ბევრი ქალი, ალბათ, ოცნებობს, რომ მათ ქალღმერთებივით მოექცნენ, ზოგისთვის კი ეს ოცნება რეალობაა. ინდოეთში, ტრადიციის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის დროს ირჩევდნენ ბავშვს, რომელსაც შემდეგ ისე სცემდნენ პატივს, როგორც ღმერთს. უზრუნველყოფდნენ მათ საუკეთესო საკვებით, სამოსით... როგორც ცნობილია, მონღოლები თაყვანს სცემდნენ გოგონებს - ქალღმერთებს - თუმცა ისტორია არ ინახავს ცნობებს მათ შესახებ, თუ როგორი იყო ქალღმერთივით ცხოვრება.
ნეპალში ასევე არსებობდა კულტი, რომლის მიხედვითაც, გოგო, რომელსაც ამ ტიტულს მიანიჭებენ, ერთადერთი ქალღმერთის, ტალეჯუს განსახიერება იყო. ერთ-ერთ ასეთ ქალღმერთს სპეციალური სტატუსი ჰქონდა - მას ერქვა რაჯ კუმარი, სამეფო კუმარი და ცხოვრობს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში. მხოლოდ მას ჰქონდა წელიწადში ერთხელ შუბლზე წითელი წერტილის, ტილკას გაკეთების უფლება, რაც მისი ძალაუფლების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას ნიშნავდა.
ჩვენს დროში ნეპალი რესპუბლიკაა, სამეფო დინასტია აღარ არსებობს. ამან გამოიწვია ძველი წეს-ჩვეულებების გადახედვა და ტრადიციების გათანამედროვეობა... ახლა „ქალღმერთი“ ნეპალის მთავრობის მიერ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ცხოვრობს. სწორედ ის აკურთხებს პრეზიდენტს და ამ მოვლენას ტელევიზიით ყოველთვის უამრავი ადამიანი უყურებს.
პირველი ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთმა მეფემ, ჯაიაპრაკაშ მალამ, ერთხელ გაბედა იმის თქმა, რომ ქალღმერთი მის ცოლზე ბევრად ლამაზი და მიმზიდველი იყო. საკუთარი ცოლის დამცირებისა და ქალღმერთისთვის სხვისთვის შედარების გამო ქალღმერთმა გადაწყვიტა, რომ ის ჩვეულებრივი გოგოსავით გამოწყობილი ივლიდა და ყველა ქვეშევრდომს მოუწევდა, უბრალო გოგოს სამეფო პატივით მოქცეოდა.
არსებობს მეორე ლეგენდაც, რომლის მიხედვითაც, იგივე ჯაიაპრაკაშ მალამ შეურაცხყოფა მიაყენა გოგონას, რომელსაც არ მიუღწევია მომწიფების ასაკისთვის, გოგო კი სისხლდენით გარდაიცვალა. ამ დანაშაულმა ქალღმერთი აღაშფოთა. მან მეფეს განუცხადა - სიზმრების საშუალებით - რომ ის გამოისყიდდა თავის ცოდვას უბრალო გოგონას თაყვანისცემით, რომელშიც ქალღმერთი ცხოვრობდა. ყოველწლიურად, თუ მას ძალაუფლების გახანგრძლივება სურდა, ამ გოგონას ფეხები უნდა დაეკოცნა.
მას შემდეგ სპეციალური კომისია, რომელიც ბუდისტი ბერებისგან შედგება, ეძებს გოგონას იუველირების კასტაში ნევარის ხალხიდან, რომელიც შეესაბამება ქალღმერთის კრიტერიუმებს. ის სამიდან ხუთ წლამდე უნდა იყოს, ყველა კბილი თავის ადგილზე უნდა ჰქონდეს, არ უნდა ჰქონდეს იარები, უნდა იყოს სასიამოვნო მოსაუბრე... ასევე ამოწმებენ მის ჰოროსკოპს და ეკითხებიან დედას, ესიზმრა თუ არა წითელი გველი. უამრავ გოგოში ქალღმერთის პოვნა ადვილი არ არის, მაგრამ კომისია ამას ყოველთვის ახერხებს.
