მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძეს საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს. რატის ოჯახში ცეკვა ტრადიციაა და ის მშობლების, თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების ტრადიციას საკუთარ სტუდიაში აგრძელებს. „ძალიან გვიყვარს ერთმანეთთან საუბარი და ცეკვების თითოეული ტურის შემდეგ ყოველთვის მაინტერესებს მისი შეფასება. მუდამ მაგარ იდეებს მაწვდის. ახალ სტუდიაში გადმოვედით და როდესაც მამა პირველად შემოვიყვანეთ, ისე მოეწონა, თქვა, ევროპაშიც კი არ მინახავს ასეთი საცეკვაო დარბაზებიო. ახალი სტუდია მთლიანად მე და ჩემმა ძმამ გავაკეთეთ. იმდენად გვინდოდა კარგი გამოსულიყო, რომ მე და გიგი სარემონტო სამუშაოებშიც ვიყავით ჩართული“ - თქვა მან „სარკესთან“ ინტერვიუს დროს. ამის პარალელურად, რატი უკვე არაერთი წელია, რაც პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ პროფესიონალი მოცეკვავის სტატუსით იღებს მონაწილეობას და მაყურებელს სხვადასხვა პარტნიორთან ერთად არაერთ დასამახსოვრებენ ნომერს სთავაზობს.

ცხოვრებაში რატი გაჩეჩილაძის პარტნიორი მოცეკვავე კარინა ლისენკოა, რომელიც ასევე მონაწილეობს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. პროექტის მეათე საიუბილეო სეზონში ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან: „პირადში ყველაფერი კარგად არის. მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში კარინა ლისენკო გამოჩნდა, ყველაფერი ბედნიერად არის. ჩვენი სიყვარული 6 წელია, გრძელდება. ის უკვე ერთი წელია, ჩემი ცოლი გახდა. კარინა ჩემი ნომერ პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა…“ - აღნიშნა რატი გაჩეჩილაძემ.

