„ახლა ჩემი შვილი 21 წლის არის და ჩემთვის ეს მისია შესრულებულია…“ - ირმა შარიქაძე პირად ცხოვრებაზე, ოჯახსა და კარიერაზე - Marao

„ახლა ჩემი შვილი 21 წლის არის და ჩემთვის ეს მისია შესრულებულია…“ - ირმა შარიქაძე პირად ცხოვრებაზე, ოჯახსა და კარიერაზე

2022-02-17 17:43:50+04:00


ფოტოგრაფ ირმა შარიქაძის ნამუშევრებში - ფოტო იქნება ეს თუ სამოსი, ადვილად იპოვით ბედნიერების განცდას, რამდენიმე დღის წინ კი პარიზში მისმა ფილმმაც - "აჭარული მზითვის ფერი" - დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მთავარი პრიზი მოიპოვა.

- თქვენი ნამუშევრების ნახვისას ჩნდება შეგრძნება, რომ ადამიანი სიკეთისთვის არის დაბადებული და არა იმ უამრავ პრობლემაში ჩაძირვისთვის, რომლებიც ჩვენ გარშემოა...

- პრობლემა მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ გახდე უფრო ძლიერი და უკეთესი და არა იმიტომ, რომ მან ჩაგძიროს. აი, ამ სათქმელს სწორედ ხელოვნება ამბობს საუკეთესოდ, რა თქმა უნდა, თუკი გსურს, ძლიერი და უკეთესი გახდე, ვიდრე ხარ. ამისთვის შენი საკუთარი გზა უნდა აირჩიო და არა ის, რომელსაც სხვები გკარნახობენ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საკუთარი გზა უნდა მქონოდა. ამ გზას რთულ, ჩვენი ქვეყნისთვის გარდამავალ პერიოდში დავადექი, როდესაც არა მხოლოდ განათლების მიღება ჭირდა, არამედ პური, სინათლე და სითბოც. აი, ამ დროს, შემთხვევით შევხვდი ფოტოგრაფს, რომელმაც ფოტოები გადამიღო, მასთან მისულმა კი ფოტოგრაფიის მისტიკა აღმოვაჩინე და 16 წლისამ ფოტოგრაფობაც დავიწყე.

- მერე კი საზღვარგარეთ გამოფენებზე თქვენი ყველა ფოტო გაიყიდა და გახდით წარმატებული ხელოვანი, რომელსაც სჯერა, რომ ადამიანი სულაც არ არის ქვიშის ნამცეცი, რომელსაც ქარი წაიღებს და დაკარგავს, არამედ სამყაროს ნაწილია, რომელიც დაჯილდოებულია რაღაცის შექმნის უნარით და ენერგიით, რის გამოც ყველაფერს მიაღწევს, რასაც მოინდომებს...

- ვფიქრობ, რომ ადამიანის მხოლოდ გადარჩენა სულაც არ არის საკმარისი მისი არსებობისთვის. ადამიანი შემოქმედი უნდა იყოს, მან რაღაც კარგი უნდა შექმნას, რომ მის არსებობას აზრი ჰქონდეს, ამგვარი ენერგია კი ყველა ჩვენგანს გააჩნია. ადამიანი დაბადებულია იმისთვის, რომ რაღაც კარგი აკეთოს იმ ენერგიით, რომელიც კოსმოსიდან გადმოგვეცემა. ჩვენ ხომ კოსმოსის, სამყაროს ორგანული ნაწილი ვართ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანები იმავე ელემენტებისაგან შევდგებით, რომელთაგანაც მთელი სამყარო. აი, ასე თუ ვიფიქრებთ, მაშინ თავს არ ვიგრძნობთ მტვრის ნაწილაკად, რომელიც ქარს მიაქვს და აქრობს. პირიქით, ჩვენ ვიგრძნობთ სიმტკიცეს და ვიფიქრებთ, რომ ბევრი რამ გამოგვივა, რითაც ამ სამყაროში ჰარმონიულად ვიცხოვრებთ. ამას თუ მივაღწევთ, მტერიც კი აღარ იქნება ისეთი, როგორადაც ჩვენ აღვიქვამდით. ამისთვის სულაც არ არის საჭირო მაინცდამაინც ხატავდე ან ფოტოებს იღებდე. მთავარია, ისეთი რამ შექმნა, რომ გარემოსთან ჰარმონიას მიაღწიო. თუ თავს მიიჩნევ სამყაროს იმ ნაწილად, რომელიც ქმნის, აკეთებს, ჰარმონიისაკენ მიისწრაფვის, მაშინ სტრესი, ბანკის ვალი, პრობლემები და ცუდ ხასიათზე ყოფნა ხელს ვერ შეგიშლის. ამ დროს იმასაც ჯანსაღად აღიქვამ, რომ განსაცდელი და სირთულეც ბუნებრივი ამბავია. სულ ლხინი ვერ გექნება, რადგან მარადიული ლხინი სულაც არ არის ლხინი.

