მოდელი კესარია აბრამიძე თათია შარანგიას გადაცემა „სთორის“ სტუმრობდა. მან საკუთარ ცხოვრებასა და განვლილ გზაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბავშვობიდან განსხვავებული იყო: „მე შინაგანად ვგრძნობდი, რომ არ ვგავდი სხვებს და ეს ძალიან მომწონდა. პროტესტი მამასაც ჰქონდა, დედასაც... მე-6 კლასში ვიყავი, როცა ვთქვი, რომ ცალკე ცხოვრება მინდოდა და დედამ შოკი მიიღო. იყო ყველას დაკარგვის საშიშროება, მაგრამ ჩემმა გადადგმულმა ნაბიჯებმა მიახვედრა ყველა, რომ მე სწორ გზაზე ვიყავი. ყველა ოცნება ავიხდინე, რაც კი მქონდა ცხოვრებაში იმ პატარა კესარიას გადმოსახედიდან. ახლა აღარ ვოცნებობ, მაქვს მიზნები“ - განმარტა კესარიამ.
კესარია აბრამიძემ წარსულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და პირველი სიყვარული გაიხსენა: „ჩემს ცხოვრებაში ყველა ადამიანი მახსოვს, ვისაც მინიმალური რამ მაინც გაუკეთებია და ყველასი მადლიერი ვარ, თუნდაც ჩემი პირველი ქმრის. 19 წლის ვიყავი, როცა გავიცანი და ძალიან ბავშვური, გულწრფელი სიყვარული იყო. დღეს მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მან ძალიან გარისკა, იმ პერიოდში ძალიან ბნელოდა. არაერთ გადაცემაში გამოვიდა და თქვა, ჩემი ცოლია, უკიდეგანოდ მიყვარსო. ვაფასებ ამას, ძლიერი ადამიანი იყო. არ ველოდებოდი ასეთ ნაბიჯს. ეს პირველი სიყვარული იყო ჩემთვის“ - გაიხსენა მან.

„მე არ ვარჩევ პარტნიორს და სტერეოტიპებით არ ვცხოვრობ. შეიძლება მომეწონოს პუტკუნა და მელოტიც და მაღალი და ნავარჯიშებიც. გარეგნობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, გაჩნდეს ქიმია. ჩემმა ერთ-ერთმა ყოფილმა მითხრა, მირჩევნია, მყავდეს არაფრით გამორჩეული გოგო, ვისთანაც თავს მამაკაცად ვიგრძნობ, ვიდრე შენო. შენ ძალიან ძლიერი ქალი ხარ და ეს ჩემთვის ზედმეტიაო“ - თქვა კესარია აბრამიძემ.