებს შორის ხშირად შეხვდებით სამეფო საგვარეულოს ოჯახის წევრებსა და ცნობილ ადამიანებს.
ელგა კოტაშვილი:
- ვიღვიძებ დილის 8 საათზე. სახეს აუცილებლად გრილი წყლით ვიბან. ვისვამ დღის მკვებავს და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ვიკეთებ მაკიაჟს. მაკიაჟის კეთების პროცესი ჩემთვის ერთგვარი რელაქსია. ამ პროცესს 15-20 წუთს ვუთმობ. შემდეგ ვაღებ სალონს, ჩემს სტილისტებთან ერთად და აუცილებლად ვსვამ „ქუვეითურ“ ყავას, რომელიც განსაკუთრებული გემოებით გამოირჩევა, და ვიწყებ ჩემი მომხმარებლის მიღებას. მუშაობას ღამის 10 საათზე ვამთავრებ და სახლში საკმაოდ დაღლილი ვბრუნდები. საღამოს რუტინა გრილი აბაზანის მიღებით იწყება. სახის კანის მოსავლელად ვიყენებ გვირილის ნაყენს, რომელსაც თავად ვამზადებ. ეს ნაყენი ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს, მაგრამ ძალიან ინდივიდუალურია და შეიძლება ყველას არ მოუხდეს. შემდეგ ვისვამ მსუბუქ ღამის მკვებავს და ვიძინებ.
- ზოგადად, მოდური თმის ვარცხნილობის ტენდენციები განსხვავდება ქუვეითელი ქალბატონების მოთხოვნებისგან. მათ დამახასიათებელი სტილი აქვთ, გაშლილი და ხვეული თმა. ხშირად იკეთებენ კონტურს, ომბრეს, შატუშს, ოღონდ შედარებით მუქ ფერებში. რაც ზოგადად ითვლება ღია მელირებად, აქ მუქი ფერების კომბინაციაა. თმა ყველას მოვლილი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სამოსში საერთოდ არ უჩანთ. მოკლე ვარცხნილობას თითქმის არავინ ატარებს და მეც მათი საჭიროებების მიხედვით ვმოქმედებ. ქუვეითში თმას სხვადასხვა ტრადიციული ნიღბით უვლიან. არაბეთი თავიდანვე განთქმული იყო ნელსაცხებლებითა და თავის მოვლის განსაკუთრებული საშუალებებით. პირველად სწორედ აქ შეიქმნა ეთერზეთების დისტალაციის გზით სუნამოები. აქაურ ქალებს განსხვავებული თმის პიგმენტი აქვთ, რაც კლიმატური პირობებიდან გამომდინარეობს.
- ზოგადად, საქმიან ქალებს ბუნებრივ ვარცხნილობებს ვურჩევდი, რომლებსაც არ სჭირდება განსაკუთრებული დავარცხნა. ასევე, გრძელი თმის ტარებას, რომელიც საშუალებას გაძლევს, ბევრნაირი ვარცხნილობა გაიკეთო. რა თქმა უნდა, სწორი ვარცხნილობის შერჩევა თმის სტრუქტურაზეცაა დამოკიდებული. გრძელი თმა საშუალებას იძლევა ცვალოთ ვარცხნილობა კვირის დღეების განმავლობაში და თქვენი სამსახურიც არ იქნება რუტინული, რადგან თმა - ენერგიაა, რომელიც ადამიანზე ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს.
თუ დილით ადგომა და შხაპის მიღება გიჭირთ, თმა ძილის წინ დაიბანეთ. დილით შეგიძლიათ ოდნავ დაისველოთ და ფენით ფორმა მისცეთ ან უბრალოდ გააკეთოთ რამე, casual-ის სტილში. გამოიყენეთ დრო მაქსიმალურად. მაგალითად, როდესაც სახეზე მკვებავს წაისვამთ, მაკიაჟის წასმამდე, თმა მოიწესრიგეთ. თუ გრძელი თმა გაქვთ, დროის დაზოგვის მიზნით შეგიძლიათ შეიკრათ „ცხენის კუდი“. შეაგროვეთ თმა ერთად და თავისუფალი რეზინით კეფაზე შეკარით, შემდეგ თითებზე დაიხვიეთ და ჩამოყარეთ ლოკონებივით. სულ ეს არის!