კუმარის ტიტულის მიღებამდე გოგონა გადის განწმენდის რიტუალებს. სანამ საკუთარი მოვალეობის შესრულებას დაიწყებს, მას მიწაზე ფეხის დადგმა ეკრძალება. სასახლეში ის თოვლივით თეთრი ფურცლების ხალიჩით მიჰყავთ. ამიერიდან ის სასახლის კედლებს მხოლოდ რელიგიურ ცერემონიებში მონაწილეობის მიზნით დატოვებს.
კუმარის ცხოვრება თავისუფალი უნდა იყოს საზრუნავებისგან, რადგან ცრემლები ან ბრაზის ნიშნები განიმარტება, როგორც ღვთიური უკმაყოფილება და კარგს არაფერს ნიშნავს. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით გოგონას, ერთი მხრივ, აფრთხილებენ, რომ ყოველთვის სიმშვიდე შეინარჩუნოს, მეორე მხრივ, ყველას, ვინც მასთან ურთიერთობს, ევალება შეასრულოს მისი ყველა სურვილი (თუ ეს არ არღვევს კუმარის ცხოვრების წესებს).
კუმარი მხოლოდ წითელ სამოსს ატარებს. მას სპეციალურ ვარცხნილობასაც უკეთებენ. კუმარიები სახეს განსაკუთრებულად უხატავენ და არ აქვს მნიშვნელობა, მოსწონს მას ეს თუ არა.
დღესასწაულების დროს კუმარი იღებს სტუმრებს, რომლებსაც მისი კურთხევა სჭირდებათ. საათობით ზის გაუნძრევლად ლომების ფიგურებით მორთულ ტახტზე. ითვლება, რომ კუმარის შეუძლია განკურნოს სისხლთან დაკავშირებული ნებისმიერი დაავადება. მასთან უამრავი ადამიანი მიდის და ისინი საჩუქრებს მის ფეხებთან ტოვებენ, რის შემდეგაც გოგონა ქალღმერთი ნებას რთავს, შეეხონ მის ფეხებს.
მაგალითად, თუ ის თვალებს ხუჭავს, ეს ჟესტი განმარტებულია, როგორც მწუხარება მის წინ მდგომის გარდაუვალი სიკვდილის გამო. თუ მან შეჭამა შეთავაზებული კერძი, სამწუხაროდ, მის წინ მდგომს ფულადი ზარალი დაემუქრება.
ქალღმერთი განათლებას არ იღებს - ქალღმერთი ყოვლისმცოდნეა. მას არ აქვს პროფესია, ჰობი... თავისუფალ დროს მასთან მეგობრები არ მიდიან. ერთადერთი გასართობი ქუჩაში შეკრებილი ხალხის დათვალიერებაა. ხალხი კი თვლის, რომ კუმარის მზერა წარმატების მომტანია და საათობით დგანან მისი ფანჯრების ქვეშ ქალღმერთის მოხატული სახის დასანახად.
ლეგენდის მიხედვით, თალეჯუ შეიძლება დარჩეს ერთი გოგოს სხეულში ერთი წლის განმავლობაში, შესაძლოა - ცხრა წლის. ყოველივე ამის შემდეგ განსხვავებულია ის გარემოებები, როცა გოგონები პირველად გამოცდიან ციკლს ან პირველად მოიცვლიან სარძევე კბილს. ეს პერიოდი მათში გვიან დგება, რაც კვების რაციონთანაა დაკავშირებული - მათ რაციონში ცოტა ცილაა.
მას შემდეგ, რაც გოგოს ქალღმერთობა ჩამოერთმევა, მას ქვეყნის დატოვება ეკრძალება, თუმცა გამონაკლისი არსებობს, როცა ერთ-ერთო მათგანი ამერიკაში ფილმის პრემიერაზე გაფრინდა. ბერები შეთანხმდნენ, რომ ეს კუმარი გაივლიდა განწმენდის რიტუალებს და ეს საკმარისი იქნებოდა.