- სამწუხაროდ, ამის გაცნობიერება ყველას არ შეუძლია, თუმცა ერთ ადამიანსაც კი ზოგჯერ სამყაროს შეცვლა შეუძლია...

- ამაზე რომ ვფიქრობ, ვიხსენებ ექვთიმე თაყაიშვილს, რომელმაც მომავალიც კი შეგვიცვალა. ის რომ არ ყოფილიყო, მთელ ერს ხომ უდიდესი საყრდენი გამოგვეცლებოდა! არადა, ექვთიმე არ იყო არც დიდი ძალაუფლების, არც დიდი ფულის პატრონი, რომ ის გაეკეთებინა, რაც გააკეთა. მისი ნამოქმედარი ხომ მხოლოდ ერთი ადამიანის სიმტკიცე იყო! მე მართლაც დიდი ბედნიერება განვიცადე, როდესაც გადავიღე დოკუმენტური ფილმი მაღალმთიანი აჭარის ქალებზე, რომლებიც თავიანთ გარშემო სამყაროს ცვლიან. ისინი თაობიდან თაობამდე ქარგვით გამოსახავენ იმას, რაც უყვართ და აფიქრებთ. ძალიან პატარა ჯგუფით გადავწყვიტე ამ ფილმის გადასაღებად წასვლა, ინტუიციის, კარგი ამინდისა და სწორად ნათქვამი სიტყვის იმედად, რომელმაც მართლაც ჯადოსნური გასაღებივით შეაღო ამ საოცარი ქალების გულის კარი. ისინი მოდიოდნენ და მოჰქონდათ თავიანთი მოქარგული მზითევი, ჰყვებოდნენ თავიანთ ამბებს - როგორ ქორწილებს იხდიდნენ, როგორ ზრდიდნენ შვილებს, როგორ უყვარდათ...

ამ ფილმში აჭარელი ქალბატონი სამშობლოზე ისე მღერის, სულს შეგიძრავს. ასეთია ქალი - სამყაროს ყველაზე სრულყოფილი ქმნილება და სიცოცხლის მიმნიჭებელი, მით უფრო - ქართველი ქალი, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა სილამაზით და გონიერებით.

- ამ დროს რამდენი ცუდი რამ ითქმება ჩვენზე, ჩვენს ქალებზე, ჩვენს ქვეყანაზე...

- იმიტომ, რომ ჰარმონიულობა დავკარგეთ. გამაერთიანებელი ენერგიის ნაცვლად შეგვიპყრო დესტრუქციულმა, დამანგრეველმა ენერგიამ. თვითკრიტიკა, ზოგადად, ჯანსაღი ენერგიაა, ადამიანი სხვანაირად ვერ ჩამოყალიბდება, მაგრამ რაც დღეს ჩვენ გვჭირს - როცა ქვეყანას, ხალხს და საკუთარ თავს გამუდმებით უარყოფითად და უმომავლოდ მოვიხსენიებთ - ეს არ არის თვითკრიტიკა, ეს დესტრუქციული ენერგიაა, რომელიც დამანგრეველია.

ადამიანი დაკარგულად მიიჩნევს თავს, როდესაც რასაც მიადგება, ვერაფრის გასაღებს ვერ პოულობს და არ იცის, რა გააკეთოს...გაგრძელება