პირადი გამოცდილებით გასწავლით, როგორ დავიკელი 10 კგ 6 თვეში ისე, რომ აღარასდროს მომიმატია - Marao

პირადი გამოცდილებით გასწავლით, როგორ დავიკელი 10 კგ 6 თვეში ისე, რომ აღარასდროს მომიმატია

2022-01-21 15:06:49+04:00


დიეტა და მასთან დაკავშირებული თავისებურებები დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. მას Amazon Prime მას დოკუმენტურ ფილმს უძღვნის, TED Talk დიეტის შესახებ ხდება ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი შოუ, იაპონელი მეცნიერი ნობელის პრემიას იღებს დიეტის დროს ორგანიზმის მიერ გამოწვეული ავტოფაგიის, ანუ უჯრედის თვითგანწმენდის მექანიზმების აღმოჩენისთვის... ამ საკითხთა უმეტესობა რამდენიმე წლის წინაც ვიცოდი, მაგრამ შემდეგ ამა თუ იმ მიზეზის გამო ეს ყურადღების მიღმა დამრჩა. ხშირად ვუსმენდი ლექციებს სწორი კვების შესახებ, თუმცა ჭამას ისევ ძველებურად ვაგრძელებდი, მიუხედავად ჩემი ქმრის საილუსტრაციო მაგალითისა, რომელიც ჩვენ შეხვედრამდე დიდი ხნით ადრე დიეტობდა.

გარდამტეხი წერტილი გასული წლის სექტემბერში დადგა, როდესაც ჩემმა წონამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გარდა ამისა, 27 წლის ასაკში უცებ შევამჩნიე, რომ რაღაცებმა, რაც მანამდე შეუმჩნეველი იყო, მაგალითად, უძილო ღამე, სწრაფი კვება და სხვ., შესამჩნევი გახდა. ამ დროს დიეტა გამახსენდა და გადავწყვიტე, რომ მისი დროც დადგა.

როგორც ვთქვი, ჩემი მეუღლე რამდენიმე წელია, წყვეტილ დიეტას იცავს და ამით გამიმართლა რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, თავიდანვე მყავდა პარტნიორი, რომელიც მზად იყო, თავისი გამოცდილება გაეზიარებინა, მეორეც - და ეს არის მთავარი - სახლში დაბრუნებულს არ მეშინოდა, რომ მომიწევდა მისი ჭამის ყურება, მაშინ, როცა ჩემს ტაიმერს უკვე დაწყებული ჰქონდა ათვლა მომდევნო ჭამამდე.

სხვათა შორის, არსებობს წყვეტილი დიეტის სხვადასხვა პერიოდულობა, 13/11 (13 საათი შიმშილი, 11 საათი - კვება), 16/8,18/6, 20/4... მე 16 საათს ვშიმშილობდი, 8 საათის განმავლობაში კი ვჭამდი.

თავიდან საკმაოდ მიჭირდა 17-18 საათზე ჭამის შეწყვეტა, რადგან საკმაოდ გვიან ვიძინებდი და მშივდებოდა. შიმშილის გრძნობამ დაახლოებით ორი კვირის შემდეგ გაიარა: ეს დრო ალბათ საკმარისი იყო კუჭის ზომის შესამცირებლად. გარდა ამისა, დავიწყე მცდელობა, რომ რაც შეიძლება მეტი ცილა და ცხიმი შემეტანა ჩემს ბოლო კვებაში და მინიმუმამდე დამეყვანა მარტივი ნახშირწყლები, რომლებიც საშინელ შიმშილს იწვევს. და ეს არის ყველაზე საოცარი რამ, რაც აღმოვაჩინე დიეტის დროს: თუნდაც მშიერმა დავიძინო, 16 საათის შემდეგ არ მინდა ჭამა.

ისე მოხდა, რომ წყვეტილი დიეტის პარალელურად ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა რეგულარული სპორტი. დავიწყე კვირაში სამჯერ ვარჯიში. ვფიქრობ, წონაში დავიკლებდი სპორტის გარეშეც, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი გაფრთხილებით: ამას მეტი დრო დასჭირდებოდა და კუნთები არ იქნებოდა კარგ ფორმაში. ამრიგად, რეგულარული ვარჯიშის აშკარა სარგებლის გარდა, მინდა გამოვყო კიდევ ორი რამ. პირველ რიგში, სპორტდარბაზში დახარჯული ძალისხმევა პირადად ჩემთვის საუკეთესო ამულეტია ზედმეტი და მავნე საჭმლის წინააღმდეგ. მეორეც, დიეტასთან ერთად დაწყვილებულმა სპორტმა მომაშორა ცელულიტი ბარძაყის უკანა მხარეს, რომლითაც, ვაღიარებ, მზად ვიყავი მთელი ცხოვრება გამეტარებინა.

მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ახალი ჩვევები 21 დღეში ყალიბდება, დიეტა ცხოვრების წესად რომ მექცია, დაახლოებით 1,5 თვე დამჭირდა.

თავიდან ვიყენებდი Zero აპლიკაციას, რომლის მთავარი ფუნქციაა, შემახსენოს ან ჭამა, ან ის, რომ შევწყვიტო ჭამა. ყველაფერი ძალიან მარტივია: თქვენ იწყებთ ათვლას და 16 საათის შემდეგ აპლიკაცია შეგატყობინებთ, რომ ახლა შეგიძლიათ ჭამა. რვა საათის შემდეგ თქვენ კვლავ ჩართავთ მას - და კვლავ შეწყვეტთ ჭამას 16 საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გონებაში მოინიშნოთ ეს ყველაფერი, მაგრამ თავიდან ეს წმინდა ფსიქოლოგიურად დამეხმარა. გარდა ამისა, Learn სექციაში შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიები, რომლებსაც აქვთ პასუხები პოპულარულ კითხვებზე, განსაკუთრებით, დამწყებთათვის.

კიდევ ერთი რამ, რაც წყვეტილ დიეტაში მიყვარს, არის ის, რომ ჩვეულებრივი დიეტისგან განსხვავებით, ის გაძლევთ საშუალებას, არ თქვათ უარი იმაზე, რაც გიყვართ.