თეა წულუკიანი პოლიტიკოსის ამპლუაში ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე, თუმცა ამჯერად ის გადაცემა „საღამოს პოსტს“ სტუმრობდა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. როგორც მან გაიხსენა, ბავშვობაში ძალიან მშვიდი და დაკვირვებული იყო, ცდილობდა, ყოფილიყო წარმატებული, კარგად ესწავლა და ჰქონოდა საინტერესო ცხოვრება. „ძალიან არ მინდოდა, ვყოფილიყავი მხოლოდ დიასახლისი, განა იმიტომ, რომ ეს ცუდია, უბრალოდ მინდოდა ბევრ ადგილას წავსულიყავი, ბევრი რამ მენახა... რომ არა ჩემი მშობლების მხარდაჭერა, 16 წლის ასაკში ვერ წავიდოდი საფრანგეთში და ვერ დავიწყებდი იქ სწავლას“ - თქვა მან.

თეა წულუკიანმა ოჯახისა და შვილის შესახებაც ისაუბრა: „ფაქტი, რომ მე ჩემი ერთადერთი შვილი შემეძინა 42 წლის ასაკში, ვთვლი, რომ ღვთის ძალიან დიდი წყალობაა და სწორედ ამიტომ შევძელი კარგი დედობა. მე ადრეულ ასაკში დედობისთვის მზად არ ვიქნებოდი. ვამაყობ, რომ მიუხედავად სამსახურისა, შევძელი მეგობრული ურთიერთობის დამყარება და დედაშვილური კავშირის ჩამოყალიბება. ალბათ, ეს არ უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მეუღლე არის ჩემზე 9 წლით უმცროსი, არის ძალიან კარგი ადამიანი და, ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რაშიც გამიმართლა. ის, რომ ის ყველაფერი აიტანო, რასაც ის იტანს, ძალიან რთულია, ვაღიარებ. არის ძალიან კარგი მეუღლე, ძალიან კარგი მამა“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.