რომელი ასაკიდან იწყება კლიმაქსი ქალებსა და მამაკაცებში და როგორია ამ დროს სქესობრივი ცხოვრება - Marao

რომელი ასაკიდან იწყება კლიმაქსი ქალებსა და მამაკაცებში და როგორია ამ დროს სქესობრივი ცხოვრება

2022-01-13 10:53:36+04:00


რას ნიშნავს კლიმაქსი და რა ნიშნებით ვლინდება ქალებსა და მამაკაცებში, რა უნდა გააკეთოთ წინასწარ დისკომფორტის შესამცირებლად და ყველაზე ხშირად რა იწვევს ნაადრევ კლიმაქსს - თემაზე ჩაჩავას კლინიკის დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, კლინიკური მენეჯერი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ლიკა ნადარეიშვილი გვესაუბრება:

- კლიმაქსი ფიზიოლოგიური პროცესია, რაც ცალკეულ სტრუქტურებში, როგორებიცაა ცენტრალური ნერვული სისტემა, ვეგეტატიური ნერვული სისტემა, რეპროდუქციული სისტემა, მთელ რიგ ცვლილებებს იწვევს. შედეგად, ქალი შვილოსნობის ფუნქციას კარგავს და დგება მენოპაუზა. ეს არის პერიოდი, როდესაც ქალს ბოლო მენსტრუაცია 12 თვის წინ ჰქონდა. ამ დროს ორგანიზმში სხვადასხვა ცვლილება მიმდინარეობს. განსაკუთრებით, მკვეთრად მცირდება ესტროგენები, რომლებსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ქალის ცხოვრების ხარისხის ცვლილებასა და სხვადასხვა დაავადების გამოვლინებაში. იმ შემთხვევაში, თუ ხშირად აწუხებთ: ცხელება, შემცივნება, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, წნევის მომატება, გაღიზიანება, ძილიანობა, საერთო სისუსტე; შეიძლება ქალს ჰქონდეს შფოთვა, დაუქვეითდეს მახსოვრობისა და კონცენტრაციის უნარი, შეაწუხოს უძილობამ, შემცირებული ჰქონდეს ლიბიდო. რეპროდუქციული თვალსაზრისით, შესაძლოა საშოს სიმშრალე იყოს გამოხატული და ამის გამო სქესობრივი ცხოვრება გაჭირდეს. თან დაერთოს წვის შეგრძნება, შარდის შეუკავებლობა. ასევე, ზოგ შემთხვევაში, გამოხატულია კანის სიმშრალე, თმის ცვენა. გარდა ამისა, შესაძლოა თან დაერთოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოვლინება, ოსტეოპოროზი, ართრიტი და სხვა პრობლემები, ეს კი მიუთითებს კლიმაქტერიული სინდრომის ჩამოყალიბებაზე

- ძირითადად, რომელი ასაკიდან იწყება კლიმაქსი და როდის ითვლება ნაადრევად?

- ძირითადად, კლიმაქსი 50-55 წლის ასაკში იწყება. რაც შეეხება ნაადრევ კლიმაქსს, ეს შეიძლება გამოვლინდეს 33-32 წლის ასაკში ან 25 წლის ასაკშიც კი. ამ შემთხვევაში, აუცილებელია მიზეზების გარკვევა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. მიზეზი კი შეიძლება სხვადასხვა პათოლოგია იყოს, რომელიც მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით ვითარდება, ან არსებობს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგია, შაქრიანი დიაბეტი. ნაადრევი კლიმაქსი შეიძლება დაიწყოს, როდესაც პაციენტი რეგულარულად იღებს პრეპარატებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების დროს გამოიყენება. იტარებს ქიმიო ან სხივურ თერაპიას. ნეგატური გავლენა შეიძლება ჰქონდეს სტრესულ სიტუაციას, გენეტიკურ ფაქტორს. გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება ქირურგიული ჩარევა გახდეს, როდესაც ქალს საშვილოსნო, საკვერცხეები ამოუღეს. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და როგორც აღვნიშნე, ჯერ მიზეზის გარკვევა და შემდეგ საჭირო ზომების მიღებაა აუცილებელი.

- რა შეიძლება გააკეთდეს დისკომფორტის შესამცირებლად?

- ქალის ცხოვრების ხარისხი აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს. აქტიური ცხოვრებით იცხოვროს, ისეირნოს ფეხით, ივარჯიშოს, იცურაოს, ცხარე, მჟავე საკვები ამოიღოს რაციონიდან, იკვებოს ჯანსაღი პროდუქტებით. კლიმაქტერიული სინდრომი რომ არ ჩამოყალიბდეს, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ქალის ორგანიზმში თავად კლიმაქსი გარდაუვალი პროცესია. როგორც აღვნიშნე, ეს ფიზიოლოგიური ცვლილებებია. მაგრამ, თუ ამ პერიოდს ის ჩივილები ერთვის თან, რაც უკვე ჩამოვთვალე, მაშინ კლიმაქტერიული სინდრომი ვითარდება. კლიმაქსის დროს ქალი ჩვეულებრივი ცხოვრებით აგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ მთავარია, არ ჩამოყალიბდეს სიმპტომოკომპლექსი, რაც მისი ცხოვრების ხარისხს გააუარესებს. ამისთვის, როგორც აღვნიშნე, საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა, რეგულარულად სექსუალური ცხოვრებით ცხოვრება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი პრობლემის დროს ექიმს არ მიმართავს. ხშირად ეწყებათ ტაქიკარდია, გულის არეში ტკივილი. კარდიოლოგებთან, ნევროპათოლოგებან მიდიან კონსულტაციაზე, მაგრამ ხშირად არ ფიქრობენ, რომ რეპროდუქტოლოგებს, გინეკოლოგებს უნდა მიმართონ, რომლებიც ამ საკითხებში კარგად არიან გარკვეულნი, სწორ დიაგნოზს დასვამენ და შესაბამის რჩევებს მისცემენ.

განაგრძეთ კითხვა