შემთხვევა 2015 წლის 14 ივნისს, აშშ-ის შტატ მისურიში მოხდა. ჯიფსი როუზმა საკუთარ შეყვარებულთან, ნიკოლას გოჯიონთან ერთად დედა მოკლა და ამის შესახებ 5 დღის შემდეგ, საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" დაპოსტა.
,,მკვლელობა, რომელმაც ამერიკა შეძრა’’ - ასეთი შეფასება მიიღო საქმემ ამერიკელებისაგან, რადგან იქამდე, სანამ დი-დი როუზ-ბლანჩარდის ცხედარს პოლიცია მისივე სახლში აღმოაჩენდა, რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოება კომენტარებს პოსტზე ლაივ-რეჟიმში წერდა.
მკვლელობის მოტივი დი-დი როუზის ფსიქოლოგიური პრობლემები გახდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იგი საკუთარ ქალიშვილს უამრავ დაავადებას მიაწერდა და მანიპულაციის საშუალებით საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან საკმაოდ სოლიდურ თანხასაც იღებდა.
ლეიკემია, ასთმა, მხედველობის და სმენის დაქვეითება, კუნთოვანი დისტროფია და კრუნჩხვები, - ეს იმ გამოგონილი დაავადებების ჩამონათვალია, რომლებსაც დი-დი როუზი შვილს მიაწერდა და წლების განმავლობაში ავადმყოფის როლის თამაშს აიძულებდა. ჯიფსის არ შეეძლო პარიკის, ინვალიდის სავარძლის, სათვალისა და საკვები მილის გარეშე გადაადგილება, არ შეეძლო შაქრისა და გაზიანის მიღება, არ ჰქონდა უფლება, ჰქონოდა წვდომა სოციალურ ქსელებზე, უკრძალავდნენ მეზობლებთან ურთიერთობას და ა.შ.
ჯიფსის ჩვენების თანახმად, მან დედისგან მალულად ნიკოლას გოჯიონი გაიცნო, რომელთანაც ფარულ მიმოწერას ახორციელებდა, რათა დედის მკვლელობა დაეგეგმა.
სასამართლომ ნიკოლასს უვადო პატიმრობა პირველი ხარისხის მკვლელობის მუხლით შეუფარდა. რაც შეეხება ჯიფსი როუზს, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდებით, 10 წლის ვადით განისაზღვრა და ციხეს, სავარაუდოდ, 2025 წელს დატოვებს.
ჯიფსი როუზის განცხადებით, ის ჩადენილ მკვლელობაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და საერთოდ არ ნანობს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეძლო "ფსიქოპათი’’ დედისგან თავის დაღწევა.
სწორედ ჯიფსი როუზის ისტორიაზე დაყრდნობით გადაიღეს კრიმინალური ჟანრის სერიალი The Act 2019 წელს.
ელენე ასათიანი