ცნობილი ადამიანების ცხოვრება მარადიული ბრძოლაა მიმზიდველობისა და რეიტინგულობისთვის. ამაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს სწორედ გარეგნობა და ფიზიკური მონაცემები თამაშობს. არავინ ამტკიცებს, რომ პოპულარული მსახიობები, მომღერლები თუ არტისტები იდეალური და უნაკლო გარეგნობის არიან, თუმცა ფორმაში ყოფნა მათი „ვალდებულებაც“ კია. ამის დამსახურებაა, რომ ისინი ახერხებენ, შეაჩერონ დრო და გამოიყურებოდნენ ყოველთვის ახალგაზრდულად. ბევრი ცნობილი სახე დიდ თანხებს დებს თავის გარეგნობაში და თვლის, რომ ეს საუკეთესო ინვესტიციაა. თუმცა ზოგიერთი ცნობილი ადამიანის საიდუმლოება ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ქალისთვის. ზოგიერთი მათგანი გაგაოცებთ, ზოგი კი შეიძლება გახდეს თქვენი ყოველდღიური თავის მოვლის ნაწილი.
ცოტა ხნის წინ გვენ სტეფანიმ 52 წლის იუბილე აღნიშნა - და სინამდვილეში ის 30 წლის გოგოს ჰგავს. ჰიტის Don't Speak შემსრულებელი ყოველდღიურად ვარჯიშობს, აკეთებს კარდიოვარჯიშებს და დარბის. ის სახის კანის გასაჯანსაღებლად სრულფასოვან ძილს ასახელებს. რა თქმა უნდა, მისი დატვირთული გრაფიკით, ყოველთვის არ არის შესაძლებელი სწორი რეჟიმის დაცვა. თუმცა, როგორც კი ვარსკვლავს აქვს თავისუფალი დღე, ის უმეტეს ნაწილს კარგ ძილში ხარჯავს. დაბერების საწინააღმდეგო საშუალება გვენ სტეფანისთვის წითელი ტუჩსაცხია. ნათელი ტუჩები მისი საფირმო ნიშანი გახდა 20 წლის წინ - მას შემდეგ ვარსკვლავი საერთოდ არ შეცვლილა!
კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც 52 წლის გახდა, არის ჯენიფერ ლოპესი. სელებრითის მთავარი წესი მზეზე რაც შეიძლება ნაკლები დროის გატარებაა. ის იცავს კანს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან, რომელიც ანადგურებს კოლაგენს - ნივთიერებას, რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიკურობაზე. ჰიტის On the Floor-ის შემსრულებელს კიდევ ერთი კარგი ჩვევა აქვს - ყოველდღე, გაღვიძების შემდეგ და ძილის წინ, მედიტაციისთვის დროს პოულობს. ეს სასიკეთოდ მოქმედებს არა მარტო მის სულიერ მდგომარეობაზე, არამედ სახის კუნთებზეც, რომლებიც მაქსიმალურად მოდუნდებიან, მომღერალი კი სიმშვიდეს იბრუნებს. კიდევ ერთი ხრიკი, რომელსაც ჯეი ლო მიმართავს, სახის ხშირი დაბანაა. კოსმეტოლოგები ამ ხრიკს არ ამართლებენ, რადგან წყლის ჭარბი რაოდენობა აშრობს კანს, თუმცა, საკმარისია შეხედოთ ვარსკვლავს და მიხვდებით, რომ მასზე ჯანსაღი კანი არავის აქვს!
55 წლის სალმა ჰაიეკს, ჯეი ლოსგან განსხვავებით, არ უყვარს სახის დაბანა - ამას მხოლოდ ძილის წინ აკეთებს. მსახიობი თვლის, რომ დილით დაბანა კანს ართმევს ყველა საკვებ ნივთიერებას და არღვევს მის pH ბალანსს, რომელიც აღდგა ძილის დროს. სალმამ ეს წესი ბებიისგან ისწავლა. მან ასევე მისცა მსახიობს რეცეპტები, რომლებსაც მექსიკელები დიდი ხანია იყენებენ. სალმას არსენალში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალებაა ტენუფლორას მიმოზას ექსტრაქტი, რომელიც მსახიობის სამშობლოში ფართოდ გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ. სხვათა შორის, კოსმეტიკურმა კომპანიებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ ვარსკვლავის ახალგაზრდობის საიდუმლო ინგრედიენტი და ახლა ამ მცენარის პროდუქტების ყიდვა შესაძლებელია უცხოურ ონლაინმაღაზიებში. "ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ", - ამბობს სალმა ჰაიეკი. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ისეთი მძიმე პროდუქტის მიღება, როგორიც ხორცია, მავნებელია ორგანიზმისთვის, რადგან ანელებს ნივთიერებათა ცვლას. თუმცა, მისი აზრით, ვეგანობაც არ ღირს - ხორცი შეიცავს B ვიტამინებს, რომლებიც სასარგებლო გავლენას ახდენენ კანის მდგომარეობაზე.
54 წლის მსახიობი და რეჟისორი რენატა ლიტვინოვა განსაკუთრებით ზრუნავს თავის კანზე. ლიტვინოვას არსენალში ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია უმაღლესი სტანდარტის ვერცხლისგან დამზადებული სახის მასაჟორი. ამ ინსტრუმენტით ჩატარებული პროცედურები დიდი ხანია აღიარებულია, როგორც ნაოჭებთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი. ბევრს მიაჩნია, რომ ძილი ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, თუმცა რენატა ლიტვინოვა არ ეთანხმება ამ შეხედულებას. ის ამბობს, რომ ყველა ადამიანმა უნდა მოიწყოს დეტოქს დღეები. მისი რაციონი ასეთ დროს თეთრი ღვინო და ყველია. მისი აზრით, იმისთვის, რომ ჩვენ თავი ახალგაზრდულად ვიგრძნოთ, საჭიროა გვქონდეს საყვარელი საქმე და გვყავდეს საყვარელი ადამიანები.
ჭორები 55 წლის სუპერმოდელის, სინდი კროუფორდის პლასტიკური ოპერაციების შესახებ რამდენიმე წელია ვრცელდება, თუმცა სოციალურ ქსელებში ვარსკვლავი ხშირად აზიარებს გაახალგაზრდავების ნაკლებად რადიკალურ მეთოდებს. ერთ-ერთი მათგანი ვარჯიშია. ის უკვე 20 წელია, რაც რეგულარულად ვარჯიშობს. სინდი სილამაზის პროდუქტების ნამდვილი მოყვარულია. მისი ერთ-ერთი ფავორიტი პროდუქტი სახის შრატებია. მოდელი მათ ყოველდღიურად იყენებს დილა-საღამოს, არ ავიწყდება კისრისა და დეკოლტეს არეში წასმაც. კროუფორდი არ ივიწყებს დეტოქსის შესახებ და რეგულარულად სტუმრობს ინფრაწითელ საუნას ორგანიზმიდან ტოქსინების მოსაშორებლად. ეს არის თერმული პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სახეობა, რომლის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ გააუმჯობესოთ კანის მდგომარეობა, არამედ გააძლიეროთ ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემები. ექსპერტები გვირჩევენ, ყოველ კვირას ვეწვიოთ ინფრაწითელ საუნას, მაგრამ გვაფრთხილებენ, რომ ეს პროცედურა უკუჩვენებაა ორგანიზმში ანთებითი პროცესების არსებობისას.
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>