პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანის შვილს, ირმა გიგანს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის წარმატებული პიანისტია და მისი წყალობით საქართველოს სახელი არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გაჟღერებულა. 25 წლის პიანისტი დროის ნაწილს საქართველოში, ნაწილს კი ავსტრიაში ატარებს და გულშემატკივრებს საკუთარი წარმატებით ხშირად ანებივრებს.
ირმა გიგანი ცნობილ ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა ცნობილი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანია, ბიძა - მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი, დედა თაკო ჩარკვიანი - პიანისტი, მამა - ბიზნესმენი ჯონი გიგანი.
ირმამ მუსიკალური უნარები ადრეული ასაკიდან გამოავლინა. უკვე სამი წლის ასაკში თვითონ ააწყო ბიძის, მამუკა ჩარკვიანის კომპოზიცია. მან თბილისის კონსერვატორია დაამთავრა და უამრავი მუსიკალური საერთაშორისო კონკურსის ლაურეატიც გახდა. ექვსი წლის ასაკში იტალიაში ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა. მაშინ კონკურსანტების ასაკი 12-დან 16 წლამდე იყო განსაზღვრული, მაგრამ როდესაც ფესტივალზე ირმა გიგანის ჩანაწერი მოისმინეს, პატარა პიანისტი კონკურსზე დაუშვეს. ორი წლის შემდეგ მან შოპენის სახელობის კონკურსის პრემია მოიგო. მოგვიანებით, 14 წლის პიანისტი წარმატებით წარდგა მოსკოვში სოლო-კონცერტით. 2017 წელს დანიაში ირმა პიანისტების კონკურს Aarhus Competition-ის ლაურეატი გახდა, რამდენიმე თვის წინ კი ირმამ ავსტრიის საერთაშორისო კონკურსის, BECHSTEIN-BRUCKNER-ის პირველი პრემია მოიპოვა.
სოციალურ ქსელში ირმა გიგანს უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს, მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები კი ყოველთვის დიდ მოწონებასა და დადებით შეფასებებს იმსახურებს.
გარდა მისი ნიჭიერებისა, ხშირად აღნიშნავენ იმასაც, რომ ირმა განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევა: „საოცარი, სხვა განზომილების გოგო“, „ქვეყნის სიამაყე ხარ“, „ყველაფრით უნიკალური“, „უნიჭიერესი, ულამაზესი და უსაყვარლესი ირმა“ - სწერენ მას „ფეისბუკზე“.