ანიტა რაჭველიშვილი პირველი შვილის დედა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მის „ფეისბუკგვერდზე" გამოქვეყნდა: „პატარა ლილიანა მაისურაძე დაიბადა. ორივე ჯანმრთელადაა და თავს კარგად გრძნობს. მადლობა, ღმერთო, ყველაფრისთვის“ - წერია პოსტში.
ანიტა რაჭველიშვილის სახელი დიდი ხანია, რაც საქართველოს საზღვრებს გასცდა და მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ საოპერო მომღერალს, მსოფლიო იცნობს. წარმატებული კარიერის პარალელურად, ანიტა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და საკუთარ მოსაზრებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ღიად გამოთქვამს. სულ ცოტა ხნის წინ ანიტამ გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლე გაუზიარა და დაწერა, რომ ორსულად იყო, ამ მნიშვნელოვანი პერიოდის გატარებას სიმშვიდეში აპირებდა, ამიტომ დროებით სცენას დაემშვიდობა.
ანიტასა და მის რჩეულს, ოთარ მაისურაძეს, აგვისტოში თანაცხოვრების 5 წელი შეუსრულდათ. „ქორწინებიდან 5 წელი, ბედნიერების ხუთი წელი... ძალიან მიყვარხარ, ოთი“ - წერდა ანიტა. წყვილს პირველი შვილი ლილიანა 29 ნოემბერს შეეძინა.