სოციალურ ქსელში ვრცელდება ოსმალეთის ქართველი პრინცესას, შადიეს (შადიე ჩურუქ სულუს) ფოტო. ამ ულამაზესი ქართველი ქალის სილამაზე ერთდროულად სევდასა და სიამაყეს აღვიძებს. ვინ იყო პრინცესა შადიე და როგორ აღმოჩნდა ოსმალეთის სულთანთა დინასტიის კარზე, ამის შესახებ დადასტურებული ცნობები არ მოიპოვებოდა. რომ არა ქართველი ისტორიკოსი მანანა ხომერიკი და მისი მეგობრები, მათი საიმპერატორო უმაღლესობა თურქეთის პრინცესები ირინა და ნილუფერი, შადიეს საიდუმლოს ფარდა, ალბათ, არასოდეს აეხდებოდა. ქალბატონი მანანა იმერეთის ბაგრატიონთა ისტორიაზე მუშაობს. ის თვითონაც მათი შთამომავალია.
- ქალბატონო მანანა, სამეცნიერო მუშაობის პარალელურად, ბაგრატიონთა ყველა შტოს შთამომავალთან გაქვთ ურთიერთობა. როგორ დაიწყო ეს ამბები მაშინ, როცა საქართველოში ბაგრატიონთა ხსენებაც კი აკრძალული იყო?
- ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლდათ მარიამ ბაგრატიონი - მეფე ერეკლეს ქალიშვილის, ქეთევან ბაგრატიონის შვილთაშვილი. 8 წლის ვიყავი, როდესაც დედამ გამაცნო და მას შემდეგ ვმეგობრობდით, მიუხედავად იმისა, რომ მარიამ ბაგრატიონი რამდენიმე ათეული წლით უფროსი იყო ჩემზე. მერე ის ჩემი უფროსი შვილის ნათლიაც გახდა. ამ ადამიანმა ურთულესი ცხოვრება განვლო. რვა წელიწადი მაგადანში, გადასახლებაში გაატარა. იშვიათად მინახავს მასსავით ნათელი სულის ადამიანი. 1930 წელს მარიამს მამა დაუპატიმრეს და მთელი ოჯახი საფრთხეში აღმოჩნდა (მარიამის და-ძმა იყვნენ ირაკლი და ლეონიდა ბაგრატიონები), თუმცა, როგორღაც შეძლეს უცხოეთში გაღწევა, სხვათა შორის, რუსი მწერლის, მაქსიმ გორკის დახმარებით, მაგრამ მარიამმა უცხოეთში ვერ გაძლო და 1934 წელს მარტო დაბრუნდა საქართველოში. რაღა თქმა უნდა, დაბრუნება ტანჯვად ექცა. 1948 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს, მიზეზი უცხოეთში მისი ოჯახის ურთიერთობები იყო. მისმა ძმამ, ირაკლი ბაგრატიონმა ესპანეთის ინფანტაზე იქორწინა, მისი და ლეონიდა კი რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურს გაჰყვა ცოლად. როდესაც მარიამს უცხოეთში წასვლისა და თავისიანების ნახვის ნება დართეს, მეც თან წამიყვანა. 1989 წელს მის დასთან, ლეონიდასთან პარიზში ვიყავით, 1990 წელს - მადრიდსა და მალაგაში. ასე გავიცანი ემიგრანტი ბაგრატიონები და ალბანეთის დედოფალი ჟერალდინ ალბანელი, რომელიც საოცარი პიროვნება აღმოჩნდა.
- როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ თქვენზე უცხოეთში მცხოვრებმა ჩვენმა არისტოკრატიამ?
- ისინი იყვნენ დიდებულად უბრალოები! ასეთი იყო თავად მარიამ ბაგრატიონიც. მახსოვს დრო, როდესაც თბილისში ოთახის ყვავილს, ბალბას, რატომღაც მეშჩანობის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ, მან კი ყველას დასანახავად ბალბა ფანჯრის რაფაზე გადმოდგა. არასდროს აინტერესებდა, ვინ რას იტყოდა. ასეთი იყო ლეონიდაც.A არასოდეს დამავიწყდება მისი სითბო ადამიანების მიმართ. მახსოვს, როგორ ხვდებოდა დამლაგებელს, როგორი სიყვარულით მოიკითხავდა მისი ოჯახის წევრებსაც...
