1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი დაიკავა. შემოჭრას, რომლის შედეგადაც უამრავი გმირი დაიღუპა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია მოჰყვა. დაიწყო რეპრესიები, ცენზურა, შეიზღუდა სიტყვის თავისუფლება, საქართველო სამოცდაათწლიან ბურუსში გაეხვა, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მოქალაქეებმა ვერ შეძლეს ტერიტორიების დაცვა.
ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი მაღალი იყო როგორც სამხედრო დანაყოფებში, ასევე საზოგადოების ნაწილშიც. მოქალაქეები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის. გაზეთები რამდენიმე დღის განმავლობაში წერდნენ, რომ საქართველო იყო დამოუკიდებელი და რუსეთი საწადელს ვერ მიიღებდა. ქართველებმა თბილისის მოსადგომებთან ორჯერ უკუაქციეს რუსეთის არმია.
„რაც უნახავთ, ვერ ნახავენ“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „ერთობამ“ ცნობა მტრის „ჰაეროპლანის“ მიერ თბილისში ყუმბარების ჩამოყრის შესახებ.
1921 წლის 11 თებერვალს რუსეთმა დაიწყო აგრესიული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა მოსკოვიდან მსოფლიოს აცნობა, რომ ქართველები აჯანყდნენ ლორეს ხეობაში, რომელიც სომხების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს ეკავა. გავრცელებული ინფორმაცია რუსეთმა საქართველოს ანექსიის მოტივად გამოაცხადა და თბილისის ასაღებად მოემზადა.
„24 თებერვლისთვის, თბილისის დატოვებისას, ქალაქში მხოლოდ სამი მატარებელი იყო დარჩენილი: დამფუძნებელი კრების, მთავრობის და მთავარსარდლის. სხვა ყველა უწყება ევაკუირებული იყო ქუთაისში“, - იხსენებს გენერალი გიორგი კვინიტაძე და დასძენს, რომ მთავრობა, ნოე ჟორდანიას ჩათვლით, თანახმა იყო თბილისის დატოვებაზე მაშინ, როდესაც ქართველი გმირები ანექსიის წინააღმდეგ თავსაც სწირავდნენ.
ომი რომ დაიწყო, საქართველოს ცუდად შეიარაღებული არმია და რამდენიმე თვითმფრინავი ჰყავდა, რომლებიც საწვავის უქონლობის გამო საჭიროებისამებრ ვერ მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ იარაღისა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის შეძენის ხარჯის გაწევა ვერ შეძლო, მათ მაინც მაქსიმალურად მოახერხეს არმიის უზრუნველყოფა.
თბილისს ათი ათასი ჯარისკაცი იცავდა, რუსები 20-22-ათასიანი არმიით მოდიოდნენ.
23 თებერვალს სტუდენტები შეიკრიბნენ უნივერსიტეტის ეზოში, სადაც ივანე ჯავახიშვილის მოწოდებას უსმენდნენ.
"შვილებო! ჩემი მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!" - სტუდენტები ფრონტზე წავიდნენ.
რიცხობრივი სიმცირისა და იარაღის ნაკლებობის მიუხედავად, ქართველები რამდენიმე დღის განმავლობაში ახერხებდნენ მტრის იერიშების მოგერიებას.
25 თებერვალს მე-11 არმია თბილისში შემოიჭრა. მოქალაქეები თბილისს არ ტოვებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი იყო რუსების მხრიდან თბილისის დარბევისა, ქართველები დედაქალის დატოვებას არ აპირებდნენ.
ქართველთა წინააღმდეგობამ რუსებს ხასიათი ვერ გაუფუჭა, “მოსკოვი, კრემლი. ლენინს, სტალინს. თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!” - ტელეგრამა გაგზავნა სერგო ორჯონიკიძემ.
მე-11 არმია თბილისში შეიჭრა და მისი ანექსირება მოახდინა, თუმცა ქართველების დამორჩილება, ყველაფრის მიუხედავად, ვერ შეძლო.
,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.’’
ელენე ასათიანი