როცა კუმარს პირველი ციკლი აქვს, მას სასახლიდან მაშინვე არ უშვებენ, ამზადებენ, რომ სტატუსი სხვას გადასცეს. მხოლოდ სპეციალური ცერემონიის შემდეგ უბრუნდება ყოფილი კუმარი ნორმალურ ცხოვრებას და ეს ძალიან რთული გამოცდაა. ის მიჩვეულია, რომ არაფერში ეწინააღმდეგებიან, ყველაფერს უსრულებენ... ახლა მას არ ჰყავს მსახურები, მისი ნება აღარ არის კანონი და არ ესმის, როგორ მოიქცეს ჩვეულებრივ ადამიანებთან, რის გამოც უხერხულ ან სახიფათო სიტუაციებში შეიძლება აღმოჩნდეს.
ლეგენდების თანახმად, ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს დაქორწინდეს ყოფილ ქალღმერთზე, სისხლიანი ხველებით მოკვდება, თუმცა ეს დაბრკოლება არ აღმოჩნდა და თითქმის ყველა ზრდასრული კუმარი დაქორწინებულია და შვილებს ზრდის.
ახლა, როდესაც ნეპალი გახდა რესპუბლიკა და მიიღო კანონები ბავშვთა უფლებების შესახებ, კუმარიებს მიეცათ განათლების შანსი. ის არ სწავლობს მსახურების დროს, მაგრამ წიგნიერების და არითმეტიკის გაკვეთილები აძლევს მას შანსს, დაამთავროს სკოლა, როდესაც მისი ღვთიური სტატუსი დასრულდება.
როგორ ცხოვრობენ ყოფილი ქალღმერთები
2015 წელს National Geographic-მა გამოაქვეყნა მასალა და აღწერა ზოგიერთი ყოფილი კუმარის ბედი. წარმოდგენილთაგან ყველაზე უმცროსი იყო სამიტა ბაჯრაჩარია, თორმეტი წლის ყველაზე უფროსი დანა ბაჯრაჩარია, სამოცდათორმეტი წლის.
მატინა შაკია, სამეფო კუმარი 2008 წლიდან 2017 წლამდე, გახდა პირველი ქალღმერთი გოგონა, რომელსაც მასწავლებელი ჰყავდა. იგი ნებით იძლევა ინტერვიუებს მას შემდეგ, რაც დაკარგა ღვთაებრივი სტატუსი. ის ამბობს, რომ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება ძალიან მტკივნეული იყო. მატინა იხსენებს, რომ კუმარის მოვალეობები არც ისე დამღლელი იყო. წელიწადში ცამეტჯერ, სასახლიდან ცერემონიებისთვის გასასვლელად, ყელზე ჯადოსნური გველის ფორმის ყელსაბამი ეკიდა. სანამ ყელსაბამი გოგონას ყელზე ეკიდა, არც ჭამა შეიძლებოდა და არც დალევა. ის დაღლილობის გარეშე არიგებდა კურთხევას.
სხვათა შორის, მატინას ქალღმერთის სტატუსში ყოფნის პერიოდში ტალეჯუს ნამდვილი სასწაული მოხდა. კატმანდუში ძლიერი მიწისძვრა იყო, ბევრი სახლი დაინგრა და ბევრი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ სასახლე დარჩა თითქმის ხელუხლებელი.
ქალღმერთებიდან პირველი, ვინც მიიღო პროფესიული განათლება, იყო რაშმილა, სამეფო კუმარი 1984 წლიდან 1991 წლამდე. რაშმილა პროგრამისტია. ყოფილი კუმარი პრეეტი, მატინას წინამორბედი, ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ სურდა გამხდარიყო მოცეკვავე და ემოგზაურა მთელ მსოფლიოში, რაზეც ვერც ერთი სხვა ქალღმერთ-კუმარი ვერ იოცნებებს...