ტოპ 5 ქართველი მომღერალი, რომლებმაც საზღვარგართ დიდ წარმატებას მიაღწიეს - Marao

ტოპ 5 ქართველი მომღერალი, რომლებმაც საზღვარგართ დიდ წარმატებას მიაღწიეს

2021-12-20 12:56:12+04:00


ბევრი ცნობილი ადამიანია, რომლებმაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდ წარმატებას მიაღწიეს და ახლა პოპულარობის ზენიტში არიან. ისინი სხვადასხვა კონტინენტსა თუ ქვეყანაში მოღვაწეობენ და მათი ცნობადობა დღითი დღე იზრდება.

ქეთი მელუა დაიბადა ქალაქ ქუთაისში, თუმცა ბებიასა და ბაბუასთან თბილისში იზრდებოდა, მოგვიანებით კი მშობლებსა და ძმასთან ერთად ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა. 1993 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია), სადაც ქეთის მამამ მუშაობა საავადმყოფოში დაიწყო. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინეს სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა. 1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი რედჰილში გადასახლდა (ინგლისი). ქეთი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. იგი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი მომღერალია.

თამთა გოდუაძე საბერძნეთში პოპულარული სინგლების, „Ftes“ („შორს“, რომელსაც ორიგინალში გალა ასრულებდა) და „Den Telioni Etsi i Agapi“ („სიყვარული ასე არ მთავრდება“) გამოშვების შემდეგ გახდა. 2014 წელს ის დაბრუნდა საქართველოში, გადაცემა The X Factor-ის ქართული ვერსიის ჟიურის წევრად. თამთა გოდუაძემ წარადგინა კვიპროსი 2019 წლის "ევროვიზიაზე" სიმღერით „Replay“ და დაიკავა მე-13 ადგილი.

ქეთა თოფურია 1986 წლის 9 სექტემბერს დაიბადა თბილისში. იგი მოღვაწეობს რუსეთში და ჯგუფ „ა-სტუდიოს“ სოლისტია. ქეთას მუსიკასთან ბავშვობიდანვე ჰქონდა შეხება. 1998 წელს დაამთავრა გოგი სუდრაძის სახელობის თბილისის მუსიკალური სკოლა, ხოლო 2003 წელს — მუსიკალური სასწავლებელი ვოკალის მასწავლებლის სპეციალობით. 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ შეწყვიტა სწავლა მას შემდეგ, რაც მიიღო მოწვევა ჯგუფ „ა-სტუდიოსაგან“ ჯგუფის იმჟამინდელი ვოკალისტის, პოლინა გრიფისის ჩასანაცვლებლად. მოწვევაზე დათანხმების შემდეგ ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2005 წელს ის წარადგინეს „ა-სტუდიოს“ ახალ ვოკალისტად. ის რუსეთში ტოპ- მომღერლების ჩამონათვალშია.

ანიტა რაჭველიშვილი თავდაპირველად სწავლობდა ალექსი მაჭავარიანის სკოლაში საფორტეპიანო განხრით, ხოლო შემდეგ — ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მანანა ეგაძესთან ვოკალის მიმართულებით. სწავლის პერიოდში მან მიიღო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია. 2007 წელს მიენიჭა პაატა ბურჭულაძის პრემია. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში იგი საოპერო სტუდიაში ასრულებდა მადალენას პარტიას ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოში“ და ოლგას პარტიას პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინში“. 2006 წლის შემოდგომაზე იგი მიიღეს ოპერის დასში. 2007 წელს ანიტა რაჭველიშვილი სასწავლებლად მიიწვიეს მილანში, ლა სკალას აკადემიაში, სადაც მას მოუსმინა დანიელ ბარენბოიმმა და შესთავაზა მთავარი როლი ჟორჟ ბიზეს "კარმენში". 2009 წლის 7 დეკემბერს ანიტა რაჭველიშვილს დიდი წარმატება მოუტანა ლა სკალას სეზონის გახსნაზე შესრულებულმა მთავარმა როლმა ოპერა "კარმენში". ამის შემდეგ მან კარმენის პარტია შეასრულა მსოფლიოს ისეთ დიდ ოპერებში, როგორებიცაა "მეტროპოლიტენ ოპერა", ბერლინის Deutsche Opera, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, სიეტლის ოპერა, სან-ფრანცისკოს ოპერის თეატრი, ტურინის Teatro Regio, კანადის ოპერის თეატრი, "არენა-დი-ვერონა" და ხელახლა გამოჩნდა ამ როლში ლა სკალაში. 2014 წლიდან ანიტას ჰყავს ჯაზ-ბენდი, რომელსაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობს. მათ უამრავი გამოსვლა ჰქონდათ ნიუ-იორკსა (კლუბი „Le Poisson Rouge“) და თბილისში („Rooms Garden“, ევგენი მიქელაძის ცენტრი, ფილარმონია), სადაც ჯაზს და ქროსოვერს ასრულებდნენ. ანიტა რაჭველიშვილი აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში.

ნინო მაჩაიძე - ქართველი საოპერო მომღერალი 8 წლის ასაკში ესწრებოდა ფორტეპიანოს გაკვეთილებს. ვოკალური განათლება მიიღო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგ დოდო დიასამიძესთან. 17 წლის ასაკში ნინომ მოიპოვა პირველი პრიზი საქართველოში. 2000-05 წლებში ნინოს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში არაერთხელ შეუსრულებია ცერლინის („დონ ჟუანი“), ნორინის („დონ პასკუალე“), ჯილდას („რიგოლეტო“) პარტიები. 2005 წელს მან 400 პრეტენდენტთა შორის გაიმარჯვა კონკურსი ლა სკალას ახალგაზრდა ვოკალისტთა აკადემიაში და მაშინვე მიიღეს. ამ მომენტისთვის მომღერალი ცხოვრობს მილანში, თავისუფლად საუბრობს იტალიურად და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას.

ავტორი: ლუკა მელაშვილი