როგორ უნდა მივხვდეთ, სჭირდებათ თუ არა წყალი ოთახის მცენარეებს და რა გავლენა აქვთ მათ ჩვენზე - სასარგებლო რჩევები სპეციალისტისგან - Marao

როგორ უნდა მივხვდეთ, სჭირდებათ თუ არა წყალი ოთახის მცენარეებს და რა გავლენა აქვთ მათ ჩვენზე - სასარგებლო რჩევები სპეციალისტისგან

2022-02-24 13:24:00+04:00


„დილის პალიტრის“ ეთერში ფლორისტმა ანი არველაძემ ოთახის მცენარეების შესახებ ისაუბრა: „მე მომხრე ვარ, რომ პატარა ზომის მცენარეების მოვლა დავიწყოთ, რადგან, როცა ჩვენთან ერთად იზრდებიან, სხვანაირი ემოციური კავშირი გვაქვს. სასაჩუქრედაც მცირე ზომის მცენარეებს ვურჩევ ხოლმე. მონსტერა ახლა ყველაზე პოპულარული და ტრენდულია, ტროპიკული მცენარეა და იზრდება 2 მეტრამდე. უყვარს ტენი. უფრო მოთხოვნადია ფერადი მონსტერა.

ზამთარში ყველაზე მეტ ადამიანს უფუჭდება მცენარე, რაც გამოწვეული სინათლის ნაკლებობით და იმით, რომ სახლში ჩართული გვაქვს გათბობა. გათბობასთან ახლოს არ უნდა იყოს მცენარე. კიდევ ერთ შეცდომას ვუშვებთ ხოლმე ზამთარში, აქტიურად როცა ვრწყავთ. ზოგადად, ყველა პერიოდში, გირჩევთ, დააკვირდეთ მცენარის ნიადაგს და როცა გამომშრალია, მაშინ მორწყეთ. ყველა გარემოში, სადაც უნდა ვიყოთ, გვჭირდება მცენარეების გარემო. ყველა გარემოზე მორგებული მცენარის შერჩევაა შესაძლებელი. დღის განწყობაზე ძალიან დადებითად მოქმედებენ, გვისუფთავებენ ჟანგბადს, ვიზუალურადაც ძალიან სასიამოვნოა.

ყველა ახალ მცენარეს განსაკუთრებული ემოცია მოაქვს ადამიანისთვის. ვინც ახლა იწყებს მეგობრობას მცენარეებთან, ყველას ვურჩევდი, რომ დაიწყონ მარტივად მოსავლელი მცენარეებით. რას ნიშნავს მარტივად მოსავლელი მცენარე? ერთ-ერთია, მაგალითად, სანსივიერა. სიმარტივე მდგომარეობს იმაში, რომ უფრო ნაკლებად ითხოვს წყალს. სქელი ფოთოლი ან სქელი ღერო თუ აქვს, ეს ნიშნავს, რომ მათ არ სჭირდებათ ბევრი წყალი. მცენარეებს, რომლებსაც ფერადი ფოთლები აქვთ, მათ მეტი განათება სჭირდებათ. ეს დეტალები ყველამ უნდა გაითვალისწინოს” - აღნიშნა ანი არველაძემ.