მოხდა სასწაული და თქვენი ბუკლიკოც დაიღალა. დასასვენებლად ბათუმს მივაშურე, მაგრამ იქაც ვერ დავისვენე ადამიანურად. ჯერ იყო და ამინდებმა გადამრია (სულ არ იყო ისეთი ქათქათა, ბათუმზე სიმღერაში რომ გვატყუებენ) და მერე, აბა, მე რა დამასვენებდა, იქ ისეთი ამბები ხდებოდაა...
ბევრი ვიარე თუ ცოტა, ენაგადმოგდებულმა თქვენთვის საინტერესო ამბების შესაგროვებლად, დავიღალე და ბულვარს მივაშურე დასასვენებლად. თან იმ ყბადაღებული ალისა და ნინოს ნახვა მინდოდა, ერთმანეთში რომ შედიან და გამოდიან უსირცხვილოდ ამდენი ხალხის თვალწინ.
ეკრანიდან ისეთი მაღალი ჩანდა ეს სკულპტურა, მეგონა, ცათამბჯენივით მაღალი იქნებოდა და სულ მაღლა-მაღლა ვიყურებოდი, იქნებ სადმე მოვკრა თვალი-მეთქი. მე შენ გეტყვი, ჰკითხავ ვინმეს და გეტყვის. რამდენი პირი გავაღე და შეკითხვა დავსვი, იმდენი მხრებაჩეჩილი თურქი შემრჩა ხელში.
ჩემი რესპონდენტი, ხვიჩა მაღლაკელიძე რომ დავინახე ოჯახთან ერთად, ხელები გავშალე და გავექანე ”ქართველი ხარ, ბიჭოს” ძახილით.
- ხვიჩა, ალისა და ნინოს ქანდაკებას ვეძებ ორი დღეა და იქნებ მიმასწავლო, საით წავიდე...
- ეგ რომელი, არმატურების სექსი?
- ჰო, იყოს თუნდაც არმატურების სექსი, ოღონდ მასწავლე, სად ვნახო.
- ასე ივლი ქვემოთ, ეშმაკის ბორბლისკენ, ოღონდ არ დაჯდე ზედ - ეგ ადრე ბულვარის თავში იდგა და ბულვარის ბოლოში რომ გადმოიტანეს, ნაწილები მორჩათ. ეს რაღად გვინდაო, უფიქრიათ და გადაუყრიათ; ნუ გარისკავ მაინც. იქვე შეჯგუფებულ ხალხს დაინახავ და სიბნელეში არმატურების სექსიც გამოჩნდება.
მივაგენი, როგორც იქნა. ასე, დაახლოებით ე.წ. ხრუშოვკების სტილის სახლის ჭერის სიმაღლის იქნება. ერთი-ორი შესვლა-გამოსვლა ვნახე და მომბეზრდა. წამოვედი, ამოვუყევი ბულვარს ზევით და თვალში ერთი ფრიად ლამაზი ბუნგალო მომხვდა, სახელწოდებით ”ივერია”.
ვიფიქრე, ფოტოს მაინც გადავიღებ ამ ბუნგალოს ფონზე, აბა, ალისა და ნინოს ვერ შევწვდი-მეთქი და იქვე, ზოლიან მაისურში გამოწყობილი ბიძა წამოდგა ქვის სკამიდან, - ჯერ ნუ გადაიღებთ, არ შეიძლება, გეტყვით, როცა იქნება შესაძლებელი ფოტოს გადაღებაო, მითხრა.
მანამდე რამდენიმე ავტომატიანი ბიჭიც შევნიშნე. ვიფიქრე, აქ ჩემთვის საინტერესო რამ ხდება-მეთქი. იქვე ჩამოვჯექი, ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და ზოლიანს გადავხედე.
- მოწევა შეიძლება?
- მოწევა კი, სუნთქვაც (გამიღიმა).
ორჯერ ჩასუნთქვა მოვასწარი, რომ ამ ბუნგალოდან ჩვენი პრეზიდენტი გამოვიდა. უკან შავ კოსტიუმში გამოწყობილი სამი ახმახი მოჰყვებოდა. ელვის სისწრაფით ჩაჯდა იქვე, სასეირნო ბილიკის გადაღმა მდგარ ვერცხლისფერ მანქანაში და პიაცასკენ აიღო გეზი.
უკან სირბილით მისდევდნენ ეს კეისიანი ახმახები და ჩემი ზოლიანიც. გვიან მივხვდი, თურმე, მიშას დაცვა რომ მიღიმოდა და მიკრძალავდა ფოტოს გადაღებას. იმ ადგილიდან, საიდანაც პრეზიდენტი გამოვიდა, გია ბარამიძე დარჩა რამდენიმე თანმხლებ ქალბატონთან ერთად.
სამწუხაროდ, სიბნელეში მათი სახეები ვერ ამოვიცანი. ამ დროს სწორედ ამ ბუნგალოდან სამუშაო ფორმაში გამოწყობილი ქალბატონი გამოვიდა დიდი შავი ცელოფნის პარკით და ნაგვის ბუნკერისკენ გაემართა ჩქარი ნაბიჯით.
- უკაცრავად, ქალბატონო, თქვენ ”ივერიაში” მუშაობთ?
- დიახ.
- მომეჩვენა, თუ ჩვენი პრეზიდენტი გამოვიდა ახლა იქიდან?
- კი, პრეზიდენტი იყო.
- ხშირად გსტუმრობთ?
- მოდის ხოლმე.
- რას მიირთმევს ხოლმე?
- გემრიელი ხაჭაპური გვაქვს. მაპატიეთ, მეჩქარება.
ძალიან კი მომინდა ამ ხაჭაპურის დაგემოვნება, მაგრამ კლუბში მიმეჩქარებოდა, მეტად საინტერესო სახელწოდების ჯგუფის კონცერტზე.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ”რეიტინგი”
(გამოდის ორშაბათობით)
იხილეთ ვიდეო: "ალი და ნინო"- ს კორეელი "ორეულები"