1910 წლის 31 დეკემბერს, საშინელ თოვასა და ყინვაში, იმ დროს, როცა წუთი-წუთზე ახალი წელი უნდა შემობრძანებულიყო, ხონთან ახლოს, სულ რაღაც სამ კილომეტრში, სოფელ კონტუათში, ალექსანდრე ყვინჩიას სახლში გაჩნდა მეექვსე შვილი, ვაჟი - ქართული თეატრისა და კინოს მომავალი კომიკოსი იპოლიტე ყვინჩია. გავა დრო და მისი გვარი ჟღერადობას შეიცვლის. ხონის, მერე კი ტყიბულის თეატრის შემდეგ იპოლიტე ქუთაისში მიდის. ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დოდო ანთაძე დახვდება. მას უკვე გაგონილი აქვს იპოლიტეს ნიჭის შესახებ და ინტერესით ელოდება ახალ მსახიობს.
- მე იპოლიტე ვარ, ყვინჩია! - წარუდგა რეჟისორს იპოლიტე.
- ააა, ყვინჩია, არა? ყურს ცუდად ხვდება "ყ" და რა მოხდება, "ხ"-თი რომ შევცვალოთ, - შესთავაზა ანთაძემ.
- არც არაფერი, - მიუგო მსახიობმა, - ორივე ერთი ოხერია.
ასე გახდა ყვინჩია ხვიჩია და სულ მალე ქუთაისის თეატრის სალაროსთან რიგები დადგა იმ სპექტაკლებზე დასასწრებად, რომელშიც ის თამაშობდა.
მას ყველა უბადლო კომიკოსს უწოდებდა, თავად იპოლიტე კი ამბობდა: მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო. არადა, ყველა აღიარებდა, რომ ის უდიდესი კომიკოსი და სიცილის დიდოსტატი იყო.
კანის კინოფესტივალზე, როცა "ბურთი და მოედანი" აჩვენეს, რეზო ჩხეიძის გვერდით მჯდარა დიდი ჟან გაბენი. რამდენიმე წუთის შემდეგ აღფრთოვანებულმა გაბენმა ჩხეიძეს გადაულაპარაკა, ეს რა გენიოსი გყოლიათო.
ის მართლაც გენიოსი იყო,
რომელსაც შეეძლო მაყურებლის ჰომერული ხარხარი გამოეწვია.
მისი განუყოფელი ნაწილი,
იპოლიტეს მეორე ნახევარი, მსახიობი ლუბა ქარქაშაძე (მერჯანიძე) გახლდათ. მათ ერთმანეთი ქუთაისის თეატრში გაიცნეს. ლუბას მაშინ ქმარიც ჰყავდა და ქალიშვილიც, მაგრამ მათ შორის ისეთი გრძნობა გაჩნდა, რომელიც ადამიანს მოვალეობის ჩარჩოსგან ათავისუფლებს... ლუბა და იპოლიტე შეუღლდნენ...გაგრძელება