როდის ჩნდებიან ჭინკები და რას მიანიშნებს მათი გამოჩენა - ლეგენდები მითიურ არსებებზე - Marao

როდის ჩნდებიან ჭინკები და რას მიანიშნებს მათი გამოჩენა - ლეგენდები მითიურ არსებებზე

2022-02-10 13:18:57+04:00


ჭინკა, იგივე ,,ჰაერის მცველი’’, მავნე ჯუჯაა, რომელიც განსაკუთრებით სექტემბერ-ოქტომბრის თვეში, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ჩნდება. უფროსი თაობისაგან ხშირად გაიგონებთ, რომ განსაკუთრებით რაჭასა და სვანეთში, ჭინკები ძალიან ხშირად მოდიან და ცხენებს ფაფარს ისე უწნავენ, მისი გამოხსნა შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამბობს, ჭინკები წლების წინ უკვალოდ გაქრნენო, შემოდგომის პერიოდში ამინდების არევასა და გამუდმებულ წვიმებს სწორედ ჭინკების გამოჩენას უკავშირებენ.

"ჯვარი აქაურობას და იმ თვეში ატყდებიან პატარა ჭინკები, დადიან ხმელეთად, ადამიანად." - ასე მოიხსენიებდა აკაკი წერეთელი მითიურ არსებებს საკუთარ მოგონებებში.

გადმოცემის მიხედვით, ჭინკა არარეალური არსებაა. ისინი დედამიწაზე სულების სახით ჩნდებიან და ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის დამყარება არ შეუძლიათ, თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ თუ ღამით თქვენი სახელით დაგიძახებენ, პასუხი არ დაუბრუნოთ.

ლეგენდის თანახმად, ერთ ქალს ბევრი შვილი ჰყოლია. როდესაც ანგელოზს მის კარზე ჩამოუვლია, ქალს მხოლოდ სამი მათგანი უჩვენებია, დანარჩენები კი საგულდაგულოდ დაუმალავს. ანგელოზს უთქვამს: ეს სამი გაგიზარდოს ღმერთმა, დანარჩენები კი სამუდამოდ დამალულები ყოფილიყვნენო. ანგელოზის წასვლის შემდეგ თითოეული მათგანი ჭინკად გადაქცეულა.

ჭინკა შესაძლოა იყოს როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესისაც. ორივე მათგანის სხეული ბალნით არის დაფარული და სასიყვარულო ურთიერთობების დამყარებაც შეუძლიათ. ლეგენდის მიხედვით, ერთ კაცს ჭინკა იმდენად შეჰყვარებია, ყოველ ღამე ცოლს სახლში ტოვებდა და ბოსელში ჭინკას ელოდებოდა. ერთხელაც ცოლმა მძინარე საყვარლებს შეუსწრო და ჭინკას თეთრი, გრძელი ნაწნავები მოაჭრა, თუმცა ქმრის დაჟინებული მოთხოვნით, უკანვე დაუბრუნებია.

ხალხის რწმენით, ჭინკები სამ დღეს ბარში ატარებენ, სამს - ცაში, ხოლო სამს - წყალში. ჭინკობის თვედ იმ პერიოდს მიიჩნევენ, როდესაც ყველანი ერთად ხმელეთზე იკრიბებიან და მოსახლეობას ამინდის გაფუჭების შესახებ აცნობებენ.

არსებობს ლეგენდაც იმის შესახებ, რომ თუ ჭინკას გამოეპასუხები, სამუდამოდ დამუნჯდები. მეორე ვერსიით კი, იგი ტყეში წაგიყვანს, გაგაშიშვლებს და დილამდე იქ დაგტოვებს, მაგრამ დილით გაღვიძებულს მომხდარიდან აღარაფერი გემახსოვრება.

ძველად ჭინკობის თვეში ხალხი ერთ ჭიქა ღვინოს ქვევრზე ტოვებდა. ამბობდნენ, ჭინკა მოვა და დალევს, სხვას არაფერს გააფუჭებსო.

სექტემბრის თვეში განსაკუთრებით ერიდებოდნენ საქმის კეთებას, ამბობდნენ, ნებისმიერ საქმეში ჭინკას მიუძღვის თავისი როლი, ამიტომ ბარაქა არ იქნებაო. ამ დროს ბოსელსა და ნალიას რკინის საკეტით კეტავდნენ, რადგან ჭინკებს რკინასთან შეხება არ შეუძლიათ.

ჭინკობის პერიოდის დასასრულად 7 დეკემბერი ითვლება. ამ დღეს მიქელ გაბრიელი ბოჭავს მათ და უკან, ზოგს წყალში, ზოგსაც ცაში აბრუნებს.

ელენე ასათიანი