ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სპორტსმენი, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია უკვე წლებია, რაც საქართველოში არ ცხოვრობს. ის და მისი მეუღლე თიკა ალავიძე შვილებთან ერთად ამერიკაში, კალიფორნიაში ცხოვრობენ და გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს ხშირად უზიარებენ. ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძეს 4 შვილი: დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავთ.
ამჯერად ზაზა ფაჩულიამ ოჯახისა და მამის გარდაცვალების შესახებ ნოე სულაბერიძის გადაცემაში ისაუბრა: „მამა ავადმყოფობდა. იმ დღეს მთელმა ოჯახმა, ყველამ ვიცოდით, რომ მიდიოდა ექიმთან, მაგრამ რამდენიმე საათში გავიგეთ, რომ მამა გულით გარდაიცვალა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში.
14 წლის ასაკი არის ზუსტად ის ასაკი, როდესაც მამა განსაკუთრებულად გჭირდება, სწავლობ ბევრ რაღაცებს, თვისებებს. განსაკუთრებით ბიჭისთვის მამის არყოფნა ძალიან, ძალიან რთული იყო, თან მეგრელებისთვის… ზოგადად, ყველასთვის ტრაგედია ტრაგედიაა, მაგრამ მეგრელები მაინც სხვანაირად აღიქვამენ… ჩემთვის არავის ეცალა, იმდენად ვიყავით მამაზე დამოკიდებულები, ოჯახის ლიდერი იყო.
მახსოვს, ივლისში უნდა დავბრუნებულიყავი თურქეთში, მაგრამ სექტემბერი დადგა და მე კიდევ აქ ვიყავი. არ ვიცი, ერთ დღეს რა მოხდა, დედაჩემმა მითხრა – ჩაალაგე, უნდა წავიდეთო. მოკლედ, ასე დავბრუნდით თურქეთში. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო მაშინ. პატარა ვიყავი და ვერ გამოვხატავდი მაშინ, რამხელა ტკივილი იყო მამის დაკარგვა, მაგრამ ამ ტკივილს კიდევ ტკივილი ემატებოდა, ვერ ვაკეთებდი იმას, რაც ძალიან, ძალიან მიყვარდა" - თქვა ზაზა ფაჩულიამ.
კალათბურთელმა მეუღლესთან პირველი შეხვედრაც გაიხსენა: "საქართველოში რომ ჩამოვდივარ, ყველაფერი ქართული მენატრება: სამზარეულო, კონცერტები, მუზეუმები და ა.შ. ძალიან მიყვარს. აღმოჩნდა, რომ მცხეთაში სუხიშვილების კონცერტი იყო. მეგობარმა დამპატიჟა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. წავედი და ვისიამოვნე კონცერტით. ჟრუანტელი მივლიდა, თან ზოგადად, “სუხიშვილების” ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ. კონცერტის მერე კულისებში აღმოვჩნდი.
მაშინ ატლანტაში ვთამაშობდი და აქ არავის ვიცნობდი. ისე მოხდა, რომ გავიცანი თიკა, კონცერტის მერე. რა თქმა უნდა, იცოდა, ვინ ვიყავი. გოგოებს უყვართ ხოლმე თავის დაფასება, არ შეიმჩნია, რომ იცოდა, მაგრამ მერე გამომიტყდა, რომ რა თქმა უნდა, იცოდა, ვინც ვიყავი. იმ საღამოს წავედით ვახშამზე და ზუსტად ცხრა საათზე თიკა სახლში წავიდა. შემდეგ მივხვდი, რასთან მქონდა ურთიერთობა. ასე დაიწყო ყველაფერი. ზუსტად წელიწად-ნახევარში უკვე ოჯახი შევქმენით.
თიკა რომ გავიცანი, კალათბურთი საერთოდ არ იცოდა. დღეს სერიოზული საუბარი და დისკუსია შემიძლია გავმართო თიკასთან კალათბურთზე. ძალიან დიდი გულშემატკივარია. წარმოიდგინე, დღეს მე აქ ვარ, თიკა კიდევ ბიჭებთან, ამ შაბათ-კვირას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ჰქონდათ, თიკას ჰყავს წაყვანილი და მეხმაურება, თუ როგორ ითამაშეს ბიჭებმა და მე ვენდობი თიკას. გიჟი დედაა, ძალიან დიდი გულშემატკივარია. მე გამიმართლა, რომ ასეთი მეუღლე შემხვდა, მაგრამ ბავშვებს გაუმართლათ, რომ ასეთი დედა ჰყავთ" - თქვა ზაზა ფაჩულიამ