მსახიობი ნათია წიწილაშვილი ფართო საზოგადოებამ წლების წინ პოპულარული სერიალის, „ჩიფსების თაობის“ საშუალებით გაიცნო. სწორედ „ჩიფსების თაობის“ გადაღებებზე გაიცნო მან მომავალი მეუღლე, ასევე მსახიობი გიორგი კალანდაძე. წყვილმა იმავე წელს იქორწინა და მათ ერთი გოგონა შეეძინათ. 2014 წელს კი ცნობილი გახდა, რომ გიორგი და ნათია ერთმანეთს დაშორდნენ.
გასულ წელს მსახიობმა მეორედ იქორწინა რჩეულზე, მიშო ლეჟავაზე. როგორც ცნობილია, მიშო პროფესიით არქიტექტორია: „არის ერთი ბიჭი - მიშო ლეჟავა. არქიტექტორია. უკვე კარგა ხანია, რაც ერთად ვართ, ურთიერთობის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ, 2020 წლის მარტში კი შეუღლება გადავწყვიტეთ” - ამბობდა ნათია „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას. სულ ცოტა ხნის წინ წყვილს გოგო, სახელად ლივი შეეძინა.
ნათია წიწილაშვილმა ჟურნალ "სარკესთან" პირად ცხოვრებაზე, პირველ მეუღლესთან დაშორებასა და მეორედ ქორწინებაზე ისაუბრა: „მე და ჩემს მეუღლეს ნაცნობობის ძალიან უცნაური ისტორია გვაქვს. პირველად მიშო ჩემი პირველი ქორწინების თაფლობის თვეში გავიცანი. მე და ჩემს პირველ ქმარს, გიორგი კალანდაძეს, თაფლობის თვე თურქეთში გვქონდა. იქ მიშო თავის მეგობრებთან ერთად ისვენებდა და ასე გავიცანით. თან მაშინ მე და გიორგი პოპულარობის ზენიტში ვიყავით. მახსოვს, მიშო თვითონ მოვიდა და გაგვეცნო, ძალიან მაგარი წყვილი ხართო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჩვენი დები ჯგუფელები იყვნენ. წლების შემდეგ ბათუმში ერთსა და იმავე სასტუმროში შევხვდით, მე და ჩემი და ბავშვებთან ერთად ვისვენებდით. მერე ყველაფერი მოკითხვებით გაგრძელდა.
ჩემი და გიორგის ოჯახის დანგრევა ასაკის და გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგი იყო. მეორე ოჯახის შემთხვევაში უკვე პატარაც აღარ ვიყავი და ყველა ნაბიჯი გააზრებული მქონდა. ჩემი პირველი ოჯახური გამოცდილება ძალიან დამეხმარა, ის შეცდომები მეორედ აღარ დამეშვა. როცა მივხვდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვის გვერდითაც ბედნიერი ვიქნებოდი, ბევრი აღარ მიფიქრია. ახლა აბსოლუტურად სხვანაირად ვუდგები ოჯახში ნებისმიერ საკითხს და პრობლემას, ვიდრე 10 წლის წინ. ვცდილობთ, ერთმანეთს კარგად მოვუსმინოთ” - თქვა ნათია წიწილაშვილმა.