საბავშვო სილამაზის კონკურსს, სახელწოდებით Toddlers & Tiaras, რომელიც ამერიკულ ტელეარხზე შოუს ფორმატით გადის, დიდი ხანია, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.
ღამის პეპლებივით გამოწყობილი 4-5 წლის ბავშვები, რომლებსაც პირში ხელოვნური სიგარეტები აქვთ გაჩრილი, ბევრის აღშფოთებას იწვევს, მაგრამ გადაცემის რეიტინგი მაინც არ ეცემა. პირიქით, მსგავსი კონკურსები უფრო და უფრო მატულობს: უკვე ბრიტანეთშიც გააკეთეს იგივე ფორმატის გადაცემა.
საბავშვო სილამაზის კონკურსები ბოლო წლების ნოუ-ჰაუ არ არის, ისინი დიდი ხანია არსებობს. მაგრამ ბოლო დროს ეს შოუები უფროსების ბიუთი-შეჯიბრების სახეს უფრო იღებს, ვიდრე პატარების უწყინარ კონკურსს.
პატარები ფუშფუშა კაბებსა და ბაფთებში აღარავის აინტერესებს. ახლა კონკურსანტი ბავშვები მკვეთრ მაკიაჟში, ავტორუჯით და ხელოვნური წამწამებით სცენაზე საცურაო კოსტიუმებშიც გამოჰყავთ.
ბევრი მონაწილე გოგონა 7 წლის ასაკში უკვე ასეთი შოუების "ვეტერანი" ხდება: მონაწილეობას კონკურსებში 2 წლიდან იღებენ. მაგალითად, ერთ-ერთმა დედიკომ წლინახევრის ტყუპი ბრიტანეთის სილამაზის კონკურს Glitz Sparkle-ში მონაწილეობის მისაღებად მიიყვანა.
"რა თქმა უნდა, მათ არ ესმით, რა ხდება. ამიტომაც ეს კონკურსი უფრო ჩემთვის არის, ვიდრე მათთვის, - ამბობს ტყუპის დედა. - როცა თვლი, რომ შენი შვილები ქვეყნად საუკეთესოები არიან, რატომ არ უნდა აჩვენო ისინი მსოფლიოს?"
ასეთ კონკურსებს ბევრი აკრიტიკებს. "მსგავსი ღონისძიებები ადრეულ სექსუალურ განვითარებას იწვევს, - ამბობს ბავშვთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის დირექტორი კლოდ ნაიტსი. - ბავშვები არ ირჩევენ იმას, რომ მიიწებონ წამწამები, წაისვან მკვეთრი მაკიაჟი, გამოვიდნენ საცურაო კოსტიუმებში თუ, უბრალოდ, ითამაშონ თანატოლებთან."
დედებს, რომლებიც ბავშვებს სილამაზის კონკურსებში მონაწილეობისთვის ამზადებენ, აქვთ მსგავს კრიტიკაზე პასუხი.
"ბავშვები, რომლებიც სილამაზის კონკურსებში მონაწილეობენ, განსხვავებულები არიან. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ჩვენს ირგვლივ ბევრი ძველმოდური, წინსაფარაფარებული დედაა, რომელთაც მხოლოდ სხვისი კრიტიკა იციან.
სამაგიეროდ, მათ არავინ აკრიტიკებს, რადგან ასეთი დედების შვილები მოსაწყენები არიან და არაფერს წარმოადგენენ", - ამბობს ერთ-ერთი კონკურსანტის მშობელი.
ასევე იხილეთ ვიდეო: 16 წლის გოგონა - ბარბი რეალურ ცხოვრებაში