ხელისუფლებაში "ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ თეა წულუკიანის პერსონა აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. ის იყო იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, ქართული პოლიტიკის ისტორიაში, ყველაზე ხანგრძლივად. წულუკიანი ამ პოსტს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრამდე იკავებდა. ის ამჯერად კულტურის მინისტრის თანამდებობაზეა.
თეა წულუკიანს "ქართული ოცნების“ პოლიტიკოსი ქალებიდან ყველაზე ხშირად აკრიტიკებს ოპოზიცია. ის არ ერიდება ხმაურიან კამათს ოპონენტებთან და გაბრაზებულმა შეიძლება ჟურნალისტს მიკროფონიც წაართვას და როცა თავად მოისურვებს, მაშინ დაუბრუნოს.
როგორც ცნობილია, მისი მეუღლეა ნუგზარ (ნუგო) კაკულია, რომელიც თეა წულუკიანზე 9 წლით უმცროსია. წყვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, მერი, რომელიც 2017 წელს დაიბადა.
თეა წულუკიანმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2022 წლის 31 იანვარს შეავსო.
მინისტრის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ნუგზარ კაკულიას 2021 წლის მარტში ჩუქებით გადაეცა 36.07 კვ.მ ბინა თბილისში, დოლიძის ქუჩაძე. ის ასევე ფლობს 50009 კვ.მ მიწის ნაკვეთს ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკაში, რომელშიც 2016 წელს 7 ათასი ლარი გადაიხადა.
პატარა მერისთვის კი 2020 წელს სამტრედიის რაიონის სოფელ ტოლებში 1182 კვ.მ მიწის ნაკვეთი უჩუქებიათ.
2005 წელს თეა წულუკიანს სოფელ დიღომში ასევე საჩუქრად მიუღია 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მის სახელზეა ასევე 2017 წელს ნაჩუქარი 6 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში.
2020 წელს ნუგზარ კაკულიამ მსუბუქი ავტომანქანა BMW Sedan 535 l შეიძინა და მასში 10 000 დოლარი გადაიხადა.
დეკლარაციის შევსების დროს თეა წულუკიანს "საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ჰქონდა 3305,62 ლარი, საბავშვო ანაბარზე კი - 12 348,41 ლარი.
ნუგზარ კაკულიას "საქართველოს ბანკის“ საბარათე ანგარიშზე ჰქონდა 2497,68 ლარი.
ნუგზარ კაკულიას სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა-პროგრამების განვითარების დარგში კონსულტანტის პოზიციაზე ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 35 167 ლარი მიუღია.
თეა წულუკიანმა კი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მინისტრის პოსტზე 2021 წლის 22 მარტიდან 31 დეკემბრამდე ხელფასის სახით 46 904,76 ლარი აიღო.
პოლიტიკოსმა საქართველოს პარლამენტის აპარატში პარლამენტის წევრობისა და კომიტეტის თავჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს 2021 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში 11 607,62 ლარი მიიღო.
თეა წულუკიანს აქვს სამომხმარებლო სესხი 62 400 დოლარი, რომელიც 2017-27 წლების პერიოდს მოიცავს. მინისტრს გადახდილი აქვს 8261,89 დოლარი.
თეა წულუკიანმა ასევე რამდენიმე სესხი გააერთიანა და 2020 წელს "საქართველოს ბანკში“ 56 140 ლარი მიიღო, რომლის გადახდის ბოლო ვადაც 2030 წელია. ამ დროისთვის მინისტრს გადახდილი აქვს 3886,71 ლარი.
თეა წულუკიანმა სტრასბურგში ბინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი, 220 480 ევრო, ანაბრის სახით შეიტანა ბანკში, საიდანაც ჯერჯერობით შემოსავალი არ დაფიქსირებულა..გაგრძელება