ანგელოზი სევდიანი თვალებით - Marao

ანგელოზი სევდიანი თვალებით

2011-04-04 16:52:12+04:00

1929 წლის 4 მაისს ბრიუსელში დაიბადა გოგონა, რომელსაც ედა კეტლინი დაარქვეს. თუმცა, მაშინ ალბათ არავინ იცოდა, რომ ის სულ სხვა სახელით -ოდრი -გახდებოდა საქვეყნოდ ცნობილი.
ედა-ოდრის ბედნიერი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონდა. ორივე მშობლის ფეთქებადი ხასიათის გამო ოჯახში სულ სკანდალები იმართებოდა.

უფროსი ძმებიც სულ აბრაზებდნენ დას. სიყვარულს მოკლებული ოდრი შოკოლადით იოხებდა გულს -ჭამდა განუსაზღვრელი რაოდენობით. მომავალში ოდრი დაწერს: "შოკოლადი იყო ჩემი ერთადერთი სიყვარული, ჩემთვის მას არასოდეს უღალატია".

ოდრი სწავლაში იკლავდა დარდს. ინგლისურისა და ფრანგულის გარდა მან ზედმიწევნით შეისწავლა ჰოლანდიური. დადიოდა ბალეტის გაკვეთილებზე. მაგრამ მალე მიხვდა, რომ მისგან დიდი მოცეკვავე ვერ დადგებოდა.

მაშინ ოდრიმ ძალები სხვა სფეროებშიც მოსინჯა: პოზირებდა მოდური კატალოგებისთვის, მუშობდა მოდელად, იღებდნენ სარეკლამო რგოლებში. პარალელურად მუშობდა ღამის კლუბ Ciro-ში, სადაც მკერდის გასადიდებელად ოდრი ბიუსტჰალტერში დაგორგლილ წინდებს იტენიდა.

არადა, გავა დრო... და ბილი უაილდერი ოდრის უწოდებს გოგონას, რომლის დამსახურებითაც დიდი მკერდი მოდიდან გადავიდა.

მალე რეჟისორებმაც შეამჩნიეს ახალგაზრდა ქალის მშვენიერი სახე და... ოდრის უკვე ეპიზოდურ როლებში სათამაშოდ იწვევენ. თუმცა კრიტიკოსები მის ნათამაშევს არად დაგიდევდნენ, რეჟისორმა ფილმისა "სიცილი სამოთხეში" მარიო ძამპიმ მაინც აღნიშნა:

"მოვა დრო, და ის ვარსკვლავი გახდება!" ისტორიამ აჩვენა, რომ ის არ ცდებოდა.

ოდრის კინოკარიერა ძალიან სწრაფად განვითარდა და სულ მალე ის ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახდა.

ჟივანშიმ შექმნა მისი სტილი, იმიჯი, რომელშიც ერთიანდებოდა ახალგაზრდული სხივი, ელეგანტურობა და დახვეწილობა. მსახიობისა და დიზაინერის კავშირი მთელი ცხოვრება გაგრძელდა.

ოდრის პატივისაცემად ერთ-ერთ ქსოვილს ჟივენშიმ "საბრინა" (ფილმი, რომელმაც ოდრის პირველი წარმატება მოუტანა) უწოდა და მასვე მიუძღვნა თავისი ნომერ მეორე სუნამო -"L,interdit". და საერთოდაც ჟივანშის სუნამოების ძირითადი ხაზი მხოლოდ ოდრის ეძღვნებოდა.

რამდენადაც უცნაურიც უნდა იყოს, ოდრი მთელი ცხოვრება თვლიდა, რომ ულამაზო იყო, რცხვენოდა თავისი სიგამხდრის. ჟივანშის სამოსში კი "უშნო იხვის ჭუკი" ფრთებს შლიდა და თავს გედად მიიჩნევდა.

ჰოლი გოულაიტლის სტილი -შავი კაბა ჟივანშისგან, მარგალიტის მძივი, მაღალყელიანი ხელთათმანები და მაღალი ვარცხნილობა, -დღემდე რჩება სტილის ერთ-ერთ "ხატად"...

ხოლო ფილმის "საუზმე ტიფანისთან" გამოსვლის შემდეგ საიუველირო ფირმის ტიფფანყ ანდ ჩო-ს გაყიდვები ერთი ორად გაიზარდა.

უკანასკნელი ფილმი, რომელშიც ოდრიმ ითამაშა სტივენ სპილბერგის მისტიკური სასიყვარულო დრამა "ყოველთვის" იყო. ოდრიმ ანგელოზის როლი შეასრულა.

ამ ეპიზოდური როლისთვის სპილბერგს სჭირდებოდა მსახიობი, რომლის სახელიც მითური იქნებოდა, თავად კი არამიწიერ არსებას ემსგავსებოდა. რა თქმა უნდა, ოდრი იდეალური კანდიდატურა იყო ამ როლისთვის -სხვისთვის არც შეუთავაზებიათ. ფილმიდან შემოსული ჰონორარის დიდი ნაწილი მსახიობმა "იუნისეფს" გადაურიცხა.

ამ ორგანიზაციაში საქმიანობა ოდრის სულ უფრო და უფრო მეტ ძალას ართმევდა. ის უარს ამბობდა დასვენებაზე, თითქოს იცოდა, რომ დიდი დრო აღარ დარჩენოდა. 1922 წლის ბოლოს ოდრის სწორი ნაწლავის კიბო დაუდგინეს. ოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა -სენი უკვე ძალიან შორს წასულიყო.

1923 წლის 20 იანვარს ოდრი გარდაიცვალა.

სასახლე მათ მიჰქონდათ, ვინც ყველაზე მეტად უყვარდა: ძმას, რობერტ უოლდერს, ორივე ვაჟს, ანდრეა დოტის და რა თქმა უნდა, იუბერ დე ჟივანშის. ოდრის მიაცილებდა ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი სიყვარული მელ ფერერიც.

კუბო თეთრ ვარდებში იძირებოდა; ერთ-ერთი გვირგვინის ლენტზე კი იკითხებოდა: "ახლა უკვე ღმერთს კიდევ ერთი ანგელოზი ჰყავს."

ჟურნალი "და ქალი"