1992 წელს, როდესაც მარიამ ბაგრატიონი გარდაიცვალა, მისმა ოჯახმა უცხოეთიდან დამირეკა და დაკრძალვის ორგანიზება მთხოვა. მე მაშინვე წავედი საპატრიარქოში, ვესაუბრე კათალიკოს-პატრიარქს, რომელმაც მარიამ ბაგრატიონის სვეტიცხოველში დაკრძალვის ნება, ფაქტობრივად, საუბრისთანავე მომცა. ამის შემდეგ მარიამის ძმისშვილი გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში. 2005 წელს მასთან ერთად თურქი პრინცესა ირინა და მისი ქალიშვილი ნილუფერი ჩამობრძანდნენ. მათი ჩამოსვლის მიზეზი ქართული ფესვები იყო - საქართველოს ნახვა და გაცნობა უნდოდათ...
- თურქი პრინცესები ქართული ფესვებით... ამ ისტორიის მიღმა კი რთული წარსულია...
- ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის გაგრძელებაა და იმ ურთულესი, სისხლიანი გეოპოლიტიკური ვითარების, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. როდესაც მისმა საიმპერატორო უმაღლესობამ, პრინცესა ირინამ მითხრა, რომ მისი ბებია ეკატერინე გურამიშვილი იყო, მაშინვე ჩავეკითხე, თქვენ სტაროსელსკაია ხომ არ ბრძანდებით-მეთქი? სახე გაუბრწყინდა, მიხვდა, რომ მისი წინაპრების ისტორიას კარგად ვიცნობდი. ეკატერინე გურამიშვილი საგურამოელი თავადის, თადეოზ გურამიშვილის ასული გახლდათ, და ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა გურამიშვილისა და რუსი მაღალჩინოსანი გენერლის, დიმიტრი სტაროსელსკის ცოლი.
- მეცხრამეტე საუკუნის ქართველი არისტოკრატი ქალბატონები რუს მაღალჩინოსნებზე ხშირად ქორწინდებოდნენ.
- დიახ, ასე იყო. თავად დიმიტრი სტაროსელკის, ეკატერინეს მეუღლეს, საქართველოს წინაშე დიდი დამსახურება ჰქონდა. სტაროსელსკი ჯერ ბაქოს გუბერნატორი, შემდეგ კი ამიერკავკასიაში მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი გახლდათ, რის გამოც საიმპერატორო სახლზე დიდი გავლენა ჰქონდა. სწორედ სტაროსელსკის დახმარებით დააარსა ქართველობამ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თორემ ამის უფლებას მათ რუსეთი არ აძლევდა. გენერალ სტაროსელსკის ქართველი ცოლი და შვილები ჰყავდა, საქართველოში ცხოვრობდა და აქვე დაიკრძალა კიდეც. ეკატერინესა და დიმიტრი სტაროსელსკებს ცხრა შვილი ჰყავდათ, ოთხი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი. მისი შთამომავლები იყვნენ ამერიკელი გენერლები ოთარ და ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილებიც. პრინცესა ირინა სტაროსელსკაია საფრანგეთში დაიბადა და იქვე დაქორწინდა ასევე ემიგრანტ ოსმალეთის პრინცზე, სახელად ბურგან ედ-დინზე. სწორედ ამ ქორწინების შედეგად დაიბადა პრინცესა ირინას ქალიშვილი, მისი საიმპერატორო უმაღლესობა ნილუფერი. ოსმალეთის პრინცი ოსმალეთის უკანასკნელი სულთნის შვილიშვილი გახლდათ მამის მხრიდან, დედამისი კი სწორედ ის შადიე იყო, რომლის სილამაზემ სოციალური ქსელი აღაფრთოვანა. მისი სრული სახელია შადიე ჩურუქ სულუ...გაგრძელება