„მასტერშეფის“ ყველაზე პოზიტიური მონაწილე, რომელმაც მაყურებელს თავი საკუთარი ინდივიდუალურობითა და მუდამ დადებითი განწყობით დაამახსოვრა, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მძიმე სენზე საუბრობს, რომელიც მან უკვე დაამარცხა. როგორც პაატა ჭონიაშვილმა განმარტა, სახის სიმსივნე მილიონში ერთ ადამიანს ემართება და ის პირველი ადამიანია საქართველოში, რომელსაც ეს ოპერაცია ჩაუტარდა:
„ზუსტად 2 წლის წინ, რომ გავიღვიძე, ბალიში იყო სისხლიანი. ეს ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა არავისთან ვამბობდი. ერთი თვის შემდეგ სმენა გამიქრა. მერე წავედით ექიმთან, რომელმაც მითხრა, რომ სმენის გადარჩენისთვის კი არ უნდა მეზრუნა, არამედ - სიცოცხლის. ეს უნდა გადამეხარშა, რომ მე მქონდა სიმსივნე. ვერ იტყვი სიტყვებით, რას გრძნობ მაშინ ადამიანი. აქამდე თუ რამეს ანიჭებდი მნიშვნელობას ცხოვრებაში, მერე უმნიშვნელო ხდება... სტატისტიკურად, ჩემი დაავადება მსოფლიოში მილიონიდან ერთ ადამიანს ემართება, აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა და არც ოპერაცია გაკეთებულა. ეს დიდი პრობლემა იყო. საბედნიეროდ, ვიპოვეთ ექიმი, რომელმაც გამიკეთა საკმაოდ ხანგრძლივი ოპერაცია. 100%-ით არ მესმის, მაგრამ მთავარია, რომ გადავრჩი. მთავარი ამ დროს ოჯახია, სახლში არ უნდა ჩავიკეტოთ და უნდა ვიყოთ ბედნიერები. ვინც ახლა გადიხართ ამ ეტაპებს, მინდა გითხრათ, რომ ერთი ნაბიჯით უნდა ვაჯობოთ ჩვენს თავს, ეს ჩვენი ცხოვრების დასასრული არ არის, ეს ახალი ეტაპია, რომ ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის და უფრო მეტად გვიყვარდეს“ - თქვა პაატა ჭონიაშვილმა.
