„ჩემ გვერდით ვისურვებდი ადამიანს, რომელიც ჩემზე ძლიერია; მამაკაცს, რომელიც მეამაყება... ჩვენ უნდა ვიყოთ მეგობრები, პარტნიორები, კარგი საყვარლები…“ - ცისანა სეფიაშვილი - Marao

„ჩემ გვერდით ვისურვებდი ადამიანს, რომელიც ჩემზე ძლიერია; მამაკაცს, რომელიც მეამაყება... ჩვენ უნდა ვიყოთ მეგობრები, პარტნიორები, კარგი საყვარლები…“ - ცისანა სეფიაშვილი

2022-01-26 15:49:05+04:00


ცისანა სეფიაშვილს საქართველოში ბევრი იცნობს. მისი პირადი ცხოვრება თუ კარიერა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. საკუთარი გეგმებისა და შეხედულებების შესახებ ის "ფორტუნას" ესაუბრა:

- ორჯერ იყავით დაქორწინებული. ოჯახის შექმნას ბევრი კარგი მხარე აქვს, მაგრამ სირთულე რა არის და თუ გადადგამდით კიდევ ამ ნაბიჯს?

- ყველა წყვილს სხვადასხვა პრობლემა აქვს. მთავარი ალბათ ისაა, დროულად გავიაზროთ, სად ვართ კარგად და სად – არა. ილუზიებში არ უნდა ვიყოთ, რომ რაღაც გამოსწორდება და შეიცვლება. ამასობაში წლები გადის. მივუახლოვდეთ ფაქტებს, გვერდზე გადავდოთ ილუზიები – ფაქტი რა არის? ხარ კარგად თუ არ ხარ? ყველაფერს დროის გასვლასთან ერთად ხავსი ეკიდება და იქიდან გამოსვლა უფრო რთული ხდება. მცდარი აზრია, რომ შენარჩუნებულ ოჯახში ბავშვები უფრო კარგად არიან. მთავარია, ოჯახი შენარჩუნდეს, რადგან ბავშვებისთვის ეს უკეთესიაო – არა და არა! არ არსებობს ამის დამალვა. საზოგადოებისთვის შეიძლება შენიღბო, მაგრამ სახლში რომ ნეგატივი ტრიალებს, ენერგიიით იგრძნობა, სულ ხმაური და ჩხუბი რომ არ იყოს. ეს გადადის შვილებზე და მათი ცხოვრება მახინჯდება. არავის მივუთითებ, რომ ოჯახები დაანგრიონ. ამის პროპაგანდას არ ვეწევი. მე მხოლოდ ჩემს გამოცდილებაზე ვსაუბრობ.

- ჯანსაღი ურთიერთობები როგორია?

- ის პატივისცემაზე დგას – როცა ორი ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ ერთმანეთს გაუფრთხილდეს, ეს არის საუკეთესო რამ. როცა პატივისცემის ზღვარი იშლება, ცუდია. პატივისცემაში ბევრი რამ მოიაზრება.

- როგორ ადამიანს მოიაზრებთ თქვენ გვერდით, როგორს ისურვებდით?

- ჩემ გვერდით ვისურვებდი ადამიანს, რომელიც ჩემზე ძლიერია; მამაკაცს, რომელიც მეამაყება, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ და რომლის ზურგს უკანაც ვდგავარ, ვარ უბრალოდ სუსტი ქალი და მისი გადაწყვეტილება არ განიხილება. იმიტომ კი არა, რომ კაცმა რადგან თქვა, უნდა გაკეთდეს – არა! უბრალოდ, პატივს ვცემ, ვენდობი და მისით ვარ აღფრთოვანებული… წყვილი უნდა მეგობრობდეს, ყველაფერში ერთად ყოფნა უნდა შეეძლოს, ყველა წამოწყებაში, სიყვარულია, ურთიერთობა თუ მეგობრობა… იდეალური ურთიერთობა ჩემთვის ესაა – ჩვენ ორს უნდა გვქონდეს სურვილი, რომ ერთმანეთს ვცეთ პატივი. ჩვენ უნდა ვიყოთ მეგობრები, პარტნიორები, კარგი საყვარლები…

- დღეს ვინმეთი თუ ხართ აღფრთოვანებული?

- (იცინის) არა!..

- ბევრი იფიქრებს, რომ თქვენი გარეგნობისა და პოპულარობის ქალს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება და აუცილებლად იპოვის სიყვარულს…

- ბევრი თაყვანისმცემლის ყოლა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად კარგი არჩევანი გაქვს. მე ძალიან უნდა შემიყვარდეს, დიდ პატივს უნდა ვცემდე მამაკაცს. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელთან ერთადაც ბედნიერად დაბერება მომინდება.

- წლების შემდეგ როგორი იქნებით, გიფიქრიათ?

- ზუსტად ისეთივე, როგორიც ახლა ვარ. მცდარი აზრია ის, რომ ვიღაც ცხოვრებამ გააბოროტა და ხასიათი შეუცვალა. ცხოვრება ბევრ რამეს გვიცვლის, მაგრამ შინაგანად რადიკალურად არ გვცვლის. ვართ ასეთები და გარკვეული სიტუაციები საზოგადოებას და ადამიანებს ანახებს ჩვენს ნამდვილ სახეს. ამიტომ წლების შემდეგ ცისანა იქნება უფრო ბედნიერი, უფრო ლაღი, პოზიტიური და უფრო მეტი შემართება ექნება!..